ბრძანება N 15892

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.06.2018
№ დოკუმენტი 15892
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 15892

25/06/2018

სს -----

(მის: ქ. -------)

2018 წლის 06 ივნისის საჩივრის

არ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 14 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N52) განიხილა სს ----- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 25 მაისის N094-75 „საგადასახადო მოთხოვნას“.

გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას ბანკის მიერ დასაკუთრებული მოძრავი ქონების იმ ნაწილზე, რომელიც იჯარით იყო გაცემული ბანკის მიერ შესამოწმებელ პერიოდში. გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ სსკ-ის 201-ე მუხლის მიხედვით „ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია - მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე. განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს რა არის ბალანსი და ამ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები. ქონება, რომელიც შემმოწმებლის მიერ მიჩნეულ იქნა დაბეგვრის ობიექტად, ბასს-ის მიხედვით ბანკის ბალანსზე აღრიცხულია არა ძირითად საშუალებად, არამედ სხვა ქონებად. სსკ იმპერატიულად ადგენს, რომ ქონების გადასახადის დაბეგვრის ობიექტია ის აქტივი, რომელიც საწაროს ბალანსზე აქვს აღრიცხული ძირითად საშუალებად. აღნიშნული ნორმა ცალსახად აპელირებს ფინანსური ანგარიშგების მიზნებისათვის აღიარებულ ძირითად საშუალებებზე და არა ფინანსურ ანგარიშგებაში არსებულ ყველა აქტივზე, რომელიც ზოგადად საწარმოს ბალანსზეა რიცხული და საგადასახადო მიზნებისათვის შეიძლება მიჩნეულ იქნას ძირითად საშუალებად. შესაბამისად, ბალანსზე რიცხული აქტივებიდან ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მხოლოდ ის აქტივები, რომელიც ფინანსური ანგარიშგების მიხედვით აღრიცხულია ძირითადი საშუალებების სტატუსით.

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 21 ნოემბრის №31071 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს ----- ის საქმიანობის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 14 მაისს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2018 წლის 25 მაისს გამოსცა N12667 ბრძანება და ამავე თარიღის N094-75

„საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადამხდელს დამატებით დაერიცხა სულ - 434 894.34 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 218 027 ლარი, ჯარიმა - 215 005 ლარი და საურავი - 1 862.34 ლარი.

შემოწმების აქტით მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

სს ----- საკუთრებაში ფლობს ძირითად საშუალებებს, რომელიც ბანკისთვის წარმოადგენს დასაკუთრებით მიღებულ ქონებას. გირაოში დარჩენილი მოძრავი ქონება „თვითმფრინავი“ რომელიც დაისაკუთრა 2013 წელს, მისი ღირებულებაა 42 675 475 ლარი. სსკ-ის 112-ე მუხლის მიხედვით, მოგების გადასახადის მიზნებისათვის გაქვითულია 100%-ით. სს ----- ქონების გადასახადს იხდის მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე და დაუმთავრებელ მშენებლობაზე. ბასს-ის მიხედვით ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონება აღრიცხულია არა ძირითად საშუალებად, არამედ „სხვა ქონებად“, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2015 წელს არ განიხილავს ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზად.

აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტ 16-ის მიხედვით „ძირითადი საშუალებები არის მატერიალური აქტივები, რომლებიც ა) იმყოფება საწარმოს განკარგულებაში და გამოიყენება: წარმოებაში, ან საქონლის ან მომსახურების მისაწოდებლად, იჯარით გასაცემად ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის; და ბ) გათვალისწინებულია ერთ საანგარიშგებო პერიოდზე მეტი ხნით გამოსაყენებლად“. ბასს 40-ის მიხედვით „საინვესტიციო ქონება არის ქონება (მიწა ან შენობები ან შენობის ნაწილი ან ორივე), რომელსაც ფლობენ (მესაკუთრე ან მოიჯარე - ფინანსური იჯარის პირობებში) საიჯარო შემოსავლების მიღების ან კაპიტალის ღირებულების ზრდის ან ორივე მიზნით“. ბასს-ის მიხედვით „სხვა ქონება“ განმარტებული არ არის. სსკ-ის 201-ე მუხლის მიხედვით, საწარმო ქონების გადასახადის გადამხდელია „მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე და დაუმთავრებელ მშენებლობაზე“. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული „სხვა ქონების“ ღირებულება განხილულ იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზად, რაზეც დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით.

საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს სსკ-ის სსკ-ის 201-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომელთა თანახმად: 1. ქონების გადასახადის გადამხდელია:

ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;

ბ) არარეზიდენტი საწარმო – საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ქონებაზე (მათ შორის, იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე);

გ) ფიზიკური პირი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის პირი ქონების გადასახადის გადამხდელია მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

სსკ-ის მე-8 მუხლის 31-ე ნაწილის მიხედვით, ძირითადი საშუალება – მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.

სსკ-ის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, „საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“.

სსკ-ის მე-8 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, „ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (შემდგომში – ბასს) –ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომისიის მიერ დამტკიცებული და საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტები“.

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 16-ის (ძირითადი საშუალებები) მიხედვით, ეს სტანდარტი გამოყენებულ უნდა იქნეს ძირითადი საშუალებების აღრიცხვისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბუღალტრული აღრიცხვის რომელიმე სხვა საერთაშორისო სტანდარტი მოითხოვს ან უშვებს ბუღალტრული აღრიცხვის განსხვავებულ მიდგომას.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტ 16-ზე, რომლის მიხედვით „ძირითადი საშუალებები არის მატერიალური აქტივები, რომლებიც: ა) იმყოფება საწარმოს განკარგულებაში და გამოიყენება: წარმოებაში, ან საქონლის ან მომსახურების მისაწოდებლად, იჯარით გასაცემად ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის. და ბ) გათვალისწინებულია ერთ საანგარიშგებო პერიოდზე მეტი ხნით გამოსაყენებლად“.

საქმეზე არსებული მასალებით ირკვევა, რომ სს ----- -ს საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც წარმოადგენს შეუსრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში დასაკუთრებულ ქონებას (გირაოში დარჩენილი უძრავ-მოძრავი ქონება) და რომელიც გადამხდელის მიერ ბალანსზე აღრიცხულია „სხვა ქონებად“ გაცემულია იჯარით ერთ საანგარიშგებო პერიოდზე მეტი ხნით და ამ აქტივის ღირებულებას, მოგების გადასახადის მიზნებისათვის, სსკ-ის 112-ე მუხლის საფუძველზე გამოიქვითავს სრულად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ იჯარით გაცემული აქტივები, მათ შორის შეუსრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში დასაკუთრებულ ქონება, განხილულ უნდა იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად.

ამდენად, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. სს ----- ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ამ ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, აღნაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას ბანკის მიერ დასაკუთრებული მოძრავი ქონების იმ ნაწილზე, რომელიც იჯარით იყო გაცემული ბანკის მიერ.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: ბანკის საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც წარმოადგენს შეუსრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში დასაკუთრებულ ქონებას (გირაოში დარჩენილი უძრავ-მოძრავი ქონება „თვითმფრინავი“). სსკ-ის 112-ე მუხლის მიხედვით, მოგების გადასახადის მიზნებისათვის გაქვითულია 100%-ით. ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონება აღრიცხულია სხვა ქონებად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ განიხილავს ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზად.

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის და სსკ-ის 201-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული „სხვა ქონების“ ღირებულება განხილულ იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზად, რაზეც დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

 

დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ იჯარით გაცემული აქტივები, მათ შორის შეუსრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში დასაკუთრებულ ქონება, განხილულ უნდა იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად. ამდენად, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(31); 201

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტ 16; 40