ბრძანება N 11368

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.06.2025
№ დოკუმენტი 11368
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11368

03 ივნისი 2025

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.: „-------“)

2025 წლის 9 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 22 მაისის სხდომაზე (ოქმი №42) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2025 წლის 9 მაისის №95612/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 აპრილის №064-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, შემოწმების მიერ დამატებით ბეტონისა და არმატურის რეალიზებას. განმარტავს, რომ კომპანიის მიერ, ტენდერის პირობების შესაბამისად, აღნიშნული ბეტონითა და არმატურით განხორციელდა დამატებით გადასასვლელი ბოგირებისა და ხიდების მშენებლობა. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №27736 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №27736 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 2 აპრილს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები ჯამში 136 728 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 92 565 ლარი, ჯარიმა 44 163 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 10 აპრილის №064-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა შპს „N1-თან“ დადებული ხელშეკრულების ფარგლებში "--------"-ის მუნიციპალიტეტის სოფელ "--------"-ის გზის მონაკვეთზე ტენდერით („-------“) გახარჯული ასფალტის რაოდენობა. აღნიშნული ექსპერტიზით ასევე ირკვევა, რომ ნაცვლად სატენდერო დოკუმენტებში მითითებული 4 სმიანი ფენისა, დაგებული საფარის სისქე არის 7,5 სმ-დან 18,5 სმ-მდე. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ პირველად დაგებული ფენა დაიბზარა და მოხდა მეორედ გადაგება. ამას ადასტურებს სასაქონლო ზედნადებების შესწავლაც, კერძოდ, ამ რაოდენობის ასფალტი "--------"-მდეა მიტანილი. რაც შეეხება სანიაღვრე სისტემას, გადამხდელმა მიუთითა რკინა-ბეტონის ნაკეთობის პასპორტზე, (შემდგენი შპს „N2“) რომელიც ასახულია სატენდერო დოკუმენტაციაში, კერძოდ, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში. აღსანიშნავია ისიც, რომ ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტებში მითითებულია ბეტონისა (367,23 კუბი) და არმატურის (11,14 ტონა) გახარჯვა, შესაბამისად, შემოწმების ფარგლებში მოხდა სწორედ მათი ჩამოწერა. სანიაღვრეების ნაწილი გადამხდელმა ჩამოწერა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ განხორციელებულ საგზაო სამუშაოებში, რაზეც წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია. გადაანგარიშების შედეგად, სრულად შემცირდა ასფალტის ნარევისა (168 506 ლარი) და სანიაღვრეების რეალიზაცია (148 867 ლარი), ხოლო მათ ნაცვლად რეალიზაციას დაემატა ბეტონი (თვითონ ახორციელებს ბეტონის რეალიზაციას მისივე ფასებით) 56 920 ლარი ჯამურად და არმატურა (შესყიდვის საშუალო ღირებულება გაზრდილი 8%-ით, სახელმწიფო შესყიდვის ზღვრული ნორმით 30 496 ლარი) საბოლოო ჯამში, სანიაღვრის ნაწილში შემცირებას დაექვემდებარა 61 450 ლარი. შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირდა 229 957 ლარით დღგ-ის ჩათვლით, ხოლო დღგ-ის გარეშე 194 878 ლარით.

ზემოაღნიშნული გადაანგარიშებების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების შემცირების შესაბამისად შემცირდა შემოწმების შედეგად გამოვლენილი სალაროს არაგონივრული ნაშთის ოდენობა და ნაცვლად 465 913 ლარისა, შეადგინა 235 956 ლარი. სხვაობის თანხით (229 956 ლარი) შემცირდა შესამოწმებელი პერიოდისთვის დირექტორზე გაცემული ხელფასი (2024 წლის თებერვლის საანგარიშო თვე).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა შპს „N1-თან“ დადებული ხელშეკრულების ფარგლებში "-------"-ის მუნიციპალიტეტის სოფელ "-------"-ის გზის მონაკვეთზე ტენდერით გახარჯული ასფალტის რაოდენობა. აღნიშნული ექსპერტიზით ასევე ირკვევა, რომ ნაცვლად სატენდერო დოკუმენტებში მითითებული 4 სმ-იანი ფენისა, დაგებული საფარის სისქე არის 7,5 სმ-დან 18,5 სმ-მდე, რაც, გადამხდელის განმარტებით, გამოწვეულია პირველად დაგებული ფენის დაბზარვისა და მეორედ გადაგების შედეგად. ამასთან, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტებში მითითებულია ბეტონისა (367,23 კუბი) და არმატურის (11,14 ტონა) გახარჯვა, შესაბამისად, შემოწმების ფარგლებში მოხდა მათი ჩამოწერა. გადაანგარიშების შედეგად, სრულად შემცირდა ასფალტის ნარევისა და სანიაღვრეების რეალიზაცია, ხოლო მათ ნაცვლად რეალიზაციას დაემატა ბეტონი და არმატურა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშების შედეგად შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ასევე, შემოწმების შედეგად გამოვლენილი სალაროს არაგონივრული ნაშთი.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტთან, შემოწმების მიერ დამატებით ბეტონისა და არმატურის რეალიზებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და განმარტებაზე, რომლის თანახმად, ხარჯთაღრიცხვის (ტენდერის) დოკუმენტებში მითითებულია ბეტონისა (367,23 კუბი) და არმატურის (11,14 ტონა) გახარჯვა, აქედან გამომდინარე, დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს სანიაღვრე სისტემა თავად უნდა დაემზადებინა. გადასახადის გადამხდელის მიერ შპს „N2“-სგან შეძენილი სანიაღვრე სისტემების ჩამოწერამ გამოიწვია შესაბამისი რაოდენობის ბეტონისა და არმატურის ჩამოწერიდან ამოღება და მათი რეალიზება. ვინაიდან, კომპანია ეკონომიკური საქმიანობის პროცესში, გარდა საგზაო სამუშაობის შესრულებისა ეწევა ბეტონის წარმოება-რეალიზაციასა და არმატურის რეალიზაციას, გადაანგარიშების ფარგლებში განხორციელდა აღნიშნული პროდუქციის მიწოდებისათვის დამატება სანიაღვრე სისტემების ნაცვლად. აღსანიშნავია ისიც, რომ შემოწმების ფარგლებში ამ პროდუქციების მიღება-გახარჯვის შედარებისას, ბეტონისა და არმატურის ჩამოწერის პირობებში ფიქსირდებოდა მიღება-გაცემის ტოლობა (მიღება ოდნავ აღემატებოდა გახარჯვას).

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, შემოწმების მიერ დამატებით ბეტონისა და არმატურის რეალიზებას.ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელმა წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა შპს-სთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში გზის მონაკვეთზე ტენდერით გახარჯული ასფალტის რაოდენობა. აღნიშნული ექსპერტიზით ასევე ირკვევა, რომ ნაცვლად სატენდერო დოკუმენტებში მითითებული 4 სმიანი ფენისა, დაგებული საფარის სისქე არის 7,5 სმ-დან 18,5 სმ-მდე. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ პირველად დაგებული ფენა დაიბზარა და მოხდა მეორედ გადაგება. ამას ადასტურებს სასაქონლო ზედნადებების შესწავლაც.

რაც შეეხება სანიაღვრე სისტემას, გადამხდელმა მიუთითა რკინა-ბეტონის ნაკეთობის პასპორტზე,რომელიც ასახულია სატენდერო დოკუმენტაციაში, კერძოდ, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში. აღსანიშნავია ისიც, რომ ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტებში მითითებულია ბეტონისა და არმატურის გახარჯვა, შესაბამისად, შემოწმების ფარგლებში მოხდა სწორედ მათი ჩამოწერა. სანიაღვრეების ნაწილი გადამხდელმა ჩამოწერა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ განხორციელებულ საგზაო სამუშაოებში, რაზეც წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია. გადაანგარიშების შედეგად, სრულად შემცირდა ასფალტის ნარევისა და სანიაღვრეების რეალიზაცია,ხოლო მათ ნაცვლად რეალიზაციას დაემატა ბეტონი და არმატურა.შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირდა 229 957 ლარით დღგ-ის ჩათვლით, ხოლო დღგ-ის გარეშე 194 878 ლარით.

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების შემცირების შესაბამისად შემცირდა შემოწმების შედეგად გამოვლენილი სალაროს არაგონივრული ნაშთის ოდენობა.ასევე,სხვაობის თანხით შემცირდა შესამოწმებელი პერიოდისთვის დირექტორზე გაცემული ხელფასი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).