ბრძანება N 21252

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.08.2023
№ დოკუმენტი 21252
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 21252

30 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ ------)

(მის.: ---------)

2023 წლის 14 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №87) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ ------) 2023 წლის 14 ივლისის №121071/21-14 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 ივნისის №094-43 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, შეძენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებას შორის გამოვლენილ სხვაობას. განმარტავს, რომ 2010 წლის მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაფიქსირდა შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების 15 381,28 ლარით ნაკლები რაოდენობა, რომელიც ასახულია (ჩათვლილია) გადამხდელის მიერ წარდგენილ 2010 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში. აღნიშნული მოქმედება გამოწვეული იყო მექანიკური შეცდომით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიღებული პროდუქცია რეალიზებული და ასახულია სექტემბრის დეკლარაციით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა განმეორებით განახორციელა დარიცხვა. აღნიშნული ნათლად ჩანს რენტაბელობის ცხრილით, კერძოდ - პირველ გრაფაში, როცა შეძენილი პროდუქცია არ არის ასახული რენტაბელობა 17.16 %-ია. ხოლო ხარჯად აღიარების შემთხვევაში კი რენტაბელობა 11.78%-ს შეადგენს, რაც რეალურია სხვა თვეებთან მიმართებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოწმების პერიოდში ალტერნატიულმა აუდიტმა („------“) წარმოადგინა შემოსავლების სამსახურიდან, მათ მიერ მოთხოვნილი, 2010 წელს შპს „------ს“ მიერ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი, სადაც ნათლად ჩანს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩამონათვალი, გამოიკვეთა მხოლოდ ერთი ფაქტურის არ არსებობა. გამოირკვა, რომ მხოლოდ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები აკლდა მოგების დეკლარაციაში ასახულ ციფრს, თუმცა შემოწმებამ ჩაწერა სხვა ციფრი სხვაობით - 269.72 ლარი, (ნაცვლად 15 381,28 ლარი ჩაიწერა 15 651 ლარი). მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირებას).

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის №ბს-688(2კ-20) განჩინებით შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ივლისის №3ბ/373-18 განჩინება. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, არ დაკმაყოფილდა შპს „------ს“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები და უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მაისის №3/73-15 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

,,1. შპს „-------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 28 ნოემბრის №61210 ბრძანება და 2013 წლის 28 ნოემბრის №94-356 საგადასახადო მოთხოვნა; დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „-------ს“ მიმართ.

3. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 31 იანვრის №5234 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება.

გადაწყვეტილების თანახმად:

„საგადასახადო ორგანო შპს „-------ს“ მიერ განხორციელებული ოპერაციისთვის კვალიფიკაციის განსაზღვრისას ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა არსებული მტკიცებულებები სრულყოფილად, რაც არ განხორციელებულა. კერძოდ, შემმოწმებლის მიერ 2008 წლის 31 ივლისის შეთანხმება არ იქნა გაზიარებული იმის გამო, რომ გადამხდელის მიერ სადავო ხელშეკრულების ცვლილების წარდგენა მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიტყო გადასახადის დარიცხვის საშიშროების შესახებ, ამასთან, დოკუმენტის შეცვლის და მისი სავარაუდო გაყალბება/ფალსიფიკაციის ნიშნები იქნა შემჩნეული. სასამართლო ვერ გაიზიარებს შემმოწმებლის პოზიციას და განმარტავს, იმ გარემოებაზე მითითება, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დოკუმენტის სიყალბეს ვერ იქნება მიჩნეული საკმარის არგუმენტად იმისა, რომ არ მომხდარიყო 31.07.2008 წ. ცვლილებების გათვალისწინება, რამდენადაც დოკუმენტის სიყალბე დადგენილი უნდა იყოს სათანადო მტკიცებულებებით. მართალია, დადგენილია, რომ დოკუმენტის სავარაუდო გაყალბების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა გამოძიებას დღემდე შედეგი არ მოჰყოლია. შესაბამისად, დოკუმენტის შესაძლო გაყალბებაზე მითითება ვერ იქნება მიჩნეული ხელშეკრულების ცვლილებების გაუთვალისწინებლობის საკმარის საფუძვლად.

2008 წლის 5 ივლისის ხელშეკრულებით მხარეთა შორის წარმოიშვა ქირავნობის ურთიერთობა, ქირავნობის საგანს წარმოადგენდა შპს „------ს“ კუთვნილი ავტომანქანა მანი ----- -------, ხოლო ქირავნობის ფასი შეადგენს თვეში 300 (სამას) ლარს. ამასთან, ამავე ხელშეკრულების 3.დ. პუნქტით დადგინდა გამქირავებლის-შპს „-------ს“ ვალდებულება დამქირავებელს აუნაზღაუროს საწვავის ხარჯი, როდესაც დამქირავებელი მოახდენს ტვირთის უსასყიდლოდ გადაზიდვებს. ამდენად, მხარეებს შორის არსებობს ქირავნობის ურთიერთობა.

2008 წლის 5 ივლისის ხელშეკრულების მითითებული დებულებების ერთობლივი და ურთიერთშეჯერებული ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, იმ პირობებში, როდესაც შპს „-------სა“ და ი/მ „-------ს“ შორის ვალდებულებითი ერთიერთობა წარმოიშვა 2008 წლის 5 ივლისის ხელშეკრულებით, რომელიც არის სასყიდლიანი, მსჯელობა აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული დამქირავებლის ვალდებულებების უსასყიდლო მომსახურებად მიჩნევის თაობაზე, იმთავითვე საფუძველს მოკლებულია.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ხელშეკულების 3.დ. პუნქტი არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი განმარტების შესაძლებლობას, მითითებული დავალება შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ დამქირავებელი გამქირავებელს კონკრეტული მიმართულებით ყოველთვის უწევს უსასყიდლო მომსახურებას და შესაბამისად, შპს გამქირავებელი ანაზღაურებს მხოლოდ საწვავის ხარჯს, ასევე შეიძლება წაკითხულ იქნეს იმგვარად, რომ, როდესაც მხარეები შეთანხმდებიან მითითებული მიმართულებით ტვირთის უსასყიდლო გადაზიდვაზე, შპს „-------“ -------ს აუნაზღაურებს საწვავის ხარჯს. მოპასუხეთა პოზიცია ამ კუთხითაც დაუსაბუთებელია, კერძოდ, არ არის დასაბუთებული ხელშეკრულების ზემოაღნიშნული არაერთმნიშვნელოვანი დებულება რატომ იქნა განმარტებული იმგვარად, რომ დამქირავებელი გამქირავებელს კონკრეტული მიმართულებით ყოველთვის უწევდა უსასყიდლო მომსახურებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 28 ნოემბრის №61210 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 28 ნოემბრის №94-356 საგადასახადო მოთხოვნა უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ საწვავის მიწოდების საბაზრო ფასით მიწოდებად განხილვის ნაწილში და სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს აღნიშნულ ნაწილში, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

რაც შეეხება შეძენილსა და დეკლარაციაში ასახულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებას შორის გამოვლენილ სხვაობას, მითითებულ საკითხთან მიმართებაში სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა პოზიციას და განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ იქნა შპს „------ს“ დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შეძენილი საქონლის ღირებულება შეადგენდა 259 35 48.55 ლარს, სხვაობა 15 651 ლარს, რაც არ შეესაბამებოდა არცერთ ანგარიშფაქტურაში მითითებულ თანხას. გადამხდელი მიუთითებდა, რომ სხვაობა გამოწვეული იყო 2010 წლის სექტემბრის შეძენის გამორჩენით, თუმცა თავად გადამხდელის მიერ წარდგენილი ყოველთვიურად შეძენილი საქონლის შემმოწმებლის მიერ დადგენილ შეძენებთან შედარებით სხვაობა დაფიქსირდა ყოველ თვეში. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს სასაქონლო მატერიალური ფასეულობების სხვაობა დაუდგინა არა ერთი საგასახადო ანგარიშ-ფაქტურის მექანიკურად გამორჩენის გამო, არამედ თვეების მიხედვით შეძენების გადამხდელის მიერ წარდგენილ შეძენებთან შეპირისპირებით, რამაც საბოლოო ჯამში შეადგინა 15 651 ლარი. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ თავი ვერ გაართვა მისთვის კანონით დაკისრებულ მტკიცების ვალდებულებას, რაც გამორიცხავს აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას.

აღნიშნული ნორმების და ასევე, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 28 ნოემბრის №61210 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 28 ნოემბრის №94-356 საგადასახადო მოთხოვნა უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ საწვავის მიწოდების საბაზრო ფასით მიწოდებად განხილვის ნაწილში, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი აღნიშნულ აქტებზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტებიც - სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 31 იანვრის №5234 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ საწვავის მიწოდების საბაზრო ფასით მიწოდებად განხილვის ნაწილში.“

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მაისის №3/73-15 გადაწყვეტილების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ივლისის №3ბ/373-18 და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის №ბს688(2კ-20) განჩინებების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 9 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული გადასახადი 14 070 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 15 ივნისის №094-43 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მაისის №3/73-15 გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, დოკუმენტის სავარაუდო გაყალბების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა აუდიტის დეპარტამენტიდან გაგზავნილი 2023 წლის 7 აპრილის წერილის პასუხად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან შემოსული წერილის მიხედვით, გამოგზავნილი მასალების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში გამოძიება არ დაწყებულა. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა განსახილველ თემაში აღნიშნული თანხის შემცირება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ საწვავის მიწოდების საბაზრო ფასით მიწოდებად განხილვის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა აღსრულება და სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მაისის №3/73-15 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, შეძენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებას შორის გამოვლენილ სხვაობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი: როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მაისის №3/73-15 გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, დოკუმენტის სავარაუდო გაყალბების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა აუდიტის დეპარტამენტიდან გაგზავნილი 2023 წლის 7 აპრილის წერილის პასუხად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან შემოსული წერილის მიხედვით, გამოგზავნილი მასალების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში გამოძიება არ დაწყებულა. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა განსახილველ თემაში აღნიშნული თანხის შემცირება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).