გადაწყვეტილება №19693/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 19693/2/2023
08 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------- 16.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19693/2/2023).
დავის საგანი:
1. მიღებული ავანსის უკან დაბრუნების შემთხვევაში თანხის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში დატოვება;
2. შემოწმების წინა პერიოდში დაბეგრილი ავანსების გამოკლება მიმდინარე შემოწმებით დადგენილი
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან;
3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №007-392 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8872 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 262 466 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 560 477
დღგ - 356 139
მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - 1 586
მოგების გადასახადი - 1 501
საშემოსავლო გადასახადი -201 251
ჯარიმა - 394 939
საურავი - 307 050
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №007-392 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8872 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოში საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევით, თუმცა მომჩივანმა წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. საბჭომ გაითვალისწინა აღნიშნული მტკიცებულებები და საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება გასაჩივრების ვადის აღდგენასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მიღებული ავანსის უკან დაბრუნების შემთხვევაში თანხის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში დატოვება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობის სახეს წარმოადგენს საცხოვრებელი და კომერციული ფართების მშენებლობა/რეალიზაცია. კომპანიას განხორციელებული აქვს 2 პროექტი, კერძოდ: ---------- და -----------ში. ----------- პროექტი დასრულებულია შესამოწმებელ პერიოდამდე, მხოლოდ რამდენიმე საცხოვრებელი ფართის გადაფორმება განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში, ხოლო --------- პროექტის მშენებლობა დაწყებულია 2018 წლიდან და ბინების ძირითადი ნაწილის რეალიზაცია ხვდება შესამოწმებელ პერიოდში.
მომჩივანს 2017 წელს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ბარტერის ფარგლებში საცხოვრებელი ფართების გადაცემაზე. კერძოდ, მესაკუთრე ფიზიკურ პირთა ჯგუფი ამხანაგობა „----------“ საკუთრებაში გადასცემს მომჩივანს უძრავ ქონებას (მიწის ს/კ ------------) და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, ხოლო მომჩივანი თავის მხრივ ვალდებულია მობინადრეებს გადასცეს ფართები ახალ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში.
მომჩივანს საბუღალტრო აღრიცხვაში დაფიქსირებული აქვს თითოეული მობინადრის მიმართ ვალდებულება შესაბამისი ღირებულებით. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით, ბარტერის ფარგლებში გადაცემული ფართები დაიბეგრა გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ღირებულებით (თვითღირებულება + 10%).
ამასთან, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გარკვეულ საანგარიშო პერიოდებში, საწარმოს, საცხოვრებელი ფართების რეალიზაციასთან დაკავშირებით, არაზუსტად აქვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დასაბეგრი ბრუნვები, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველ ნაწილზე და გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ დღგ-ის ნაწილში არასწორად არის გამოთვლილი ავანსი 2020 წლის იანვრის და 2021 წლის ნოემბრის თვეებში. კერძოდ, 2020 წლის იანვრის თვეში კომპანიამ გააუქმა წინარე ხელშეკრულება ნინო სიხარულიძესთან და დაუბრუნა წინასწარ გადახდილი თანხა 34 593 ლარი. აღნიშნული თანხით გადამხდელის მიერ არ არის კორექტირებული დღგ-ის იანვრის თვის დეკლარაცია. აუდიტორს დღგ-ის ბრუნვის შემცირების ნაცვლად დამატებული აქვს 2020 წლის იანვრის თვის ავანსს და დაბეგრილი აქვს მეორეჯერ. იგივე საკითხი არის განმეორებული 2021 წლის ნოემბრის თვეში (6 996 ლარი) თანხა დაუბრუნდა არდაფილ მუსაევს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ნინო სიხარულიძისთვის და არდალიფ მუსაევისთვის თანხები დაბრუნებულია, თუმცა წინარე ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია შემოწმებისთვის.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გარკვეულ საანგარიშო პერიოდებში, საწარმოს საცხოვრებელი ფართების რეალიზაციასთან დაკავშირებით, არაზუსტად აქვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ ავანსები არ არის სრულად დაბეგრილი ორივე პროექტის ფარგლებში იმ კატეგორიის ბინებზე, რომლებიც მყიდველთა საკუთრებაში გადავიდა შესამოწმებელ პერიოდში (2019 წლიდან შემდგომ პერიოდებში).
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტორს დღგ-ის ნაწილში არასწორად აქვს ავანსი გამოთვლილი 2020 წლის იანვრის და 2021 წლის ნოემბრის თვეებში. კერძოდ, 2020 წლის იანვრის თვეში კომპანიამ გააუქმა წინარე ხელშეკრულება ნინო სიხარულიძესთან და დაუბრუნა წინასწარ გადახდილი თანხა 34 593,15 ლარი. აღნიშნული თანხით მის მიერ არ არის კორექტირებული იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაცია და აუდიტორს ნაცვლად იმისა, რომ შეემცირებინა (დაეკორექტირებინა) დღგ-ის ბრუნვა, პირიქით დაუმატა 2020 წლის იანვრის თვის ავანსს და დაბეგრა მეორედ. იგივე საკითხი არის განმეორებული 2021 წლის ნოემბრის თვეში თანხა (6 996 ლარი) დაუბრუნდა არდაფილ მუსაევს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8872 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8872 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. შემოწმების წინა პერიოდში დაბეგრილი ავანსების გამოკლება მიმდინარე შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის მიერ 2017-2018 წწ საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაბეგრილი იყო ავანსად მიღებული თანხები. მის მიმართ გამოყენებული სანქციებით დარღვეულია საგადასახადო კოდექსის მონიჭებული უფლება შეიმციროს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ავანსად წინასწარ გადახდილი დღგ-ის თანხის პროპორციულად. დღგ-ის დეკლარაცია ივსება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დადგენილი წესით, სადაც დღგ-ის დეკლარაციის დანართი „ა“-ს პირველი ნაწილის მე-2 გრაფაში შეიტანება საქონლის მიწოდებამდე ან/და მომსახურების გაწევამდე ანაზღაურებული თანხა, რომელიც რეალიზაციის დროს მცირდება და შეიტანება დღგ-ის დეკლარაციის მე-15 გვერდის 4¹ გრაფაში. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში ჯამურად ავანსის სახით 158 277 ლარით მეტი აქვს დაბეგრილი ვიდრე ეკუთვნოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე არ ეთანხმება აუდიტორის პოზიციას გასულ პერიოდში დაბეგრილი ავანსების არ შემცირებასთან და რეალიზაციის თანხების დასაბეგრ ბრუნვაში სრულად ჩართვასთან დაკავშირებით. აუდიტორის მიერ არ მომხდარა გასული პერიოდის ავანსების დაბეგვრის შესწავლა და მას პირდაპირ საწყის ნაშთად არსებული თანხები დამატებული აქვს რეალიზაციაზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი
ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებში, საწარმოს საცხოვრებელი ფართების რეალიზაციასთან დაკავშირებით, არაზუსტად აქვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2023 წლის №------------- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიის მიერ ავანსები არ არის სრულად დაბეგრილი ორივე პროექტის ფარგლებში იმ კატეგორიის ბინებზე, რომლებიც მყიდველთა საკუთრებაში გადავიდა შესამოწმებელ პერიოდში (2019 წლიდან შემდგომ პერიოდებში).
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან სადავო საკითხზე წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება მომჩივნის არგუმენტაცია, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 394 939 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №007-392 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 307 050,42 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ
გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს. იმ შემთხვევაში თუ მიჩნეულ იქნება, რომ დარიცხვა განხორციელებულია საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად კომპანია უნდა გათავისუფლდეს დარიცხული სანქციებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მიღებული ავანსის უკან დაბრუნების შემთხვევაში თანხის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში დატოვება;
2.შემოწმების წინა პერიოდში დაბეგრილი ავანსების გამოკლება მიმდინარე შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან;
3. სანქციებისგან გათავისუფლება;
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 275(2);272(1);269(7)