ბრძანება N 23874
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23874
21 ოქტომბერი 2026
ბრძანება
ფ/პ „-------“ (ს/ნ „-------“ )
(მის.: „-------“)
2026 წლის 15 აპრილისა და 2 სექტემბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 3 და 24 სექტემბრის სხდომებზე (ოქმი №78 და №88) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 7 აგვისტოს №27609/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ფ/პ „-------“-ის (ს/ნ „-------“) 2026 წლის 15 აპრილის №60013/21, 60132/01 და შემოსავლების სამსახურში დამატებით წარმოდგენილი 2026 წლის 2 სექტემბრის №152450/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 მარტის №011-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
ქონების გადასახადის მიზნებისთვის, დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 სექტემბრის №20852 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 მაისის №011-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 18 ივნისის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. ფ/პ „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარმოდგენილი ახალი შეფასების ექსპერტიზის დასკვნა ქონების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 სექტემბრის №20852 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 12 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხები არ შემცირდა.
აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 19 მარტის №011-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც ასევე გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და 2026 წლის 29 მაისი №11864 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 7 აგვისტოს №27609/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 29 მაისის №11864 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 7 აგვისტოს №27609/2/2026 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგ:
„განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები და დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა/გადაანგარიშება ეფუძნება, მოითხოვს დამატებით შესწავლას/შეფასებას შემოსავლების სამსახურის მიერ. კერძოდ, მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, დამატებით შესწავლას/შეფასებას საჭიროებს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 სექტემბრის №20852 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტისთვის განსაზღვრული დავალების აღსრულების შედეგები.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 29 მაისის №11864 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
დარიცხული თანხა 42 392 ლარი.
მათ შორის:
ქონების გადასახადი - 36 629
ჯარიმა - 0
საურავი - 5 763
აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით:
აუდიტის დეპარტამენტმა ყოველმხრივ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარმოდგენილი ექსპერტიზის ახალი შეფასების დასკვნები - ქონების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. შესწავლის შედეგად გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც არ იძლევა საფუძველს მოხდეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტის კორექტირება.
შემოწმების აქტით ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებუელებების განსაზღვრა მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შპს „------ - ის “ 2024 წლის 29 თებერვლის შეფასების დასკვნით, რომლითაც განხორციელდა ექვსი დასაბეგრი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასება. გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილია შპს „------- - ის“ 2024 წლის 17 ივნისის განმეორებითი შეფასების დასკვნა, ასევე, საშემფასებლო კომპანია „------“ 2024 წლის პირველი ოქტომბრის შეფასების დასკვნა. შპს „-------- - ის“ 2024 წლის 17 ივნისის განმეორებითი შეფასების დასკვნით განმეორებით შეფასდა ექვსი ქონება, რომლეთაგან ხუთ ქონებაზე უცვლელად იქნა დატოვებული წინა, 2024 წლის 29 თებერვლის შეფასების დასკვნით დაფიქსირებული საბაზრო ფასები, ხოლო ერთ ქონება („-------“-ში არსებული შენობა, 485.5 კვ.მ) ახალი შეფასების დასკვნით მნიშვნელოვნად განსხვავებული ღირებულებითაა შეფასებული. აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია განმეორებით შეფასების დასკვნაში იგივე შესადარისი ობიექტების საბაზრო ფასიდან განხორციელებული სხვადასხვა შესწორებებით.
შემოწმებით ჩატარებული ანალიზით 2024 წლის 17 ივნისის განმეორებით შეფასების დასკვნაში აღნიშნული შესწორებები წარმოადგენს არასწორ/არარეალურ შესწორებას.
საშემფასებლო კოპანია „-------“ 2024 წლის პირველი ოქტომბრის შეფასების დასკვნით შეფასება გაკეთდა ოთხ ქონებაზე (რომელ ქონებებზე ქონების საბაზო ფასი უცვლელად დარჩა შპს „------- - ის“ პირველ და მეორე შეფასების დასკვნებში).
შემოწმების მიერ ჩატარებული ანალიზით, „-------“-ში მდებარე კაპიტალური ავტოფარეხების და საცხოვრებელი მიზნით გამოყენებული სარდაფის შეფასების ნაწილში გამოყენებულია შეუსაბამო შესადარისი ობიექტები ან/და არასწორი/არარეალური შესწორებები.
ამასთან, 2024 წლის 29 თებერვალს პირველი შეფასების დასკვნაში ხარვეზი არაა დადგენილი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რის საფუძველზეც, წარმოდგენილი მეორე და მესამე შეფასების დასკვნები ვერ ჩაითვლება უპირატესად პირველი შეფასების დასკვნასთან შედარებით.
შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არარსებობის გამო არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებუელებების კორექტირება (შემცირება).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანაგრიშებისას იხელმძღვანელა წინა შეფასების დასკვნით, რომელიც წარმოადგენს არარეალურ მონაცემებს. გადასახადის გადამხდელის მითითებით ქ. „-------“-ში და სოფელ „-------“-ში მდებარე უძრავი ქონებები შეფასებულია არაგონივრულად გაზრდილი ღირებულებით, რა შემთხვევაშიც არ არის გათვალისწინებული მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც არსებით ზეგავლენას ახდენს ფასის ფორმირებაზე.
ამასთან, საჩივრის ზეპირ განხილვაზე, გადასახადის გადამხდელმა დამატებით მოითხოვა საურავის მოხსნა.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ ქონებაზე ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გაანგარიშება ხორციელდება საგადასახადო პერიოდის განმავლობაში ამ ქონების მის საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-16 ნაწილის თანახმად, ოჯახი არის პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.
ამავე კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ - მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად მომჩივნის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შპს „-------- - ის“ შემფასებლის მიერ არასწორად/არარეალურად განისაზღვრა ქონების საბაზრო ღირებულება, ვინაიდან, შეფასების თანხის ოდენობიდან გამომდინარე ხდებოდა დამკვეთის მიერ ანაზღაურება. მაგალითისთვის აღსანიშნია, რომ მომჩივანმა 2019 წელს მეზობლისგან შეიძინა ორი ავტოფარეხი (რკინის კონსტრუქცია), 5 500 და 6 000 აშშ დოლარად (აღსანიშნია, რომ ავტოფარეხებში დგას ხე, რომლის მოჭრა აკრძალულია). ზემოთ ხსენებული შემფასებლის მიერ 2021 და 2022 წლის მდგომარეობით, აღნიშნული ავტოფარეხები შეფასებულია 16 ათასი დოლარის ეკვივალენტის ოდენობით, ხოლო მეორე კი 18 ათასი აშშ დოლარის ოდენობით (ანუ 3 წელში ავტოფარეხი 3-ჯერ გაძვირებულა, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია). რაც შეეხება წარმოდგენილ ალტერნატიულ შეფასების დასკვნას, საშემფასებლო კომპანია „----- - ს“ მიერ აღნიშნული ავტოფარეხები შეფასებულია, რეალურ ფასად 8 000 აშშ დოლარად. ანალოგიურად არარეალური ფასებია დაფიქსირებული შპს „-------- ის“ შემფასებლის მიერ დანარჩენ შესაფასებელ ქონებაზე, მაგალითად საცხოვრებელ სახლში, არ არის ერთმანეთისგან გამოყოფილი საცხოვრებელი, დამხმარე, საზაფხულო ფართები, კიბის უჯრედი. ამდენად, ითხოვს ქონების შეფასება არ განხორციელდეს შპს „------- - ის“ საშემფასებლო დასკვნებით, არამედ ექვსივე ქონების მიმართ გათვალისწინებულ იქნას წარმოდგენილი ალტერნატიული დასკვნები.
ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარმოდგენილი ახალი შეფასების ექსპერტიზის დასკვნა ქონების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
რაც შეეხება დაკისრებულ საურავს, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანს 2025 წლის 18 ივნისს წარმოდგენილი საჩივრით, რომელზეც მიღებულ იქნა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 სექტემბრის №20852 ბრძანება, არ ჰქონდა საურავის შემცირება მოთხოვნილი, შესაბამისად არ იყო დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად. ამასთან, შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს ერთხელ უკვე ეპატია ჯარიმასაურავი. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საურავი არის სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის, რომელიც შინაარსით წარმოადგენს ბიუჯეტში გადასახადის დაგვიანებით გადახდის შედეგად წარმოშობილი ფინანსური დანაკლისის ანაზღაურებას და რომლის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში მომჩივნის პოზიცია დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარმოდგენილი ახალი შეფასების ექსპერტიზის დასკვნა ქონების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანაგრიშებისას იხელმძღვანელა წინა შეფასების დასკვნით, რომელიც წარმოადგენს არარეალურ მონაცემებს.ასევე,გადამხდელმა დამატებით მოითხოვა საურავის მოხსნა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტით ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებუელებების განსაზღვრა მოხდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შეფასების დასკვნით, რომლითაც განხორციელდა ექვსი დასაბეგრი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასება.განმეორებითი შეფასების დასკვნით განმეორებით შეფასდა ექვსი ქონება, რომლეთაგან ხუთ ქონებაზე უცვლელად იქნა დატოვებული წინა, შეფასების დასკვნით დაფიქსირებული საბაზრო ფასები, ხოლო ერთ ქონება ახალი შეფასების დასკვნით მნიშვნელოვნად განსხვავებული ღირებულებითაა შეფასებული. აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია განმეორებით შეფასების დასკვნაში იგივე შესადარისი ობიექტების საბაზრო ფასიდან განხორციელებული სხვადასხვა შესწორებებით.
შემოწმებით ჩატარებული ანალიზით განმეორებით შეფასების დასკვნაში აღნიშნული შესწორებები წარმოადგენს არასწორ/არარეალურ შესწორებას. საშემფასებლო კოპანიის შეფასების დასკვნით შეფასება გაკეთდა ოთხ ქონებაზე.შემოწმების მიერ ჩატარებული ანალიზით,კაპიტალური ავტოფარეხების და საცხოვრებელი მიზნით გამოყენებული სარდაფის შეფასების ნაწილში გამოყენებულია შეუსაბამო შესადარისი ობიექტები ან/და არასწორი/არარეალური შესწორებები. ამასთან,პირველი შეფასების დასკვნაში ხარვეზი არაა დადგენილი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რის საფუძველზეც, წარმოდგენილი მეორე და მესამე შეფასების დასკვნები ვერ ჩაითვლება უპირატესად პირველი შეფასების დასკვნასთან შედარებით. შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არარსებობის გამო არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებუელებების კორექტირება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარმოდგენილი ახალი შეფასების ექსპერტიზის დასკვნა ქონების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
რაც შეეხება დაკისრებულ საურავს, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნულ ნაწილში მომჩივნის პოზიცია დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
201,202,205