ბრძანება N 26456-3
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 26456
07/09/2020
სს -----
(მის: ქ. ------- №142)
სადავო საკითხთან დააკავშირებით საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 13 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №59) განიხილა სს ----- ს 2020 წლის 19 მარტის №50182/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 06 მარტის №0 05-38 „საგადასახადო მოთხოვნასთან” დაკავშირებით.
სადავო საკითხი :
კომპანიის ხელმძღვანელ პირებზე აქციებით ბონუსის კორექტირების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის განსაზღვრა.
ფაქტობრივი გარემოებები :
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს №22932 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს ----- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 ივლისამდე. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 28 თებერვალს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2020 წლის 6 მარტს გამოსცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №6608 ბრძანება და ამავე თარიღის №005-38 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება შემცირებას დაექვემდებარა სულ 170641 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 170841 ლარი, ჯარიმა დაერიცხა 200 ლარი, საურავი 0 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის და დავის წარმოების პროცესში აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დამატებით გადასახადების დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, კომპანიას თანამშრომლებზე გაცემული აქვს ფასიანი ქაღალდები (აქციები), რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაბეგრილი აქვს საშემოსავლო გადასახადით. საბონუსე პოლიტიკა ითვალისწინებს აქციებით ბონუსის ოდენობის კორექტირების პირობებს, რომლის შემთხვევაშიც შესაბამისად ხდება აქციებით გაცემული ბონუსის ოდენობის შემცირება (კომპანისთვის დაბრუნება). აღნიშნული ოპერაციაზე შემოწმების მიერ არ მომხდარა საშემოსავლო გადასახადში თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანიის შიდა საბონუსე პოლიტიკა ითვალისწინებს დასაქმებულისათვის სხვადასხვა ბონუსის გაცემას მისი საქმიანობის შეფასების შედეგებიდან გამომდინარე. ერთ-ერთი ბონუსის სახე არის ფასიანი ქაღალდებით (აქციებით) ბონუსი, რომელიც რეგულირდება შემდეგი წესით :
დასაქმებულის შეფასებიდან გამომდინარე განისაზღვრება მასზე გასაცემი ბონუს აქციების ოდენობა, რომლის გაცემაც (დასაქმებულზე საკუთრებაში გადაცემა) ხორციელდება ბროკერის (--------- ) მეშვეობით - აქციების დასაქმებულის მიერ ბროკერთან გახსნილ ანგარიშზე განთავსების გზით;
აღნიშნული სახის ბონუსი წარმოადგენს პირობით ბონუსს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ აქციებით ბონუსის გაცემისთანავე ხდება აქციების ბლოკირება და დასაქმებულს ეზღუდება ამ აქციების განკარგვის (მ.შ. უფლებრივად დატვირთვის) უფლება დროებით;
საბონუსე პოლიტიკა ითვალისწინებს აქციებით ბონუსის ოდენობის კორექტირების პირობებს, რომლის შემთხვევაშიც შესაბამისად ხდება აქციებით გაცემული ბონუსის ოდენობის შემცირება ან გაზრდა. კერძოდ, ა) იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო წლის (რომელთან მიმართებაშიც გაიცა აქციებით ბონუსი) აუდირებული ციფრები დაკორექტირდა და ეს დაკორექტირება გამოწვეულია დასაქმებულის შესაბამისი დეპარტამენტის/სამსახურის/სტრუქტურული ერთეულის მუშაობის შედეგებით, მაშინ დასაქმებულისთვის ამგვარ საანგარიშო წელთან მიმართებაში გასაცემი/გაცემული აქციებით ბონუსი დაკორექტირდება ადექვატურად და კორექტირების შედეგად აქციებით ბონუსის შესაბამისი ნაწილი დაუბრუნდება კომპანიას; ბ) აქციებით ბონუსთან მიმართებით ბლოკირების გაუქმებამდე ნებისმიერი მიზეზით შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შემთხვევაში, დასაქმებული კარგავს ყველა მიუღებელ აქციებით ბონუსს (აქციებით ბონუსის ბლოკირებულ ნაწილს) სრულად და აქციებით ბონუსის შესაბამისი ნაწილი დაუბრუნდება კომპანიას.
მომჩივანის განმარტებით, ბონუსების გადაცემის საანგარიშო პერიოდშივე, მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული ბონუსები გადაცემულია შეზღუდული უფლებით, კომპანია ახორციელებს აღნისნული ბონუსების ღირებულების წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანი განმარტავს, რომ 2017-2018 წლების საანგარიშო პერიოდში კომპანიის მიერ გაცემული აქციებით ბონუსის ოდენობა დაექვემდებარა კორექტირებას, თუმცა აღნიშნული კორექტირება არ იქნა შემოწმებისას გათვალისწინებული და შემცირებას არ დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სახელფასო განაცემის (მ.შ. ბონუსის) თანხის კორექტირება (გაზრდა ან შემცირება) იწვევს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებასაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანის მოთხოვნა განსახილველ ნაწილში საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და თუ დადასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი ბონუსების კორექტირების ფაქტი, განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და თუ დადასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი ბონუსების კორექტირების ფაქტი, განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება)
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
კომპანიის ხელმძღვანელ პირებზე აქციებით ბონუსის კორექტირების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის განსაზღვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით: კომპანიის შიდა საბონუსე პოლიტიკა ითვალისწინებს ფასიანი ქაღალდებით (აქციებით) ბონუსის გაცემას და ასევე ითვალისწინებს კორექტირებას იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო წლის რომელთან მიმართებაშიც გაიცა აქციებით ბონუსი, აუდირებული ციფრები დაკორექტირდა. კორექტირების შედეგად აქციებით ბონუსის შესაბამისი ნაწილი დაუბრუნდება კომპანიას. აღნიშნული სახის ბონუსი წარმოადგენს პირობით ბონუსს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ აქციებით ბონუსის გაცემისთანავე ხდება აქციების ბლოკირება და დასაქმებულს ეზღუდება ამ აქციების განკარგვის უფლება დროებით;
კომპანიას თანამშრომლებზე გაცემული ფასიანი ქაღალდები (აქციები), სსკ-ს 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაბეგრილი აქვს საშემოსავლო გადასახადით.. აღნიშნული ოპერაციაზე შემოწმების მიერ არ მომხდარა საშემოსავლო გადასახადში თანხების კორექტირება (შემცირება).
გადაწყვეტილება
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და თუ დადასტურდება გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი ბონუსების კორექტირების ფაქტი, განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101; 154