გადაწყვეტილება №19202/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19202/2/2023
6.04.2023
გადაწყვეტილება
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,6.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ის 24.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19202/2/2023).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.12.2022 წლის №178259 საგადასახადო
სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4666 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 5 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 13.12.2022 წელს გადამოწმდა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით "--- - ---" , რა დროსაც დადგინდა, რომ დ"-------" (პ/ნ "-------") ახდენდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (93 ლარის ღირებულების პური 85 ცალი) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შედგენილია №178259 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმი 20.12.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.03.2023 წლის №4666 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი, მე-7 და მე-8 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლით და გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით განმარტა, რომ ვინაიდან №CB425057 და №178259 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია ერთსა და იმავე დღეს, რამდენიმე წუთის ინტერვალით, №178259 ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტი არ უნდა ჩათვლილიყო განმეორებითად ჩადენილად, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლენილია 12 თვის განმავლობაში წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან, ამდენად, გადამხდელის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით "-------" მანქანაზე განთავსებული იყო №"-------" (რომელიც ეკუთვნოდა შპს"-------" საწარმო "-------"-ს ) და №"-------"(რომელიც ეკუთვნოდა სხვა მეწარმე პირს - "-------"-ს ) ზედნადებებში ჩამოთვლილი პურ-პროდუქტები. ორივე ზედნადები გააქტიურებულია 2022 წლის 13 დეკემბერს დილის 06:00-07:14 სთ შუალედში და ორივე ზედნადებში მძღოლად მითითებულია ერთი და იგივე პირი. მომჩივანი განმარტავს, რომ სხვა მეწარმე ფიზიკური პირის მიერ ატვირთულ №"-------"ზედნადებში მექანიკურად - შეცდომით მითითებულია "-------" მანქანის ნომერი. რეალურად აღნიშნულ ზედნადებში მითითებული პურები დატვირთული იყო "-------" მანქანაზე. შეცდომა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მანქანას ნომრით "-------", 2022 წლის 24 ნოემბრამდე მართავდა ტრანსპორტირების განმახორციელებელი მძღოლი, ხოლო 2022 წლის 24 ნოემბრიდან აღნიშნული მანქანა ძრავის გაუმართაობის გამო არ მუშაობს, ხოლო მძღოლი რომელიც მართავდა აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, გადაჯდა და დღემდე მართავს მანქანას ნომრით"-------", რაც კომპანიის წარმომადგენელს გამორჩა მხედველობიდან.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2022 წლის 13 დეკემბერს გამოწერილი იქნა ორი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, 07:25 საათზე ოქმი №CB1425057, რომლითაც კომპანიას სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება და 07:27 საათზე ოქმი №178259, რომლითაც სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. ამდენად, აღნიშნული არ უნდა ჩათვლილიყო განმეორებით ჩადენილ ქმედებად .
მომჩივანი ითხოვს №178259 სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის:
ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება;
ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსის 281-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ პირმა ამავე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები ჩაიდინა ერთსა და იმავე დღეს, ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტებზე.
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო დღიდან.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი 6.04.2023 წლის №"-------" წერილით, 13.12.2022 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით "-------", რა დროსაც დადგინდა, რომ დავით გაბრელიანი ახდენდა (93 ლარის ღირებულების პური- 85 ცალი) მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.
საჩივარში მითითებულია, რომ შეცდომა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მანქანას ნომრით "-------", 2022 წლის 24 ნოემბრამდე მართავდა ტრანსპორტირების განმახორციელებელი მძღოლი,ხოლო 2022 წლის 24 ნოემბრიდან აღნიშნული მანქანა ძრავის გაუმართაობის გამო აღარ მუშაობს, ხოლო მძღოლი რომელიც მართავდა აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, გადაჯდა და დღემდე მართავს მანქანას ნომრით "-------", რაც კომპანიის წარმომადგენელს გამორჩა მხედველობიდან.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამანეტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ იმავე დღეს გადამოწმებულია კომპანიის სხვა ავტომობილიც, რომელიც ახორციელებდა ანალოგიურად საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1425057. შუალედი ხსენებულ ოქმებს შორის არის ორი წუთი 07:25 სთ. და 07:27 სთ.
საბჭო არ იზიარებს შემოსავლების სამსახურის არგუმენტს, რომ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლენილია 12 თვის განმავლობაში წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით, ამ კოდექსით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო დღიდან. შესაბამისად, ერთსა და იმავე დღეს ორი წუთის ინტერვალით ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტებზე გამოვლენილი ფაქტი ვერ ჩაითვლება განმეორებით ჩადენილად.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მხარეთა განმარტებების და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სახეზე არის სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, მაგრამ სახეზე არ არის სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის ფაქტი, რის გამოც მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სანქციის ნაცვლად უნდა შეეფარდოს, ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქცია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4666 ბრძანება;
3. მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სანქციის
ნაცვლად შეეფარდოს, ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქცია;
4. დაევალოს საგადასახადო მიონიტორინგის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, განახორციელოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;
5. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი განმარტავს, რომ სხვა მეწარმე ფიზიკური პირის მიერ ატვირთულ ზედნადებში მექანიკურად - შეცდომით მითითებულია სხვა მანქანის ნომერი.
აღნიშნული არ უნდა ჩათვლილიყო განმეორებით ჩადენილ ქმედებად .
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას ახდენდა სასაქონლო ზედნადების გარეშე.
მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამანეტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ იმავე დღეს გადამოწმებულია კომპანიის სხვა ავტომობილიც, რომელიც ახორციელებდა ანალოგიურად საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1425057. შუალედი ხსენებულ ოქმებს შორის არის ორი წუთი 07:25 სთ. და 07:27 სთ.
საბჭო მიიჩნევს, რომ სახეზე არის სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, მაგრამ სახეზე არ არის სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის ფაქტი, რის გამოც მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სანქციის ნაცვლად უნდა შეეფარდოს, ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქცია.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136( 4),269(8),281,286(1,2)