გადაწყვეტილება №25436/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25436/2/2025
24 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -------------ძე (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ძის 9.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25436/2/2025).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.05.2025 წლის №002-52 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.07.2025 წლის №15185 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 64 131,29 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 32 360,35
ჯარიმა - 16 073,70
საურავი - 15 697,24
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ------დან იმპორტირებული საქონლის (ჩანთები, საფულე, ტანსაცმელი) რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 11.06.2002 წელს, 9.11.2017 წლიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე პერიოდის თემატური, კამერალური საგადასახადო შემოწმება, საკონტროლო-სალარო აპარატით და პოს ტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 6.05.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი აღმოჩნდა მეტი, ვიდრე შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში იყო დაფიქსირებული.
შემოწმების შედეგად პირს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებების დამატებული ღირებულების გადასახადში და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.
შემოწმების აქტის საფუძველზე 13.05.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №9352 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №002-52 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.07.2025 წლის №15185 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნავს, რომ მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მცირე საოჯახო ტიპის ბიზნესის წარმოება. კერძოდ, ----დან იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია. ახორციელებს შემდეგი სახის პროდუქციის გაყიდვას: ქალის ხელჩანთები, აქსესუარები, ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელი, საფულეები, შარფები და ბიჟუტერია. საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი მისი ოჯახის წევრები, რაც წარმოადგენს საოჯახო ტიპის ბიზნესის მკაფიო მაგალითს. 2022-2023-2024 წლების შემოწმების შედეგად, აღმოჩენილ იქნა დეკლარაციებში უზუსტობები, რაც უკავშირდება 2022 წელს დეკლარირებული შემოსავლების სრულყოფილად არგადაცემას — კერძოდ, ბუღალტერმა დაადეკლარირა მხოლოდ სალაროდან მიღებული შემოსავლები და გამორჩა ტერმინალით მიღებული თანხები. აღნიშნული უზუსტობა აღმოაჩინა დაქირავებულმა აუდიტორმა და დაუყოვნებლივ 2025 წლის მარტის დეკლარაციაში, ყველა მონაცემი სრულად აისახა. აღიარა ეს ფაქტი და წარადგინა შესწორებული მონაცემები შესაბამის დეკლარაციაში. მეწარმე კეთილსინდისიერად ასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს, არასოდეს ყოფილა დაჯარიმებული საქონლის დოკუმენტაციის არარსებობის გამო, არც კი დარღვეულა მარეგულირებელი წესები. საგულისხმოა ისიც, რომ 2024-2025 წლები იყო ეკონომიკურად რთული ბიზნესისთვის. ------ში, -------ის ---------ე მნიშვნელოვნად შემცირდა გაყიდვები. განსაკუთრებით მძიმე ზარალი მიიღო 2023 წლის 13 სექტემბერს, როდესაც ----ის №--ში მდებარე ვაჭრობის ობიექტში გაჩნდა ხანძარი. შედეგად, სრულად განადგურდა, როგორც ვაჭრობის ფართი, ისე მასში არსებული პროდუქცია. აღნიშნული ფაქტი დასტურდება თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ შედგენილი დოკუმენტაციითა და ფოტომასალით. მეტიც, ხანძრის შემდგომ მეწარმემ აიღო დამატებითი სესხი, რათა შეენარჩუნებინა და გაეგრძელებინა ეკონომიკური საქმიანობა. აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს ჯარიმებისა და საურავების (სულ: 31 770,94 ლარი) ჩამოწერას. აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლებლობას მისცემს მეწარმეს გააგრძელოს საქმიანობა და არ შეწყვიტოს ის სრულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესის შენარჩუნება და მისგან შემოსავლის მიღება შეუძლებელი გახდება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი აღიარებს შემოწმების შედეგად დარიცხულ გადასახადს და ითხოვს ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული გამოიწვია ბუღალტრის შეცდომამ ამ ფაქტზე გავლენა იქონია ობიექტზე გაჩენილმა ხანძარმა და საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ შემოწმებით გამოვლენილი დაუდეკლარირებელი თანხა აისახა 2025 წლის მარტის თვის დეკლარაციაში.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე პერიოდის თემატური, კამერალური საგადასახადო შემოწმება, საკონტროლო-სალარო აპარატით და პოს ტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი აღმოჩნდა მეტი, ვიდრე შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში იყო დაფიქსირებული.
შემოწმების შედეგად პირს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებების დამატებული ღირებულების გადასახადში და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №9352 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა №002-52 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის წლის №15185 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);