გადაწყვეტილება №28220/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.11.2026
№ დოკუმენტი 28220/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№28220/2/2026

04 ნოემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 2.10.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28220/2/2026).

 

დავის საგანი:

სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.08.2026 წლის №CB1958152 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 24.09.2026 წლის №20980 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 5 000 ლარი და ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.

 

ფაქტების აღწერა

სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 1.26 მ3 მოცულობის ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ძელაკი) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.08.2026 წლის №CB1958152 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.09.2026 წლის №20980 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის 12 და მე-5 ნაწილებით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, „სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 252 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტებით და განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ჰქონდა გამოწერილი სასაქონლო ზედნადები ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის (RS.GE) მეშვეობით. ადგილი არ ჰქონია საქონლის საერთოდ ზედნადების გარეშე რეალიზაციას ან ტრანსპორტირებას. საქონელი წარმოადგენდა კომპანიის მიერ რეალიზებულ ხის მასალას. მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, საწარმოში არსებული ფიცარი დამატებით დამუშავდა/დაიხერხა მომხმარებლისათვის სასურველი ზომისა და ფორმის მისაღებად და ამის შემდეგ მოხდა მისი გატანა.

ზედნადებში საქონლის დასახელებად მითითებული იყო „ფიცარი“, ხოლო შემოწმებისას უფლებამოსილმა ორგანომ აღნიშნული მასალა მიაკუთვნა „წიწვოვანი ჯიშის დახერხილ ხის მასალა — ძელაკის“ კატეგორიას. ადგილი არ ჰქონია ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, როდესაც საქონელი საერთოდ არ იყო დოკუმენტირებული. საქონლის დასახელებაში არსებული განსხვავება „ფიცარი“ და „ძელაკი“ არ შეიძლება ავტომატურად გაუთანაბრდეს ზედნადების არარსებობას და შესაბამისად, არ შეიძლება მხოლოდ ამ გარემოებაზე დაყრდნობით შეფარდებულ იქნას 5 000 ლარიანი სანქცია. მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, მოხდა ადგილზე/საწარმოში დამატებითი დახერხვა და დამუშავება. შესაბამისად, საქონლის საბოლოო ფიზიკური ფორმა შეიძლება განსხვავდებოდეს თავდაპირველად რეალიზებული ფიცრის ფორმისგან. ითხოვს დადგინდეს იყო თუ არა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ საქონელს მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად დამატებითი დახერხვა/დამუშავება ჰქონდა გავლილი. შედარდა თუ არა შემოწმებული საქონელი RS.ge-ის საშუალებით გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში მითითებულ საქონელს. სრულად იქნეს გამოკვლეული შესაბამისი ზედნადები და მისი მონაცემები, ვინაიდან ზედნადების არსებობის ფაქტი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ შეფასებას, რომ საქონელი საერთოდ იყო „უსაბუთო“ მომჩივანი არ უარყოფს, რომ ზედნადებში საქონლის დასახელება და შემოწმებისას ორგანოს მიერ დადგენილი საქონლის დასახელება ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.

თუმცა, აღნიშნული გარემოება თავისთავად არ ადასტურებს საქონლის დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირების ფაქტს. საქონლის მოძრაობა დოკუმენტირებული იყო, არსებობდა სასაქონლო ზედნადები, მითითებული იყო საქონლის რაოდენობა/მოცულობა და ღირებულება, ხოლო განსხვავება შეეხო საქონლის დასახელებას/კლასიფიკაციას. ითხოვს, საჩივრის დაკმაყოფილებას და სადავო აქტების გაუქმებას. ადმინისტრაციული/საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მოცემულ შემთხვევაში საქონლის მოძრაობა არ განხორციელებულა საერთოდ სასაქონლო ზედნადების გარეშე. ალტერნატიულად, თუ განმხილველი ორგანო მიიჩნევს, რომ საქონლის დასახელებაში/კლასიფიკაციაში ადგილი ჰქონდა დარღვევას, ითხოვს, აღნიშნული გარემოება შეფასდეს სამართალდარღვევის ფაქტობრივი შემადგენლობისა და შესაბამისი სანქციის სწორად განსაზღვრის კუთხით და არ იქნას მიჩნეული იგი საქონლის სრულიად უსაბუთოდ ტრანსპორტირებად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის 3 შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-5 ნაწილის “გ“, „ე“ და “ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სანქცია გამოიყენება, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული ან არასწორად არის მითითებული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რომელმაც არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე):

გ) საქონლის დასახელება ან/და რაოდენობა;

ე) მრგვალი ხეტყის (მორის) ან ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი;

ვ) თითოეული მრგვალი ხეტყის (მორის) ან ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური ფირნიშის ნომერი (გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება სავალდებულო არ არის).

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

ამავე ინსტრუქციის 252 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ:

ა) მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები. მომჩივნის განმარტებით, ჰქონდა გამოწერილი სასაქონლო ზედნადები ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის (RS.GE) მეშვეობით. ადგილი არ ჰქონია საქონლის საერთოდ ზედნადების გარეშე რეალიზაციას ან ტრანსპორტირებას. საქონელი წარმოადგენდა კომპანიის მიერ რეალიზებულ ხის მასალას. მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, საწარმოში არსებული ფიცარი დამატებით დამუშავდა/დაიხერხა მომხმარებლისათვის სასურველი ზომისა და ფორმის მისაღებად და ამის შემდეგ მოხდა მისი გატანა.

ზედნადებში საქონლის დასახელებად მითითებული იყო „ფიცარი“, ხოლო შემოწმებისას უფლებამოსილმა ორგანომ აღნიშნული მასალა მიაკუთვნა „წიწვოვანი ჯიშის დახერხილ ხის მასალა - ძელაკის“ კატეგორიას. ადგილი არ ჰქონია ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, როდესაც საქონელი საერთოდ არ იყო დოკუმენტირებული. საქონლის დასახელებაში არსებული განსხვავება „ფიცარი“ და „ძელაკი“ არ შეიძლება ავტომატურად გაუთანაბრდეს ზედნადების არარსებობას და შესაბამისად, არ შეიძლება მხოლოდ ამ გარემოებაზე დაყრდნობით შეფარდებულ იქნას 5 000 ლარიანი სანქცია.

მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, მოხდა ადგილზე/საწარმოში დამატებითი დახერხვა და დამუშავება. შესაბამისად, საქონლის საბოლოო ფიზიკური ფორმა შეიძლება განსხვავდებოდეს თავდაპირველად რეალიზებული ფიცრის ფორმისგან.

სადავო საკითხზე წარმოდგენილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.10.2026 წლის №94713-21-12 წერილიდან ირკვევა, რომ 11.08.2026 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წერილის საფუძველზე გადამოწმდა ავტომანქანა (სახ. №---), რა დროსაც დადგინდა, რომ --- (პ/ნ ---) ახდენდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (1 222 ლარის საბაზრო ღირებულების 1,26 მ3 დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1958152 და სამართალდამრღვევს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მართებულად, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სადავო საკითხზე წარმოდგენილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წერილიდან ირკვევა, რომ 11.08.2026 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წერილის საფუძველზე გადამოწმდა ავტომანქანა, რა დროსაც დადგინდა, რომ პირი ახდენდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (1 222 ლარის საბაზრო ღირებულების 1,26 მ3 დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მართებულად, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 12.