ბრძანება N 6208
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6208
02/03/2020
შპს -----
(მის: -------
2020 წლის 10 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- ს №3791/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 20 დეკემბრის №CB1062700 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 31 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №5).
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით ირკვევა, რომ 2019 წლის 20 დეკემბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ----- , რა დროსაც დადგინდა, რომ ------- ახდენდა შპს ----- სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (600 ლარის ღირებულების „საქონლის ქონი: 400 კგ. x 1.50 ლარი“) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გადასახადის გადამხდელს ჩაბარებული აქვს 2019 წლის 20 დეკემბერს.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს და მიუთითებს, რომ დაჯარიმება გამოწვეულია 600 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის ქონის ტრანსპორტირებით. მისი განმარტებით საქონლის ქონი სჭირდებოდა საკუთარი ცხვრის ფარის მოსავლელად საჭირო ძაღლების გამოსაკვებად. შესაბამისად მიუთითებს, რომ ადგილი არა აქვს შპს ----- ს მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, რომ ბათილად იქნას ცნობილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული ფულადი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად „სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - „სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის თანახმად:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;
ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში;
გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი 2019 წლის 4 მარტს დაჯარიმდა საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, ხოლო იგივე სამართალდარღვევა კვლავ ჩაიდინა 2019 წლის 20 დეკემბერს, შესაბამისად აღნიშნული სამართალდარღვევა არის განმეორებით ჩადენილი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 20 დეკემბრის №CB1062700 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტზე და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1) შპს ----- ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2) გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის შედგენილ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა რა დროსაც დადგინდა, რომ -მომჩივანი ახდენდა შპს ----- ს სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. შემოწმებით ასევე ირკვევა, რომ მომჩივანის მხრიდან 12 თვის განმავლობაში აღნიშნული სამართალდარღვევა ჩადენილია განმეორებით. სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტზე და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(4); 269(8); 286(2)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლი