გადაწყვეტილება №22535/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.07.2024
№ დოკუმენტი 22535/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22535/2/2024

10 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 11.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22535/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საწარმოს ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებისა და თანმხლები კომუნიკაციების, როგორც საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდებასთან დაკავშირებით დარიცხული დღგ-ის შემცირება;

2. დაკისრებული სანქციისგან (საურავი) გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2023 წლის №006-551 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3368 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 692 780 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 826 718

ჯარიმა - 413 359

საურავი - 452 703

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 თებერვლის №2780 ბრძანებით ჩატარდა კომპანიის 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.10.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხთან დაკავშირებით ირკვევა, რომ:

2020 წლის 26 მარტს კომპანიამ საგადასახადო ორგანოს მიმართა დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციისთვის, ხოლო 27 მარტს განახორციელა, საწარმოს ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებისა და თანმხლები კომუნიკაციების, როგორც საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის გადაცემა ა(ა)იპ ------- 1 800 000 აშშ დოლარად.

კომპანიამ აღნიშნული ოპერაციის განხორციელებისას 15 კალენდარული დღის განმავლობაში, წერილობით, არ შეატყობინა საგადასახადო ორგანოს, ისე განიხილა საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდებად და ოპერაცია გაათავისუფლა დღგ-ისგან, რაზეც შემოწმების შედეგად დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3368 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ნოემბრის №006-551 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3368 ბრძანება არდაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 167-ე, 168- ე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე და 275-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შპს „-------“ (ს/ნ -------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გაათავისუფლა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ნოემბრის №006-551 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ოპერაციის შინაარსით დაცულია მთავარი პირობა, რომ ოპერაცია განხილული იქნა დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვაში. ის ფაქტი კი მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით არ შეატყობინა საგადასახადო ორგანოს ასეთი მიწოდების შესახებ, მოქმედ საგადასახადო კოდექსში საერთოდ არ ითვალისწინებს საგადასახადო ორგანოს ინფორმირებას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბიზნესი დარჩა იგივე და იმავე ფორმით მოხდა საქმიანობის გაგრძელება.

ამასთან, 2.07.2019 წელს, საკანონმდებლო მაცნეზე, გამოქვეყნებული იყო საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილების პროექტი, რაც ასახულია დღეს მოქმედ საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლში და ამოღებულია ის სიმბოლური ნაწილი, რომელიც ითვალისწინებდა მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს ინფორმირებას.

იმ შემთხვევაში, თუ არ განხორციელდება დარიცხული ძირითადი გადასახადის შემცირება, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ნოემბრის №006-551 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისაგან (საურავი), ვინაიდან სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით, რასაც ადასტურებს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 თებერვლის N3368 ბრძანება, რომლითაც გაგვათავისუფლეს ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი, საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგ-ის გადამხდელის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) მიერ საწარმოს ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდება ერთი ოპერაციის ფარგლებში დღგ-ის მეორე გადამხდელისათვის, თუ მიმწოდებელი და მიმღები მხარეები მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებენ საგადასახადო ორგანოს ასეთი მიწოდების შესახებ. დამოუკიდებლად მოქმედ ქვედანაყოფად ითვლება ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობა, რომელიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებს (გარდა იჯარით, ქირით და სხვა ამგვარი ფორმით გაცემული შენობა-ნაგებობისა) და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება და საქმიანობის სახე არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე.

ამდენად, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ოპერაცია რომ ჩაითვალოს დღგ-ისაგან გათავისუფლებულად საჭიროა ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობა, კერძოდ:

ა) მიწოდება უნდა განხორციელდეს დღგ-ის გადამხდელებს შორის;

ბ) მიწოდების ობიექტი უნდა იყოს საწარმოს ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივი და მიწოდება უნდა განხორციელდეს ერთი ოპერაციის ფარგლებში;

გ) მხარეებმა მიწოდების შესახებ 15 კალენდარულ დღეში წერილობით უნდა შეატყობინონ საგადასახადო ორგანოს;

დ) მიწოდების ობიექტი არ უნდა იყოს იჯარით, ქირით და სხვა ამგვარი ფორმით გადაცემული შენობა-ნაგებობა.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ხოლო, ამავე კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დადგენილია და სადავო არ არის, რომ მომჩივანმა განახორციელა, საწარმოს ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებისა და თანმხლები კომუნიკაციების, როგორც საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის გადაცემა ა(ა)იპ -------, თუმცა აღნიშნულის თაობაზე 15 კალენდარული დღის ვადაში, წერილობით, არ შეატყობინა საგადასახადო ორგანოს.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2024 წლის №34041-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაირღვა ოპერაციის განხორციელების თარიღისთვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, ვინაიდან მხარეებმა მიწოდების შესახებ 15 კალენდარულ დღეში წერილობით არ შეატყობინეს საგადასახადო ორგანოს.

მომჩივანი განმარტავს, რომ ერთიანი მიწოდების ოპერაციას ჰქონდა ადგილი. ასევე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ განახორციელა საწარმოს ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების, როგორც საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდება ააიპ -------. სწორედ, ოპერაციის განხორციელებამდე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია ემსახურებოდა საგადასახადო ორგანოს ინფორმირებას, რომ სხვა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები არ გააჩნდა და შესაბამისად შედეგიც არ დადგებოდა. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მომჩივანმა იგივე ფორმით განაგრძო ეკონომიკური საქმიანობა. ოპერაციის შინაარსით დაცულია მთავარი პირობა, რომ ოპერაცია განხილული იქნა დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვაში. ის ფაქტი კი მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით არ შეატყობინა საგადასახადო ორგანოს ასეთი მიწოდების შესახებ, მოქმედ საგადასახადო კოდექსში საერთოდ არ ითვალისწინებს საგადასახადო ორგანოს ინფორმირებას.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში არ შესრულდა შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ყველა პირობა, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და ამ ნაწილში არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საწარმოს წარმომადგენელმა, როგორც საჩივარში, ასევე საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ არ იქნებოდა გათვალისწინებული მისი არგუმენტაცია და არ შემცირდებოდა დარიცხული გადასახადი, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი გათავისუფლდეს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისაგან (საურავი), ვინაიდან სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ნოემბრის №006-551 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს და მიაჩნია, რომ მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ნოემბრის №006-551 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საურავისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ნოემბრის №006-551 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საურავისგან;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, მოახდინოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს

1. საწარმოს ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებისა და თანმხლები კომუნიკაციების, როგორც საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდებასთან დაკავშირებით დარიცხული დღგ-ის შემცირება;

2. დაკისრებული სანქციისგან (საურავი) გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებით ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხთან დაკავშირებით ირკვევა, რომ:

2020 წლის 26 მარტს კომპანიამ საგადასახადო ორგანოს მიმართა დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციისთვის, ხოლო 27 მარტს განახორციელა, საწარმოს ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებისა და თანმხლები კომუნიკაციების, როგორც საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის გადაცემა. თუმცა აღნიშნულის თაობაზე 15 კალენდარული დღის ვადაში, წერილობით არ შეატყობინა საგადასახადო ორგანოს.

შემოწმების შედეგად, საწამოს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში არ შესრულდა შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ყველა პირობა, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და ამ ნაწილში არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი; ხოლო საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საურავისგან.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161; 167; 168(4)