გადაწყვეტილება №21003/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21003/2/2023
01 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 6.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21003/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8029 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.08.2023 წლის №006-416 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22805 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 68 306,61 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 53 895
დღგ - 7 189
საშემოსავლო გადასახადი - (- 105)
ქონების გადასახადი - 46 811
ჯარიმა - 3 477
საურავი - 10 934,61
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.10.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №006-693 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8029 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8029 ბრძანების აღსრულების შედეგად შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარადგინა კომპეტენტურ პირთან (შპს ------) გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში წარმოადგინა ასევე შპს -------ს მიერ გაცემული საბაზრო ღირებულების შესახებ შეფასების ანგარიშები. შეფასების ანგარიშგებით:
1. შენობა-ნაგებობის (ს/კ ------) საბაზრო ღირებულება შეადგენდა 133 000 ლარს (ნაკლებია შემოწმების აქტით დაფიქსირებულ მონაცემთან);
2. შენობა-ნაგებობის (ს/კ ------) საბაზრო ღირებულება შეადგენდა 520 000 ლარს (ნაკლებია შემოწმების აქტით დაფიქსირებულ მონაცემთან).
შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებით, განახორციელდა საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.
აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 10.08.2023 წლის №006-416 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22805 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების ანგარიშებით დადგინდა, რომ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება ნაკლებია საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულ მონაცემებზე. შედეგად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებით დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა დასკვნები უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრაზე, აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის დასკვნით საგადასახადო შედეგების გადაანგარიშებაზე შემცირდა გადასახადის ძირითადი თანხა 52 456 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს საშუალება შემმოწმებელთან ერთად გაიაროს გადაანგარიშების შედეგები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8029 ბრძანებით, ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შპს ------ს მიერ გაცემული საბაზრო ღირებულების შესახებ შეფასების ანგარიშები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებით, განახორციელდა საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8029 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8029 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8029 ბრძანების აღსრულების შედეგად შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარადგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში წარმოადგინა ასევე საბაზრო ღირებულების შესახებ შეფასების ანგარიშები. შეფასების ანგარიშგებით: 1. შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 133 000 ლარს (ნაკლებია შემოწმების აქტით დაფიქსირებულ მონაცემთან); 2. შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 520 000 ლარს (ნაკლებია შემოწმების აქტით დაფიქსირებულ მონაცემთან). შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებით, განახორციელდა საგადასახადო ვალდებულებების შემცირება. აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 10.08.2023 წლის №006-416 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22805 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8029 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1"ა.ა"), 202(41).