გადაწყვეტილება №23709/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23709/2/2024
21 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----ის“ 13.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23709/2/2024).
დავის საგანი:
ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 მაისის №125-13 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 ივლისის №17220 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 14 892,23 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 8 083
ჯარიმა - 4 042
საურავი - 2 767,23
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2021 წლის თებერვლისა და 2022 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის მიზნით.
შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 27 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 3 363 ლარს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საწარმოს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 48 251 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2024 წლის 30 მაისის №12729 ბრძანება და ამავე თარიღის №125-13 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 ივლისის №17220 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველ ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო დარიცხვას არ ეთანხმება შემდეგი გარემოებების გამო:
1) 2021 წლის იანვრის თვეში შპს ,,---“-ს (ს/ნ ---) შეუსრულა 14 000 ლარის სამუშაოები და შესაბამისად შედგა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი და 27.01.2021 წელს ჩაერიცხა 14 000 ლარი, რაზეც 2021 წლის 12 თებერვალს შეცდომით იქნა გამოწერილი პირველადი ანგარიშ-ფაქტურა ეა----- და ოპერაციის თარიღად მიეთითა 2021 წლის თებერვლის თვე, რაც იმავე დღეს დაკორექტირდა და გამოიწერა სწორი ანგარიშ-ფაქტურა ეკ ----, სადაც ოპერაციის თარიღად მიეთითა 2021 წლის იანვრის თვე და შესაბამისად სსკ-ის თანახმად მოხდა მისი დეკლარირება და ასახვა 2021 წლის იანვრის თვის დღგ-ს დეკლარაციაში (რეგისტრაციის ნომერი ---). აღნიშნული დასტურდება წარმოდგენილ დოკუმენტებით და მისთვის სრულიად გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე ჩათვალა შემმოწმებელმა აღნიშნული 14 000 ლარი 2021 წლის თებერვლის შემოსავალში და კანონის დარღვევით არასწორად დაარიცხა 2021 წლის თებერვლის თვეში დღგ-ს თანხა 2135 ლარი და შესაბამისი ჯარიმა 1068 ლარი, რადგან თვალსაჩინოდ სჩანს, რომ აღნიშნული 14 000 ლარის შემოსავალი უკვე სწორად დაბეგრილი იყო 2021 წლის იანვრის თვის დღგ-ს დეკლარაციაში (რეგისტრაციის ნომერი ----), აქედან გამომდინარე უნდა გაუქმდეს შემმოწმებლის მიერ ზედმეტად დარიცხული 2021 წლის თებერვლის თვეში დღგ-ს თანხა 2135 ლარი და შესაბამისი ჯარიმა 1068 ლარი.
2) 2022 წლის აგვისტოს თვეში შპს ,,---“-ს (ს/ნ ---) შეუსრულა 38 999,79 ლარის სამუშაოები და შესაბამისად შედგა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი, გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა ეა---- და ოპერაციის თარიღად მიეთითა 2022 წლის აგვისტოს თვე. საწარმოს მიერ არ იქნა 2022 წლის აგვისტოს თვის დღგ-ს დეკლარაციაში (----) აღნიშნული 38999,79 ლარის დაბეგვრა, იგი შეცდომით იქნა დაბეგრილი 2022 წლის სექტემბრის დღგ-ს დეკლარაციით (----) და შემმოწმებელმა სწორად მოახდინა ასახვა 2022 წლის აგვისტოს თვის დღგ-ს შემოსავალში, მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ 38999,79 ლარის შესრულებულ სამუშაოში შპს ,---“-ს 3 ანგარიშზე ავანსის სახით წინასწარ ჩარიცხული იყო 29.04.2022 წელს 2600 ლარი, რაზეც გამოწერილი იქნა ავანსის ანგარიშ-ფაქტურა ავ---- და შესაბამისად დაბეგრილი იქნა 2022 წლის აპრილის დღგ-ს დეკლარაციით (---). ასევე აღნიშნულ 38999,79 ლარის შესრულებულ სამუშაოში შპს ,,---“-ს ანგარიშზე ავანსის სახით წინასწარ ჩარიცხული იყო 29.07.2022 წელს 14000 ლარი, რაზეც გამოწერილი იქნა ავანსის ანგარიშ-ფაქტურა ავ----- და შესაბამისად დაბეგრილი იქნა 2022 წლის ივლისის დღგ-ს დეკლარაციით (---). აღნიშნულიდან გამომდინარე შემმოწმებელს უნდა გაეთვალისწინებინა გამოწერილი ავანსის ანგარიშ-ფაქტურები (ავ----) და 2022 წლის აგვისტოს თვეში შემოსავალი უნდა განესაზღვრა 22399,79 (38999,79-2600-14000) ლარი და შესაბამისად განეხორციელებინა დამატებით დღგ-ს თანხის დარიცხვა, რაც ნაცვლად 5949,12 (38999,79/1,18*18%) ლარისა საწარმოს დაერიცხებოდა 3416,92 (22399,79/1,18*18%) ლარი.
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა გაუქმდეს შემოწმების შედეგად 2021 წლის თებერვლის თვეში დარიცხული დღგ-ს ძირითადი გადასახადი 2135 ლარი და შესაბამისად სანქციები, ასევე 2022 წლის აგვისტოს თვეში ნაცვლად 5949,12 ლარისა დაერიცხოს დღგ-ს ძირითადი გადასახადი 3416,92 ლარი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემმოწმებელს არ მოუთხოვნია შესაბამისი დოკუმენტაცია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახდო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნულ არგუმენტებზე, კერძოდ: მომჩივანი განმარტავს, რომ 2021 წლის იანვრის თვეში შპს „---“-ს შეუსრულა 14 000 ლარის სამუშაოები, რაზეც შედგა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი და 2021 წლის 27 იანვარს კომპანიას ჩაერიცხა 14 000 ლარი. აღნიშნულ ოპერაციაზე 2021 წლის 12 თებერვალს გამოწერილი იქნა პირველადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა---- და ოპერაციის თარიღად შეცდომით მიეთითა 2021 წლის თებერვლის თვე.
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დაკორექტირდა იმავე დღეს (ეკ ---), ოპერაციის თარიღად მიეთითა 2021 წლის იანვარი და შესაბამისად აისახა 2021 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი აცხადებს, რომ შემოწმების მიერ 2021 წლის თებერვლის თვეში დარიცხვა უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
გადასახადის გადამხდელი 2022 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდზე განხორციელებულ დარიცხვასთან მიმართებაში განმარტავს, რომ შპს ,,----“-ს შეუსრულა 38 999,79 ლარის სამუშაოები, რაზეც გამოწერილი იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა----, ოპერაციის თარიღად მიეთითა 2022 წლის აგვისტოს თვე და კომპანიამ იგი შეცდომით დაბეგრა 2022 წლის სექტემბრის თვეში.
შესაბამისად, აცხადებს, რომ შემმოწმებელმა სწორად მოახდინა ასახვა 2022 წლის 4 აგვისტოს თვის დღგ-ის ბრუნვაში. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ სამუშაოზე შპს „---ის“ ანგარიშზე ავანსის სახით 2022 წლის აპრილის თვეში ჩარიცხული იქნა 2 600 ლარი (ავ----), რაც დაიბეგრა 2022 წლის აპრილის დღგ-ის დეკლარაციით. ასევე, ამავე სამუშაოზე 2022 წლის ივლისში ავანსის სახით ჩარიცხული იქნა 14 000 ლარი (ავ---), რაც დაიბეგრა 2022 წლის ივლისის თვის დღგის დეკლარაციით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაბეგრილი ავანსის თანხების გათვალისწინებით მოხდეს 2022 წლის აგვისტოს თვეში დარიცხული დღგ-ის თანხის კორექტირება.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 22.07.2024 წლის №17220 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 27 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 3 363 ლარს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საწარმოს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 48 251 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163.