ბრძანება N 22083

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.10.2024
№ დოკუმენტი 22083
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22083

10 ოქტომბერი 2024

ბრძანება

ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------")

(ფაქტ. მის: "-------" )

2024 წლის 29 სექტემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2024 წლის 4 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") №92136/1/2024 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 29 აგვისტოს №CB1665116 და №CB1665119 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობას, მაგრამ საჩივარში აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით პოზიცია/არგუმენტები არ აქვს მითითებული.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობას და განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ აღურიცხავად მიჩნეული ორი ცალი მობილური ტელეფონი, რომელიც მიმდინარე კონტროლის პროცედურის დროს იყო მაღაზიაში, წარმოადგენდა მისი ნათესავის საკუთრებას, რაც ასევე განუმარტა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებს, რომლებმაც არ გაითვალისწინეს მისი ახსნა-განმარტება და აღნიშნული ტელეფონები ჩათვალეს აღურიცხველ საქონლად. გადამხდელი, ასევე, აღნიშნავს, რომ აღურიცხველად მიჩნეულია USB კაბელები და დინამიკები, რომლებზეც გააჩნია საბაჟო დეკლარაციები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებისა და მათ საფუძველზე დარიცხული სანქციების გაუქმებას.

 

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 2 ივლისის №15489 ბრძანების თანახმად, განხორციელდა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") (იურიდიული მის: "-------") სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა.

2023 წლის პირველი მაისიდან ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------") მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა მობილური ტელეფონების და აქსესუარების იმპორტი, ასევე ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და რეალიზაცია.

გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილ ობიექტზე ბრძანების შესაბამისად განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, რა დროსაც გაირკვა, რომ მეწარმე არ აწარმოებდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №999-ის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს. ასევე, გაირკვა რომ მეწარმეს არ ჰქონდა გამოკრული ფასის მაჩვენებლები მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილზე. საკონტროლო შესყიდვის განხორციელების შემდგომ, 2024 წლის 2 ივლისს ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------") ჩაბარდა ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ ბრძანება. მასვე ჩამოერთვა ხელწერილი, რომ ყველა ბუღალტრული საბუთი დამუშავებულია, მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღებულია შემოსავალში, ხოლო რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოწერილია. ასევე ჩამოერთვა ხელწერილი იმის შესახებ რომ მისი კუთვნილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობები არ ინახება სხვაგან და არც სხვისი კუთვნილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობები ინახებოდა მასთან. ჩამოერთვა ხელწერილი იმის შესახებ, რომ იგი აწარმოებს რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფინანსურ აღრიცხვას. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ინვენტარიზაციის ბრძანების ჩაბარებამდე მას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია არ აქვს ჩატარებული და საგადასახადო ორგანოში არ აქვს ნაცნობები სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ან/და აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ.

საინვენტარიზაციო კომისიამ მოახდინა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთების აღწერა. ჩატარებული აღწერის მონაცემები კომისიის მიერ შეტანილ იქნა სასაქონლო– მატერიალური ფასეულობების აღწერის შესახებ ოქმში. გადასახადის გადამხდელს ჩამოერთვა განმარტებითი ბარათი, რომ მის მიერ გადამოწმებულ იქნა საინვენტარიზაციო უწყისები და გასწორებულ იქნა აღმოჩენილი შეცდომები, საინვენტარიზაციო კომისიამ ფასეულობები აღწერა სწორად, კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია და აღწერილ ფასეულობებს იღებს თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ შესანახად.

ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") კუთვნილ ობიექტში ინვენტარიზაციის დაწყების მდგომარეობით სულ აღმოჩნდა 423510.5 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები.

ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------") სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმი წარმოდგენილი იქნა არასრული მონაცემებით.

ინვენტარიზაციის საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2023 წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე პერიოდი (02.07.2024 წ);.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაქონლო ზედნადებებით და საბაჟო დეკლარაციებით მიღებულმა სასაქონლო-მატერიალურმა ფასეულობებმა თვითღირებულებით შეადგინა 88561.01 ლარი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, 2023 წლის პირველი იანვრიდან – 2024 წლის 2 ივლისის განმავლობაში რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება შეადგინა 5586.01 ლარი.

ფასნამატის გაანგარიშება მოხდა ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სრული მონაცემებიდან გამომდინარე, რომელმაც შეადგინა 414.43%. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2024 წლის 2 ივლისის) სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ნაშთმა თვითღირებულებით შეადგინა 87474.87 ლარი.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა თვითღირებულებით შეადგინა 7997.54 ლარი, ხოლო ფასნამატის - 414.43% გათვალისწინებით კი 41141.77 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგად ასევე გამოვლინდა 6877.5 ლარის ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------") 2024 წლის 14 აგვისტოს ჩაბარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტი, რაზეც გადასახადის გადამხდელმა არ წარმოადგინა წერილობითი პოზიცია.

საბოლოოდ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 41141.77 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე ითვალისწინებს ჯარიმას 4114.18 ლარის ოდენობით. ამასთან, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ იქნა 6877.5 ლარის აღურიცხველი სასაქონლო მატერიალური ფასეულობები, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ითვალისწინებს ჯარიმას 3538.75 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 29 აგვისტოს შედგენილ იქნა №CB1665116 და №CB1665119 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები.

გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ 2 ცალი მობილური ტელეფონი წარმოადგენდა სხვა პირის საკუთრებას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს №15489 ბრძანების ჩაბარებასთან ერთად ჩამოერთვა ხელწერილები სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დაწყებამდე, სადაც მეწარმემ დააფიქსირა, რომ მისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები არ ინახება სხვაგან და არც სხვისი სასაქონლომატერიალური ფასეულობები ინახება მეწარმესთან. ამასთან, აღნიშნული მობილური ტელეფონები განთავსებული იყო დახლზე სხვა სარეალიზაციოდ განთავსებული პროდუქციის გვერდით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, შესაბამისად აღნიშნული პროდუქცია საინვენტარიზაციო კომისიის მიერ აღწერილი და შეტანილი იქნა დანართ №16-ში.

გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ აღურიცხველად მიჩნეულ USB კაბელებსა და დინამიკებზე გააჩნია შესაბამისი საბაჟო დეკლარაციები, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელმა 2024 წლის 12 აგვისტოს №"-------" განცხადებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინა დამატებითი სააღრიცხვო დოკუმენტაცია ფაქტობრივად აღწერილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებთან დაკავშირებით (დანართი №21). აღნიშნული დოკუმენტაციის გავლა მოხდა გადასახადის გადამხდელის თანდასწრებით, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი აღურიცხველი სასაქონლომატერიალური ფასეულობების, კერძოდ, ზემოაღნიშნული დინამიკებისა და USB კაბელების იდენტიფიკაციისათვის გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იყო საკმარისად ზუსტი იმისათვის, რომ აღნიშნული მხედველობაში მიეღო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო №CB1665116 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს იმგვარ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სადავო №CB1665119 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლზე, რომლის თანახმად:

1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ აღურიცხავად მიჩნეული ორი ცალი მობილური ტელეფონი, რომელიც მიმდინარე კონტროლის პროცედურის დროს იყო მაღაზიაში, წარმოადგენდა მისი ნათესავის საკუთრებას, რაც განუმარტა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებს, რომლებმაც არ გაითვალისწინეს მისი ახსნაგანმარტება და აღნიშნული ტელეფონები ჩათვალეს აღურიცხველ საქონლად. ასევე, იმ გარემოებაზე, რომ აღურიცხველად მიჩნეულია USB კაბელები და დინამიკები, რომლებზეც გააჩნია საბაჟო დეკლარაციები.

საქმეზე არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში სადავო საკითხთან (აღურიცხველ სმფ-ებთან) დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები (მათ შორის, 2 ცალ ტელეფონთან დაკავშირებით მესამე პირის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები/მტკიცებულებები. აღურიცხველად მიჩნეულ დინამიკებთან და USB კაბელებთან დაკავშირებით შესაბამისი საბაჟო დეკლარაციები ჩაშლილი საქონლის დასახელებისა და რაოდენობის მიხედვით). ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო №CB1665119 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში სადავო საკითხთან (აღურიცხველ სმფ-ებთან) დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები (მათ შორის, 2 ცალ ტელეფონთან დაკავშირებით მესამე პირის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები/მტკიცებულებები. აღურიცხველად მიჩნეულ დინამიკებთან და USB კაბელებთან დაკავშირებით შესაბამისი საბაჟო დეკლარაციები ჩაშლილი საქონლის დასახელებისა და რაოდენობის მიხედვით).

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება);

3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობას, მაგრამ საჩივარში აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით პოზიცია/არგუმენტები არ აქვს მითითებული.

2. გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ 2 ცალი მობილური ტელეფონი წარმოადგენდა სხვა პირის საკუთრებას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს №15489 ბრძანების ჩაბარებასთან ერთად ჩამოერთვა ხელწერილები სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დაწყებამდე, სადაც მეწარმემ დააფიქსირა, რომ მისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები არ ინახება სხვაგან და არც სხვისი სასაქონლომატერიალური ფასეულობები ინახება მეწარმესთან. ამასთან, აღნიშნული მობილური ტელეფონები განთავსებული იყო დახლზე სხვა სარეალიზაციოდ განთავსებული პროდუქციის გვერდით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ აღურიცხველად მიჩნეულ USB კაბელებსა და დინამიკებზე გააჩნია შესაბამისი საბაჟო დეკლარაციები, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის განმარტავს, რომ გადამხდელმა განცხადებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინა დამატებითი სააღრიცხვო დოკუმენტაცია ფაქტობრივად აღწერილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებთან დაკავშირებით.აღნიშნული დოკუმენტაციის გავლა მოხდა გადამხდელის თანდასწრებით, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი აღურიცხველი სასაქონლომატერიალური ფასეულობების, კერძოდ, ზემოაღნიშნული დინამიკებისა და USB კაბელების იდენტიფიკაციისათვის გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იყო საკმარისად ზუსტი იმისათვის, რომ აღნიშნული მხედველობაში მიეღო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

286(4),