გადაწყვეტილება №23995/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23995/2/2024
30 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 24.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23995/2/2024).
დავის საგანი:
სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისისთვის შეფარდებული ჯარიმის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.07.2024 წლის №CB1642838 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 20.08.2024 წლის №19047 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 30 232,61 ლარი.
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროა ლუდისა და საკვები პროდუქტების რეალიზაცია. მომჩივანს 23.05.2024 წელს ელექტრონულად გაეგზავნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების შესახებ ბრძანება №11816. მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით - 237 584.38 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (27.25% ფასნამატის გათვალისწინებით) 302 326.12 ლარი. გამოვლენილ დანაკლისზე გადასახადის გადამხდელს 2.07.2024 წლის №CB1642838 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის (30 232,61 ლარი) ოდენობით.
აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.08.2024 წლის №19047 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით, 269-ე პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. მომჩივანს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის ოდენობას და განმარტავს, რომ საქონლის რეალიზაციას ახდენდა მხოლოდ საკონტროლო სალარო აპარატით. ინვენტარიზაციის დაწყებამდე, სარეალიზაციოდ სულ შეძენილი აქვს 303 482.92 ლარის საქონელი დღგის ჩათვლით, ხოლო რეალიზებული საქონლის შემოსავალმა სალარო აპარატით 05.06.2021-23.05.2024 წლების პერიოდში შეადგინა 106 295.05 ლარი. ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატით რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეადგენს 98 568.30 ლარს და ნაშთი ინვენტარიზაციის დაწყებისას თვითღირებულებით დღგ-ის ჩათვლით შეადგენდა 204 913.62 (303482.92-98568.30) ლარს, ხოლო დღგ-ის გარეშე შეადგენს 173 655.61 ლარს და შესაბამისად, დანაკლისი ინვენტარიზაციით თვითღირებულებით დღგ-ის გარეშე შეადგენს 173 655.61 ლარს, ფასნამატით - 187 268.4 ლარს, ხოლო დღგს ჩათვლით - 220 976.76 ლარს. შესაბამისად, ჯარიმა უნდა დარიცხვოდა 22 097.68 ლარი, ნაცვლად 30 232.61 ლარისა. მისი განმარტებით, ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად სრულყოფილად არ არის გამოკვლეული და შესწავლილი საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ითხოვს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.07.2024 წლის №CB1642838 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და შემოსავლების სამსახურის 20.08.2024 წლის №19047 ბრძანების ბათილად ცნობას.
დავების განხილვის სამსახურის რეკომენდაცია
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.10.2024 წლის №94779-21-12 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა 5.06.2021 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (2024 წლის 23 აპრილის ჩათვლით) პერიოდი.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საგადასახადო ელექტრონული ზედნადებებით მიღებული სმფ–ს პირვანდელი ღირებულება იყო 321 099.84 ლარი (2021 წლის 05 ივნისიდან 2024 წლის 23 მაისის ჩათვლით) ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით. რეალიზებული სმფ–ების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 83 534 ლარი (ფასნამატის გარეშე).
ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 237 584,38 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 237 584,38 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (27,25% ფასნამატის გათვალისწინებით) 302 326,12 ლარი.
მომჩივანს გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგების გადაწყვეტილების პროექტზე საწინააღმდეგო პოზიცია არ წარუდგენია. მარაგების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა დანაკლისი 302 326,12 ლარის ოდენობით საბაზრო ფასებით, რაზეც 2.07.2024 წელს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1642838. გადასახადის გადამხდელი ინვენტარიზაციის მომენტისათვის არ იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და არ წარუდგენია ინვენტარიზაციის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაცია.
საინვენტარიზაციო კომისიამ ფასნამატი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. რეალიზებული სმფ-ების საბაზრო ფასი განისაზღვრა იმ ფასებით, რომელიც ჩამოყალიბებულია ბაზარზე იდენტურ საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების საფუძველზე. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ საქონლის ფასნამატად აღებულ იქნა 27,25 %. მომჩივანი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის ოდენობას და განმარტავს, რომ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული და შესწავლილი საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, თუმცა არ მიუთითებს რაიმე კონკრეტულ გარემოებაზე.
საბჭოს სხდომაზე მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელის განცხადებით, საქონელის ფასები თავად მომჩივნის მიერ იყო გაცხადებული, რაც შემდგომ ინვენტარიზაციის პროცესში იქნა გამოყენებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისისთვის შეფარდებული ჯარიმის ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროა ლუდისა და საკვები პროდუქტების რეალიზაცია. მომჩივანს 23.05.2024 წელს ელექტრონულად გაეგზავნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების შესახებ ბრძანება. მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით - 237 584.38 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (27.25% ფასნამატის გათვალისწინებით) 302 326.12 ლარი. გამოვლენილ დანაკლისზე გადასახადის გადამხდელს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის (30 232,61 ლარი) ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭოს სხდომაზე მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელის განცხადებით, საქონელის ფასები თავად მომჩივნის მიერ იყო გაცხადებული, რაც შემდგომ ინვენტარიზაციის პროცესში იქნა გამოყენებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (9).