ბრძანება N 10168

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.05.2023
№ დოკუმენტი 10168
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 10168

10.05.2023

შპს ,,-----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ---------------)

2023 წლის 31 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 აპრილის სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა შპს ,,-----------“ (ს/ნ ----------) №492168 (რეგ.№57046/01) საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 მარტის №4011 ბრძანებასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებას, რომლითაც უარი ეთქვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, შუალედური აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული ჯარიმის თანხის შემცირებაზე. მიუთითებს, რომ საწარმოს კამერალური შემოწმება დაიწყო ერთი ბრძანებით, მაგრამ 2017, 2018, 2019-2020 წლებზე შედგა ცალცალკე შემოწმების აქტები. კომპანიამ გამოიყენა საგადასახადო კოდექსით დადგენილი უფლება და გამოცემული სამართლებრივი აქტი აღიარა იმ ნაწილში, რა ნაწილშიც მას ეთანხმებოდა. რაც შეეხება 2017 და 2019-2020 წლების პერიოდზე გამოცემულ შემოწმების აქტებს, ისინი ისევ დავის საგანს წარმოადგენს და გასაჩივრებულია ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. განმარტავს, რომ N007-389 საგადასახადო მოთხოვნა გამოიცა 2022 წლის 28 დეკემბერს, აღნიშნული მოთხოვნით დაკისრებული ვალდებულება კომპანიამ შეასრულა 30 დღეში. შესაბამისად, მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია აბსურდულია. ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით დადგენილი შეღავათით სარგებლობის უფლებას.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 24 თებერვალს გამოცემული დასკვნით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 9 სექტემბრის №26951 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------’’ (ს/ნ --------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განსაზღვრა 2017 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. აღნიშნული შემოწმების ფარგლებში შედგენილია შემდეგი შემოწმების აქტები:

1. 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე - 2020 წლის 29 დეკემბრის შუალედური შემოწმების აქტი, რომლის შედეგები დაკორექტირდა 2022 წლის 6 დეკემბრის დასკვნით და საწარმოს დამატებით გადასახდელად დაეკისრა 69 309 ლარი, მათ შორის გადასახადი 37 327 ლარი და ჯარიმა - 31 912 ლარი.

2. 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე - 2021 წლის 30 დეკემბრის შუალედური შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც საწარმოს სულ ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად დაეკისრა 66 029 ლარი. მათ შორის გადასახადი - 45 415 ლარი და ჯარიმა - 20 614 ლარი. აღნიშნულ აქტთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის 25 იანვარს შემოსავლების სამსახურში წარმოადგინა საჩივარი, რომელიც 2022 წლის 17 ივნისის N15500 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 ივნისის N15500 ბრძანების აღსრულების მიზნით შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე 2022 წლის 7 დეკემბრის დასკვნა, რომლის მიხედვით 2021 წლის 30 დეკემბრის შუალედური საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად დაკისრებული თანხები დაკორექტირდა (შემცირდა) სულ 28 456 ლარით, მათ შორის, გადასახადი - 21 790 ლარით და ჯარიმა - 6 666 ლარით.

3. 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდზე - 2022 წლის 22 დეკემბრის შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც საწარმოს სულ ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად დაეკისრა 57 282 ლარი. მათ შორის გადასახადი - 21 080 ლარი და ჯარიმა - 42 254 ლარი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით შემცირდა 36 202 ლარამდე.

აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის N9127-21-04 წერილით ეცნობა, რომ შპს „---------’’ 2023 წლის 12 აგვისტოს განცხადების საფუძველზე, დავების დეპარტამენტის მიერ კომპეტენციის ფარგლებში განხორციელდა გადამხდელის მიმართ აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 28 დეკემბერს გამოცემული №007-389 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის გადატანა გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათიდან გადასახადის გადამხდელის ძირითადი აღრიცხვის ბარათზე. ზემოაღნიშნულ წერილს ახლავს შპს „------------’’ დირექტორის ----------- 2023 წლის 26 იანვრის N13857/21 განცხადება, რომლითაც ითხოვს საწარმოს მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას, აქვე ითხოვს შესაბამისი თანხების ჩამოჭრას ბარათზე არსებული 42 000 ლარის ზედმეტობიდან და აღნიშნულის გადახდად ჩათვლას. ასევე, საწარმოს მიერ 2023 წლის 26 იანვარს წარმოდგენილია N13848/21 განცხადება 2022 წლის 28 დეკემბერს გამოცემული №007-389 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ. საწარმოს 2022 წლის 28 დეკემბრის №007-389 საგადასახადო მოთხოვნით (ჩაბარების თარიღი 2022 წლის 28 დეკემბერი) გათვალისწინებული თანხები აღიარებული აქვს და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანილია 2023 წლის 27 იანვარს.

ზემოაღნიშნული საკითხის შესწავლისას გათვალისწინებულ იქნა ის გარემოება, რომ ერთი შემოწმების ფარგლებში შედგენილია სამი საგადასახადო შემოწმების აქტი და საწარმომ აღიარა მხოლოდ მეორე შუალედური აქტის შედეგები, თანაც აღიარა და მის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება მოითხოვა არა 2021 წლის 30 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნით, არამედ 2022 წლის 7 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაზე გამოცემული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებულ თანხებთან დაკავშირებით. ასევე, აღსანიშნავია შემდეგი გარემოებაც: საწარმოს პირადი აღრიცხვის ბარათის შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ პირველი შუალედური აქტის (2017 წლის საანგარიშო პერიოდზე) საბოლოო შედეგების გპაბ-ზე აღრიცხვის შემდგომ საწარმოს ზედმეტობა აღარ ექნება არც 2018 წლის შედეგებზე შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის და არც მისი გადაანგარიშების შედეგების მიხედვით 2022 წლის 28 დეკემბერს გამოცემული №007-389 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისა და 2023 წლის იანვარში მისი აღიარების თარიღისათვის.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შპს „------------’’ (ს/ნ --------) მიმართ 2022 წლის 28 დეკემბერს გამოცემული №007-389 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის შედეგად დარიცხული ჯარიმის 50 პროცენტი არ ექვემდებარება შემცირებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტი უქმდება, თუ გადასახადის გადამხდელს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა და პირის მიერ ამავე ვადაში აღიარებულია შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ და ,,ვ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, საგადასახადო დავალიანება აღიარებულია, თუ:

ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;

ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;

ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 171 პუნქტის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი უფლებამოსილია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს წერილობითი განცხადება „საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ“.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით სარგებლობისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადებისა და ჯარიმების 50 პროცენტის გადახდა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღეში. საგადასახადო შემოწმების შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში, გადამხდელი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას.

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტი უქმდება, თუ გადასახადის გადამხდელს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გაცემული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე, ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა და პირის მიერ ამავე ვადაში აღიარებულია შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი 2018 წლის შემოწმების შედეგებზე გამოცემულ 2021 წლის 31 დეკემბრის N007-629 საგადასახადო მოთხოვნას არ დაეთანხმა და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარადგინა საჩივარი. ამასთან, გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის შემცირებას ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 ივნისის N15500 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული N007-389 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით 50%-იანი ჯარიმის შემცირება ეხება მხოლოდ საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №007-629 საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად არ აქვს გადახდილი აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნით (და არა კორექტირებულით) გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე, ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ,,----------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებას, რომლითაც უარი ეთქვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, შუალედური აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული ჯარიმის თანხის შემცირებაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საწარმოს განცხადების საფუძველზე, დავების დეპარტამენტის მიერ კომპეტენციის ფარგლებში განხორციელდა გადამხდელის მიმართ აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 28 დეკემბერს გამოცემული №007-389 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის გადატანა გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათიდან გადასახადის გადამხდელის ძირითადი აღრიცხვის ბარათზე. ზემოაღნიშნულ წერილს ახლავს საწარმოს დირექტორის განცხადება, რომლითაც ითხოვს საწარმოს მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას, აქვე ითხოვს შესაბამისი თანხების ჩამოჭრას ბარათზე არსებული ზედმეტობიდან და აღნიშნულის გადახდად ჩათვლას. ასევე, საწარმოს მიერ წარმოდგენილია განცხადება №007-389 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(11), 8(5).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანება.