ბრძანება 16945
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16945
17 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----------ის“ (ს/ნ -------------)
(მის.: ---------------------------------)
2024 წლის 7 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 ივლისის სხდომაზე (ოქმი №77) განიხილა შპს „-----------ის“ (ს/ნ -------------) №90585/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივნისის №023-14 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს, რომ 2022 წლის იანვრის თვის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაზე (შპს „----------ზე“ მიწოდების ფარგლებში), გამოყენებულ იქნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმა, 50%-იანი ჯარიმის ნაცვლად. განმარტავს, რომ დასაბეგრი თანხის ნაწილი კომპანიამ ასახა და დაბეგრა 2022 წლის თებერვლის თვის დეკლარაციაში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 მაისის №10831 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------ის“ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის იანვრის, თებერვლისა და ივნისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 17 ივნისის №14075 ბრძანება და ამავე თარიღის №023-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 32 196 ლარით, მათ შორის, გადასახადი 16 199 ლარი, ჯარიმა 8 738 ლარი და საურავი 7 259 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შპს „-----------თვის“ (ს/ნ -------------) გაწეული ჰქონდა მომსახურება ჯამური ღირებულებით 287 607 ლარი, საიდანაც გადასახადის გადამხდელმა ავანსის სახით მიიღო 174 000 ლარი. 2022 წლის იანვარში გამოიწერა საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 287 607 ლარის ოდენობით და გამოვლენილი სხვაობა 113 607 ლარი არ იქნა ასახული შესაბამის საანგარიშო პერიოდში. ამასთან, გადასახადის გადამხდელს შპს „-----------თვის“ (ს/ნ -------------) გაწეული ჰქონდა ორი მომსახურება. პირველი მომსახურების ჯამური ღირებულება შეადგენდა 150 422 ლარს და აღნიშნულ მომსახურებაზე გადასახადის გადამხდელს მიღებული ჰქონდა ავანსი 54 040 ლარი, რაც დაბეგრილი იყო შესაბამის პერიოდში. 2022 წლის თებერვალში გამოიწერა საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, გამოვლენილი დასაბეგრი ბრუნვის სხვაობა გადამხდელის მიერ არ იყო ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში. მეორე მომსახურების ჯამური თანხა შეადგენდა 889 255 ლარს, გადამხდელს ავანსად ჩაერიცხა 546 000 ლარი 2021 წლის ივლისის და აგვისტოს პერიოდში. 2021 წლის სექტემბერში გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარება ღირებულებით 182 000 ლარი, რაზეც არ იყო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და აღნიშნული თანხა ანაზღაურდა 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბერში. 2022 წლის ივნისის თვეს გამოიწერა საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 707 255 ლარზე, მიღებულ ავანსსა და მიღება ჩაბარებას შორის სხვაობა გადამხდელს დაბეგრილი ჰქონდა შესაბამის პერიოდში. 2022 წლის ივნისში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყოს დაბეგრილი შპს „-----ზე“ გამოწერილი სასაქონლოზედნადები (4 820 ლარი). გამოვლენილი სხვაობები შემოწმებით აისახა შესაბამის პერიოდებში. გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შპს „----------თვის“ (ს/ნ -------------) გაწეული ჰქონდა მომსახურება და აღნიშნული მომსახურების ფარგლებში 2022 წლის იანვარში გამოწერილი საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დასაბეგრი თანხა არ ჰქონდა ასახული და დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში. ვინაიდან გადამხდელის მიერ არ იყო შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები 2022 წლის იანვრის თვეზე, შემოწმებით დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება, რისთვისაც გათვალისწინებულია პირის დაჯარიმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხოლო მომჩივნის მოთხოვნა გამოყენებულ იქნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმა, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნული ჯარიმა გამოიყენება საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ ჯარიმა განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს, რომ 2022 წლის იანვრის თვის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაზე , გამოყენებულ იქნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმა, 50%-იანი ჯარიმის ნაცვლად.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №10831 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის იანვრის, თებერვლისა და ივნისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №14075 ბრძანება და №023-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 32 196 ლარით.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გაწეული ჰქონდა მომსახურება და აღნიშნული მომსახურების ფარგლებში 2022 წლის იანვარში გამოწერილი საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დასაბეგრი თანხა არ ჰქონდა ასახული და დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში. მომჩივანს 2022 წლის იანვრის თვეზე, შემოწმებით დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ ჯარიმა განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1 „ა“ და „ბ“ ); 163(1.2); 164(1); 168(1); 275(2);