ბრძანება N 2066
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2066
06 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ა(ა)იპ „-------“ (ს/ნ -----)
(მის.: ------)
2023 წლის 22 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა ა(ა)იპ „-----------“ (ს/ნ -----------) 2023 წლის 22 დეკემბრის №86226/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 დეკემბრის №32360 ბრძანებასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებულ პერიოდზე დაზუსტებული დეკლარაციების წარდგენის შედეგად დარიცხულ ჯარიმას და კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს მის გაუქმებას. მიუთითებს, რომ ვინაიდან გარკვეული მიზეზების გამო დაგვიანებით იღებს შესაბამის ინფორმაციას მომსახურების მიმღები პირებისგან, საწარმოს გასულ პერიოდზე უწევდა/მოუწევს დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა. განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ წარადგინა დაზუსტებული დეკლარაციები შემოწმებულ პერიოდზე, იმ მიზნით, რომ მოეხდინა კუთვნილი დღგ-ის დეკლარირება და გადახდა, რომელიც საგადასახადო შემოწმების აქტში ვერ მოხვდა, რადგან დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები გამოიწერა შემოწმების დასრულების შემდეგ ან/და მიმდინარეობისას. ამასთან, მომჩივანი აღნიშნავს, რომ გადასახდის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული თანხა დარიცხულია გაორმაგებულად 8 828 ლარის ოდენობით. აცხადებს, რომ დარიცხვა უნდა მომხდარიყო მხოლოდ ერთხელ 4 414 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დაზუსტებული დეკლარაციებით დარიცხული გადასახადების სწორად დარიცხვას იმგვარად, რომ არ მოხდეს გადასახდელი თანხის გაორმაგება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №16191 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ა(ა)იპ „---------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2023 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 8 აგვისტოს №19561 ბრძანება და 9 აგვისტოს №007-224 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 7 648 ლარი, მათ შორის, გადასახადი 6 345 ლარი, ჯარიმა 734 ლარი და საურავი 569 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 დეკემბრის №1201 დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ, ა(ა)იპ „---------“ წარმოადგენს ----------- კოლექტიური სქემის მქონე მგვ. (--------------) ორგანიზაციას, რომელიც ავტორიზებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული ნარჩენების მიმართულებაზე.
აუდიტის დეპარტამენტს 2023 წლის 2 და 8 ნოემბერს შესასრულებლად დაევალა ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს 2023 წლის 2 ნოემბრის №----------- და 2023 წლის 8 ნოემბრის №----------- წერილები, რომლითაც ირკვევა, რომ ა(ა)იპ „---------“ მიერ ელექტრონულად გადაგზავნილია 2022 წლის დეკემბრის და 2023 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის თვეების (დეკ.№--------, №- ,-------- №---------), ასევე 2022 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვეების დღგ-ის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციები (დეკ.-, --------- ---------, №-------, №-----------).
საგადასახადო შემოწმების აქტის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის პირველ ნოემბერს ელექტრონულად გადმოგზავნილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების (2022 წლის დეკემბრის, 2023 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის თვეების და 2022 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები) მონაცემების შედარებისას ირკვევა, რომ ამჟამად წარმოდგენილ დეკლარაციებში ასახულია დამატებით დღგ-ით დასაბეგრი თანხები, რომელიც არ იყო გათვალისწინებული საგადასახადო შემოწმების აქტით გადასახადის გაანგარიშებისას. 2022 წლის დეკემბრის, 2023 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, 2022 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის თვეების დაზუსტებული დეკლარაციების პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ 4 414 ლარი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა 441 ლარის ოდენობით. აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად და ა(ა)იპ „-----------“ მიერ ელექტრონულად გადმოგზავნილი 2022 წლის დეკემბრის, 2023 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის თვეების დღგ-ის (დაზუსტებული) (დეკ.№--------, №------------, №----------, №-----------) დეკლარაციები და 2022 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის თვეების დღგ-ის (დაზუსტებული) (დეკ.№-----------, №-----------, №-----------, №-----------) დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2023 წლის 21 დეკემბრის №32360 ბრძანება, რითაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომელთა თანახმად:
1. თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
3. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დეკლარაციის/გაანგარიშების მიხედვით არასწორად ნაჩვენები ინფორმაციის გამო ამ კარით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება პირს, რომელმაც საგადასახადო ორგანოს წარუდგინა შესწორებული დეკლარაცია/გაანგარიშება საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევში, დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
ასევე, შემოსავლების სამსახური მომჩივნის არგუმენტაციასთან, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული თანხის გაორმაგებულად, 8 828 ლარის ოდენობით დარიცხვასთან დაკავშირებით, მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახულია 2023 წლის 18 დეკემბრის №1201 დასკვნაში მითითებული თანხა 4 414 ლარის ოდენობით, დარიცხვა არ არის გაორმაგებული და არ შეიცავს ტექნიკურ ხარვეზს. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ა(ა)იპ „---------“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებულ პერიოდზე დაზუსტებული დეკლარაციების წარდგენის შედეგად დარიცხულ ჯარიმას და კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს მის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების აქტის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის პირველ ნოემბერს ელექტრონულად გადმოგზავნილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების (2022 წლის დეკემბრის, 2023 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის თვეების და 2022 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები) მონაცემების შედარებისას ირკვევა, რომ ამჟამად წარმოდგენილ დეკლარაციებში ასახულია დამატებით დღგ-ით დასაბეგრი თანხები, რომელიც არ იყო გათვალისწინებული საგადასახადო შემოწმების აქტით გადასახადის გაანგარიშებისას. 2022 წლის დეკემბრის, 2023 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, 2022 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის თვეების დაზუსტებული დეკლარაციების პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:269(1,7);270(1);275(1);