ბრძანება N 20493

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.09.2024
№ დოკუმენტი 20493
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20493

17 სექტემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ს (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2021 წლის 26 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის №3ბ/1747-23 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 10 ივნისის №18490 ბრძანება. 2021 წლის 26 აპრილის №85839/21-11 საჩივარში გადამხდელი არ ეთანხმებოდა მომსახურების დეპარტამენტის 2021 წლის 19 აპრილის №11738 ბრძანებას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №99).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 2017 წლის 1 თებერვალს მოიპოვა ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოწმობა №19-05/301, რომლის ვადაა 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადამხდელმა ბოლოს მოსაკრებელი გადაიხადა 2020 წლის 30 იანვარს, რის შემდგომაც მიიღო ნებართვა 1 წლის განმავლობაში განეხორციელებინა კანონით განსაზღვრული აზარტული და მომგებიანი სათამაშო ბიზნესი. გადამხდელმა ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო, 2020 წლის 17 მარტს წერილობით აცნობა (განცხადება ID ---) შემოსავლების სამსახურს საქმიანობის დროებით შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა“ შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 დეკრეტისა და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 1 მარტამდე დასაშვები იყო მხოლოდ სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული და მომგებიანი თამაშების მომსახურება.

შესაბამისად, ვინაიდან გადამხდელი ფიზიკურად ვერ ახორციელებდა და არ აქვს ელექტრონული მომსახურება, ფაქტობრივად აეკრძალა ბიზნესის ფანხორციელება. გადამხდელმა 2021 წლის 2 აპრილს წერილობით მიმართა (განცხადება ID ---) შემოსავლების სამსახურს, ვინაიდან იმედოვნებდა, რომ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის შემდგომ 1 წლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მთავრობის დადგენილებითა და პრეზიდენტის დეკრეტით აეკრძალათ მუშაობის უფლება, შეჩერდებოდა 2020 წლის 17 მარტიდან და საქმიანობის განხორციელების განახლების შემდგომ აეთვლებოდა დარჩენილი 9 თვე და 14 დღე.

გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ 2021 წლის 15 აპრილს განხორციელდა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ (დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები) „კ“ (შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები. კერძოდ, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით) და „ლ“ (აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის საქმიანობის შეწყვეტამდე/განახლებამდე წერილობით აცნობოს შემოსავლების სამსახურს ამ საქმიანობის შეწყვეტის/განახლების თაობაზე) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება, რომლის საფუძველზეც 2021 წლის 19 აპრილს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის №11738 ბრძანებით ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოეცხადა გაფრთხილება.

გადამხდელს ასევე განესაზღვრა 10 დღიანი ვადა სანებართვო პირობების შესასრულებლად. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე ადგებათ კიდევ უფრო მეტი ზიანი, ვინაიდან შეუჩერდათ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა და მათ მიერ გადახდილი 40000 ლარი არ დაუბრუნა შემოსავლების სამსახურმა. მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2021 წლის 19 აპრილის №11738 ბრძანებას და ითხოვს მის ბათილად ცნობას.

 

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2021 წლის 12 აპრილის №10665 ბრძანების საფუძველზე, 2021 წლის 15 აპრილს განხორციელდა ტოტალიზატორის მოწყობის №19-05/301 ნებართვის მფლობელის - შპს „---“-ს (ს/ნ---) მიერ ორგანიზებულ ობიექტში (ქ.----) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ (დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები), „კ“ (შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები, კერძოდ, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით) და „ლ“ ქვეპუნქტებით (აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის საქმიანობის შეწყვეტამდე/განახლებამდე წერილობით აცნობოს შემოსავლების სამსახურს ამ საქმიანობის შეწყვეტის/განახლების თაობაზე) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება.

სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმებისას დადგინდა, რომ შპს „----“-ს (ს/ნ ---) სახელზე შემოსავლების სამსახურის მიერ ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა №19-05/301 გაცემულია 2017 წლის 1 თებერვალს. შპს „----“-მ (ს/ნ ---) პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადა კანონით დადგენილ ვადაში. ნებართვის მფლობელმა 2020 წლის 17 მარტს შემოსავლების სამსახურს წერილობით აცნობა (განცხადების ID: ----) საქმიანობის დროებით შეწყვეტის შესახებ, რაც განპირობებული იყო ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციით, კერძოდ „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტისა და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 1 მარტამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აზარტული და მომგებიანი თამაშების მომსახურების მიწოდება დასაშვები იყო მხოლოდ სისტემურ-ელექტრონული ფორმით. 2021 წლის 2 აპრილს ნებართვის მფლობელმა წერილობით აცნობა (განცხადების ID: ---) შემოსავლების სამსახურს საქმიანობის განახლების შესახებ.

ნებართვის მფლობელის მიერ არ იქნა გადახდილი მე-5 წლის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2021 წლის 31 იანვრისა. აღნიშნულით დარღვეულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველის პუნქტის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაზეც შედგა შემოწმების აქტი №12.

აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შპს „---“-ს (ს/ნ ---) 2021 წლის 19 აპრილის №11738 ბრძანების საფუძველზე დაეკისრა სანქცია გაფრთხილების სახით. შპს „----“-მ (ს/ნ ----) 2021 წლის 26 აპრილს შემოსავლების სამსახურში წარმოადგინა №85839/21-11 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმებოდა და ითხოვდა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2021 წლის 19 აპრილის №11738 ბრძანების ბათილად ცნობას. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 10 ივნისის №18490 ბრძანებით შპს „---“-ს (ს/ნ ----) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 10 ივნისის №18490 ბრძანება მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით შპს „----“-ის (ს/ნ ---) მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/3631-21) მომჩივნის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე №3/3631-21) გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სადავო არ არის შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2021 წლის 19 აპრილის №11738 ბრძანება, რომლითაც გადამხდელს სანებართვო პირობების დარღვევის გამო დაეკისრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახდელის მსუბუქი ფორმა - გაფრთხილება, თუმცა, მომჩივნის მიზანია, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემოსავლების სამსახურის ბრძანების ბათილად ცნობით, საგადასახადო ორგანოში საჩივარში მითითებული საკითხების ხელახალი განხილვა, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რა დროსაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს იმ პრინციპებით რაც დადგენილია საგადასახადო კოდექსითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებული უფლებებიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3ბ/1747-23) დაკმაყოფილებულ იქნა მომჩივნის სააპელაციო საჩივარი და სარჩელი. კერძოდ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 10 ივნისის №18490 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით (Nბს-288(კ-24) შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება.

ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი დააწესოს. ამ მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე შეიძლება შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნული შემოწმების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონის 29- ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტების თანახმად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები და გადასახადები და შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის საქმიანობის შეწყვეტამდე/განახლებამდე წერილობით აცნობოს შემოსავლების სამსახურს ამ საქმიანობის შეწყვეტის/განახლების თაობაზე.

სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის თანახმად, სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.

სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 1011 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), აზარტული კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 107 და 108 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია შესაბამისი ნებართვის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადოს ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 104 , 105 , 106 და 10 11 პუნქტებით დადგენილი ოდენობით.

ამასთანავე, აღნიშნული სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება და მისი გადახდის შესახებ განაცხადი შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ამ ნებართვის გაცემის დღიდან არაუგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე.

აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება სრულად, იმ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ან სამორინის მოწყობის ნებართვის მიმდინარე წლის დასრულებამდე დარჩენილი დღეების მიუხედავად, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში შეადგენს 10000 ლარს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, რაც თავის მხრივ განაპირობებს ადმინისტრაციული სახდელის უფრო მსუბუქი ფორმის გამოყენებას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადგინდა, რომ ნებართვის მფლობელის მიერ დარღვეულ იქნა „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტითა და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. თავად სამართალდარღვევა კი გამოწვეულია ნებართვის მფლობელის ნებისგან დამოუკიდებლად, განსაკუთრებული მოვლენებიდან და ობიექტურად არსებული გარემოებებიდან, რისი გათვალისწინებაც ნებართვის მფლობელებს წინასწარ არ შეეძლოთ და რამაც გამოიწვია ნებართვის მფლობელის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა.

ამასთან, ვინაიდან „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევები განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახეს და მათ მიმართ სრულად ვრცელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობები, მომსახურების დეპარტამენტმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იხელმძღვანელა იმ ძირითადი პრინციპებით, რაც დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

შესაბამისად, დასახელებული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, „ლატარიების აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ჯარიმის ნაცვლად სამართალდამრღვევს შეეფარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახდელის მსუბუქი ფორმა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რის საფუძველზეც შეიძლება მოხდეს გადახდილი სანებართვო მოსაკრებლისთვის დამატებითი პერიოდის განსაზღვრა ან სანებართვო მოსაკრებლის დაბრუნება ნებართვის შეჩერებიდან გამომდინარე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევას, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---“-ს (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), ამ ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2021 წლის 19 აპრილის №11738 ბრძანებას და ითხოვს მის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადამხდელის მიერ დარღვეულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველის პუნქტის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაზეც შედგა შემოწმების აქტი. სამართალდარღვევაზე მომჩივანს დაეკისრა სანქცია გაფრთხილების სახით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულ იქნა მომჩივნის სააპელაციო საჩივარი და სარჩელი. კერძოდ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 10 ივნისის №18490 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა: ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლს;

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილს;

სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ და მეორე პუნქტს;

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს.