გადაწყვეტილება №20169/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20169/2/2023
21 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 4.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20169/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2.06.2022 წლის №13716 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 თებერვლის №001-15 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ივნისის №13287 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 238 385 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 116 321
დღგ - 44 132
საშემოსავლო გადასახადი - 72 189
ჯარიმა - 58 161
საურავი - 63 903
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 მაისის №16155 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 1 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 17 დეკემბრის №39077 ბრძანება და №001-420 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 27 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 2 ივნისის №13716 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. შემოწმების მიერ გაანგარიშებული შემოსავლის სრულად ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 ივნისის №13716 ბრძანება არ დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 23.09.2022 წლის №16938/2/2022 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 2.06.2022 წლის №13716 ბრძანების აღსრულების მიზნით, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.01.2023 წლის დასკვნა, 7.02.2023 წლის №2056 ბრძანება და 8.02.2023 წლის №001-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 28 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 13 ივნისის №13287 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილ იქნა 2016 წლის კონკრეტული დოკუმენტაცია. ვინაიდან კომპანიის საგადასახადო შემოწმება მოიცავს 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 მაისამდე პერიოდს, გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები/მტკიცებულებები არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას იმისას, რომ კომპანიას 2018 წლის პირველი იანვრისთვის ნაშთად განესაზღვროს საწესდებო კაპიტალი 95 000 ლარის ოდენობით. ამასთან, შემოწმების მიერ განხორციელდა 2016-2017 წლების მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციების ანალიზი, რომლის საფუძველზეც კომპანიას უფიქსირდება მოგება. აგრეთვე, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში კომპანიის საკუთრებაში არ ფიქსირდება ქონება და არ აქვს წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციები. აღნიშნული არგუმენტების საფუძველზე, შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას (კორექტირებას) არ დაექვემდებარა.
საქმეში არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის №13287 ბრძანებაში არ არის დასაბუთებული თუ რატომ არ იქნა მიჩნეული მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია საკმარის მტკიცებულებად, რომ კაპიტალის ოდენობა განსაზღვრულიყო 95 000 ლარად, მაშინ როდესაც გადასახადის გადამხდელის მიერ ყველა დოკუმენტაცია იქნა მიწოდებული.
კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ერთი და იგივე პირია. გადასახადის დარიცხვის მომენტისთვის საწარმოს საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 95 000 ლარს, რაც დასტურდება შესაბამისი კრების ოქმებითა და სალაროს შემოსავლის ორდერებით. შესაბამისად, ჯერ უნდა მომხდარიყო საწესდებო კაპიტალის შემცირება (ამოწურვა) და შემდეგ დანარჩენი თანხა შეიძლებოდა დაბეგრილიყო ხელფასად. მომჩივნის მიერ წარდგენილია პარტნიორთა კრების ოქმები კაპიტალის გაზრდის შესახებ, ასევე სალაროს შემოსავლის ორდერები, რის საფუძველზეც პარტნიორმა მოახდინა საწესდებო კაპიტალის შევსება. აღნიშნული დოკუმენტაცია არის 2016 წლის თარიღით, ვინაიდან სწორედ ამ დროს მოხდა კაპიტალის გაზრდა და შენატანის განხორციელება. გასაჩივრებულ ბრძანებაში, ისევე როგორც 2023 წლის 26 იანვრის დასკვნაში ნათქვამია, რომ შესამოწმებელი პერიოდი მოიცავს 2018-2021 წლების პერიოდს და 2016 წლის დოკუმენტაციის წარდგენა არ მიიჩნევა საკმარის მტკიცებულებად, რომ 2018 წლის 1 იანვრისთვის საწესდებო კაპიტალად მიჩნეული ყოფილიყო 95 000 ლარი.
მომჩივნის მიერ წარდგენილია კაპიტალის გაზრდისა და შევსების დოკუმენტაცია იმ თარიღებში, რა დროსაც იგი განხორციელდა. მას შემდეგ კაპიტალის შემცირება კომპანიას არ მოუხდენია. შესაბამისად, აღნიშნული ადასტურებს, რომ კომპანიის კაპიტალი 2018 წლის 1 იანვრისთვისაც შეადგენდა 95 000 ლარს. გაუგებარია თუ სხვა რა სახის დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მომხდარიყო გადასახადის გადამხდელის მხრიდან, რომ აღნიშნული მიჩნეულიყო საკმარის მტკიცებულებად კაპიტალის განსაზღვრისთვის.
მომჩივანი ითხოვს სრულად გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.06.2023 წლის №13287 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 ივნისის №13716 ბრძანებით, შემოწმების მიერ გაანგარიშებული შემოსავლის ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა 2016 წლის დამფუძნებლის კრების ოქმი საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით, ასევე 2016 წლის შემოსავლის ორდერები, სადაც ასახულია თანხების შემოტანა დამფუძნებლის მიერ კომპანიაში, ასევე ახსნა-განმარტება და ძირითადი საშუალებების შესყიდვის აქტები. საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული დოკუმენტაცია. განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია საწარმოს წარმომადგენელთან. კომპანიის საგადასახადო შემოწმება მოიცავს 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 მაისამდე პერიოდს, შესაბამისად, 2016 წლების კონკრეტული დოკუმენტაცია არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას იმისას, რომ საწარმოს 2018 წლის 1 იანვრისთვის ნაშთად განესაზღვროს საწესდებო კაპიტალი 95 000 ლარის ოდენობით. ამასთან, საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა 2016-2017 წლების მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციების ანალიზი, რომლის საფუძველზეც მომჩივანს უფიქსირდება მოგება. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში კომპანიის საკუთრებაში არ ფიქსირდება ქონება და არ აქვს წარდგენილი ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 2.06.2022 წლის №13716 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 მაისის №16155 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 1 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 17 დეკემბრის №39077 ბრძანება და №001-420 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 27 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 2 ივნისის №13716 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 ივნისის №13716 ბრძანება არ დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 23.09.2022 წლის №16938/2/2022 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2.06.2022 წლის №13716 ბრძანების აღსრულების მიზნით, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.01.2023 წლის დასკვნა, 7.02.2023 წლის №2056 ბრძანება და 8.02.2023 წლის №001-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 28 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 13 ივნისის №13287 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(1"გ").