გადაწყვეტილება №20676/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.10.2023
№ დოკუმენტი 20676/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20676/2/2023

26 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------" )

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------"-ს 26.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20676/2/2023).

 

დავის საგანი:

სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.06.2023 წლის №CB1481252 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 8.08.2023 წლის №19379 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 5 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.

 

ფაქტების აღწერა

სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 5.96 მ3 მოცულობის წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხემასალა ძელაკის ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.06.2023 წლის №CB1481252 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი და ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.08.2023 წლის №19379 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის 12 და მე-5 ნაწილის ე“ ქვეპუნქტით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72- ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

14.06.2023 წელს "------"-ში, სოფ. "------'-ში შპს "------"-გან შეიძინა ძელაკი 6,3 მ3 . აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირებაზე ბუღალტრის მიერ გამოწერილ და ატვირთულ იქნა ზედნადები ელ "------". ტვირთის ტრანსპორტირებას ახდენდა მძღოლი "------" (პ/ნ "------") და თანმხლები პირი "------"(პ/ნ "------"). 14.06.2023 წლის 18:30 საათზე შეიძინა საქონელი კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილი დოკუმენტაციით ტრანსპორტირების გარეშე. ალ. დოლაქიძე ესაუბრა ბუღალტერს ტელეფონით და 19:33 საათზე როდესაც მიიღო დასტური ზედნადების ატვირთვის შესახებ, ამის შემდეგ განახორციელა გასვლა "------"-დან . ბუღალტერის მიერ განხორციელდა ზარი 20:58 და განუცხადა , რომ ხელახლა ატვირთა ყველა დოკუმენტი სრულყოფილად (ზედნადები - ელ-"------") და დაადასტურა რომ საქონელს წარმოშობის სერთიფიკატი ახლდა შეძენისას.

გადამხდელი განმარტავს, რომ საქონელი შეძენილი იყო სრულყოფილი დოკუმენტაციით, მძღოლმა ტრანსპორტირება დაიწყო ბუღალტრის მიერ ზედნადების ატვირთვის შემდეგ. ახალი ზედნადები გამოწერილი იყო ზუსტად იგივე შინაარსის, სადაც გადატანილი იყო ტვირთის დასახელება, ოდენობა, მძღოლის ვინაობა, მანქანის ნომერი, საქონლის ღირებულება, ტრანსპორტირების ადგილი იდენტურად. ბუღალტრის მიზანი იყო ატვირთული ზედნადების შემოწმება, რის გამოც მოხდა გამოწერილი ზედნადების, რომელსაც თან ერთვოდა დამატებითი სერთიფიკატი, მექანიკურად გაუქმება. ტვირთი არ იყო დამალული, შეძენილი იყო კანონიერად, ასევე ატვირთული იყო ტრანსპორტირების ზედნადებიც. ამდენად ოქმი შედგენილია სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის და არა საქონლის წარმოშობის სერთიფიკატის არ ქონის გამო, რაც მოთხოვნილი იყო შემმოწმებლის მიერ.

ითხოვს სამართალდარღვევის ოქმის და ბრძანების გაუქმებას, ჩამორთმეული საქონლის დაბრუნებას. ასევე ითხოვს, გათვალისწინებულ იქნას ის ფაქტი, რომ თუ ზედნადების შეცდომით გაუქმება და ახალი ზედნადების რამდენიმე წუთში ატვირთვა ჩაითვლება ტრანსპორტირებად ზედნადების გარეშე, ეს მიჩნეულ უნდა იქნას სამართალდარღვევის პირველი შემთხვევად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

ამავე ინსტრუქციის 252 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ: ა) მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები.

სადავო საკითხზე წარმოდგენილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტმანეტის 31.08.2023 წლის №"------" წერილიდან და თანდართული მასალიდან ირკვევა, რომ "-------" ახდენდა მომჩივნის საკუთრებაში არსებული, სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 5,96 მ 3 მოცულობის წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალა ძელაკის ტრანსპორტირებას ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, კერძოდ მომჩივანი ახდენდა 5,96 მ 3 ძელაკის ტრანსპორტირებას ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ნაცვლად ჩვეულებრივი სასაქონლო ზედნადებით №"------"და შესაბამისად ვერ მოხდა აღნიშნული ზედნადების გაზიარება, ხოლო სამართალდარღვევის დაფიქსირების შემდგომ გადამხდელმა გამოწერა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები №"------"სადაც შესყიდვის დოკუმენტად მითითებული ჰქონდა შპს "------"-ს (ს/ნ "------") მიერ გამოწერილი ზედნადები №"------", ხოლო შპს "------"-ს თავის მხრივ მრგვალი ხე-ტყის მორი შეძენილი ჰქონდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსგან ზედნადებით №"------". აღნიშნულ ფაქტზე, 20.06.2023 წელს სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებაზე, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1481252 და მომჩივანს შეეფარდა სანქცია 5000 (ხუთი ათასი) ლარი, ასევე ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი დახერხილი ხე-მასალა.

გადამხდელი განმარტავს, რომ საქონელი შეძენილი იყო სრულყოფილი დოკუმენტაციით, მძღოლმა ტრანსპორტირება დაიწყო ბუღალტრის მიერ ზედნადების ატვირთვის შემდეგ. ახალი ზედნადები გამოწერილი იყო ზუსტად იგივე შინაარსის, სადაც გადატანილი იყო ტვირთის დასახელება, ოდენობა, მძღოლის ვინაობა, მანქანის ნომერი, საქონლის ღირებულება, ტრანსპორტირების ადგილი იდენტურად. ბუღალტრის მიზანი იყო ატვირთული ზედნადების შემოწმება, რის გამოც მოხდა გამოწერილი ზედნადების, რომელსაც თან ერთვოდა დამატებითი სერთიფიკატი, მექანიკურად გაუქმება. ტვირთი არ იყო დამალული, შეძენილი იყო კანონიერად, ასევე ატვირთული იყო ტრანსპორტირების ზედნადებიც. ამდენად ოქმი შედგენილია სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის და არა საქონლის წარმოშობის სერთიფიკატის არ ქონის გამო, რაც მოთხოვნილი იყო შემმოწმებლის მიერ.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან, სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე გადამოწმების დროს სასაქონლო ზედნადები იყო შეცდომით გამოწერილი, კერძოდ დგინდება რომ ხეტყის სასაქონლო ზედნადების ნაცვლად, მომჩივნის მიერ გამოწერილი იყო ჩვეულებრივი სასაქონლო ზედნადები, შესაბამისად აღნიშნული მიიჩნევა ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანიითხოვს სამართალდარღვევის ოქმის და ბრძანების გაუქმებას, ჩამორთმეული საქონლის დაბრუნებას. ასევე ითხოვს, გათვალისწინებულ იქნას ის ფაქტი, რომ თუ ზედნადების შეცდომით გაუქმება და ახალი ზედნადების რამდენიმე წუთში ატვირთვა ჩაითვლება ტრანსპორტირებად ზედნადების გარეშე, ეს მიჩნეულ უნდა იქნას სამართალდარღვევის პირველი შემთხვევად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხემასალა ძელაკის ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია და ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან, სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე გადამოწმების დროს სასაქონლო ზედნადები იყო შეცდომით გამოწერილი, კერძოდ დგინდება რომ ხეტყის სასაქონლო ზედნადების ნაცვლად, მომჩივნის მიერ გამოწერილი იყო ჩვეულებრივი სასაქონლო ზედნადები, შესაბამისად აღნიშნული მიიჩნევა ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

136(4),270(2),286(12).