ბრძანება N 6739

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.03.2018
№ დოკუმენტი 6739
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6739

28/03/2018

შპს -----

(მის: ქ. -------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო 2018 წლის 07 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი N24) განიხილა შპს ----- საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 26 დეკემბრის N006-934 საგადასახადო მოთხოვნას.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

აცხადებს, რომ 2015 წლის ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა რეალიზებული აქტივების (ძირითადი საშუალებები - მილები საცხოვრებელი ვაგონები) სარეალიზაციო თანხით, ხოლო რეალიზაციის შესაბამისი გამოსაქვითი ხარჯის უმეტესი ნაწილი იგნორირებული იქნა შემოწმების მიერ ვინაიდან მან ვერ წარადგინა აქტივების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მომჩივანი ითხოვს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების დაანგარიშებას 0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და მოგების გადასახადში დარიცხული თანხების კორექტირებას.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით დგინდება, რომ რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 25 მაისის N14177 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული იქნა შპს ----- გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2017 წლის 21 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2017 წლის 26 დეკემბრის N35272 ბრძანება და ამავე თარიღის N006-934 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 2163621,13 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 1091666 ლარი, ჯარიმა 546433 ლარი და საურავი 525522,13 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება, რომ საზოგადოებას 2015 წელს რეალიზებული აქვს 1 104 309 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებები (მილები, საცხოვრებელი ვაგონები და სხვა) რომელზეც გამოწერილა სასაქონლო ზედნადები, გადამხდელმა აღნიშნული არ ჩათვალა მოგების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად და არ ასახა შესაბამის პერიოდის ერთობლივ შემოსავალში.

აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს და სსკ-ის მე-100 მუხლის შესაბამისად ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვას. შედეგად 1 104 309 ლარით გაიზარდა 2015 წლის ერთობლივი შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე და მიაკუთვნოს ისინი იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე“.

სსკ-ის მე-100 მუხლის თანახმად: „1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან; 3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად: „1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. 2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული“.

სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად: „1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. 2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით“.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად: „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.“

ყოველივე ზემოაღნიშნულის და საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს 2015 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაანგარიშების მიზნით იმსჯელოს შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 02 თებერვლის N1162 ბრძანებით დამტკიცებული N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენების მიზანშეწონილობაზე და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304–ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- -ს 2018 წლის 25 იანვრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს 2015 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაანგარიშების მიზნით იმსჯელოს შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 02 თებერვლის N1162 ბრძანებით დამტკიცებული N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენების მიზანშეწონილობაზე და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის სათანადო კორექტირება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 16) ან სასამართლოში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი ითხოვს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების დაანგარიშებას 0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და მოგების გადასახადში დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტით დგინდება, რომ გადამხდელს რეალიზებული აქვს ძირითადი საშუალებები (მილები, საცხოვრებელი ვაგონები და სხვა) რომელზეც გამოწერილა სასაქონლო ზედნადები, გადამხდელმა აღნიშნული არ ჩათვალა მოგების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად და არ ასახა შესაბამის პერიოდის ერთობლივ შემოსავალში. შემოწმების შედეგად აღნიშნული ოპერაცია სსკ-ის მე-100 მუხლის შესაბამისად დაექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვას.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაანგარიშების მიზნით იმსჯელოს შემოსავლების სამსახურის N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენების მიზანშეწონილობაზე და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 100(1); 275