გადაწყვეტილება №18029/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18029/2/2022
24.11.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --------------- (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი/აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.11.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------------- 17.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18029/2/2022).
დავის საგანი:
1. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისისთვის შეფარდებული სანქცია;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
3. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია გასაჩივრების ვადა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.02.2017 წლის №CB723858 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 14.03.2017 წლის №6595 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 29.04.2020 წლის №11854 ბრძანება;
4. შემოსავლების სამსახურის 9.08.2021 წლის №25994 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
21 290,59 ლარი.
21.02.2017 წლის №CB723858 სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა - 5 322,59 ლარი.
29.04.2020 წლის №11854 ბრძანება - 15 968 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 10 645 ჯარიმა - 5 323
პროცედურული გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.12.2016 წლის №ბ-443/2016 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შერჩევითი ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ დანაკლისზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.02.2017 წლის №CB723858 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ სანქცია, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.03.2017 წლის №6595 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2020 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ ამავე დეპარტამენტის 29.04.2020 წლის №11854 ბრძანება.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.02.2017 წლის №CB723858 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და აუდიტის დეპარტამენტის 29.04.2020 წლის №11854 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 9.08.2021 წლის №25994 ბრძანებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.02.2017 წლის №CB723858 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 29.04.2020 წლის №11854 ბრძანების ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის 14.03.2017 წლის №6595 და 9.08.2021 წლის №25994 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის, მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და მე-9 ნაწილის თანახმად:
4. პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი;
6. წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა მის საცხოვრებელ ადგილზე ამ პირთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს;
9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 19.10.2022 წლის №--------21-02 და 25.10.2022 წლის №-------21-04 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 14.03.2017 წლის №6595 ბრძანება ადრესატს ჩაბარდა ფოსტით 12.06.2017 წელს. ასევე, ფიქსირდება აღნიშნული ბრძანების გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის მეშვეობით ელექტრონულად გაცნობა 13.02.2020 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 14.03.2017 წლის №6595 ბრძანების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 3.07.2017 წელი (გასაჩივრების ვადის მე-20 დღე, 2.07.2017 წელი ემთხვევა არასამუშაო კვირა დღეს). ხოლო, საჩივარი (№18029/2/2022) დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია საფოსტო დაწესებულების მეშვეობით 13.10.2022 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის 9.08.2021 წლის №25994 ბრძანებას, შემოსავლების სამსახურის 25.10.2022 წლის №--------21-04 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 16.09.2021 წელს. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 6.10.2021 წელი. ხოლო, საჩივარი (№18029/2/2022) დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია საფოსტო დაწესებულების მეშვეობით 13.10.2022 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტაცია სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.
ამგვარად, ვინაიდან გასულია სადავო აქტების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ არსებობს საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გაათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.