ბრძანება N 25965

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.11.2026
№ დოკუმენტი 25965
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25965

11 ნოემბერი 2026

ბრძანება

შპს „------“ (ს/ნ „------“)

(მის.: „------“)

2026 წლის 19 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 19 ოქტომბრის №28304/2/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 30 სექტემბრის №002-159 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 აგვისტოს №18792 ბრძანების აღსრულების შედეგები.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 აგვისტოს №18792 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------“ (ს/ნ „------“) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „------“ (ს/ნ „------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) საწარმოს ფულადი სახსრების ოდენობის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მ.შ. ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან თანხის გადახურდავების დამადასტურებელი ქვითრები, ასევე, ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღის ჩათვლით საწარმოს საბანკო ანგარიშის (მ.შ. უცხოურ ვალუტაში) დეტალური ამონაწერი;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და თუ დადასტურდება, რომ ფულადი სახსრები (უცხოურ ვალუტაში) შეტანილია საწარმოს საბანკო ანგარიშზე და იგი განთავსებულია ამავე ანგარიშზე ან/და გამოყენებულია საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის ფარგელბში, აღნიშნული თანხის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არარეზიდენტ პირებთან არსებული დებიტორული დავალიანების ოდენობის შესახებ შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები; ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და თუ დადასტურდება, რომ არარეზიდენტ პირებთან არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთი მოძრავია (დროის გარკვეულ მონაკვეთში იზრდება/მცირდება და არარეზიდენტ პირებთან დღემდე ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას), მაშინ აღნიშნული დებიტორული დავალიანებები განხილულ იქნას არარეზიდენტზე გაცემულ სესხად და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 აგვისტოს №18792 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 22 სექტემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2026 წლის 29 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 21 155 ლარით, მათ შორის გადასახადი 14 103 ლარი და ჯარიმა 7 052 ლარი.

აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 30 სექტემბრის №002-159 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 480 857 ლარი

მათ შორის:

გადასახადი - 302 996

დღგ - 33 042

მოგების გადასახადი - 33 849

საშემოსავლო გადასახადი - 236 105

ჯარიმა - 151 497

საურავი - 26 364

 

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით:

 გადაანგარიშებისას გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი იქნა საბანკო ანგარიშების ამონაწერი და სალაროს მოძრაობის რეპორტი ბუღალტრული პროგრამიდან. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უნდა წარმოედგინა ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან თანხის გადახურდავების დამადასტურებელი ქვითრები, რომლებიც ვერ იქნა წარდგენილი. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არაგონივრული ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

 გადაანგარიშების პროცესში იმ არარეზიდენტ პირებთან არსებულ მოთხოვნებზე, რომლის ნაშთი მოძრავია, გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი იყო შედარების აქტები („------“, „------“ და „------“-ზე). აღნიშნული პირების მიმართ არსებული დაბეგრილი მოთხოვნები (191 810 ლარის) ჩაითვალა არარეზიდენტ პირებზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი 33 849 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 47 952 ლარით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების პროცესში აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

 მომჩივანი განმარტავს, რომ როდესაც აუდიტორებმა მოითხოვეს სალაროს ინვენტარიზაცია, კომპანიის დირექტორმა განუმარტა მათ, თუ სად ინახებოდა ნაღდი ფული და ახსნა-განმარტებიდან 24-48 საათში გადასახადის გადამხდელმა 350 000 ლარი შეიტანა კომპანიის ბანკის ანგარიშზე. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ ვინაიდან 350 000 ლარის ბანკში შეტანისა და ეკონომიკურ საქმიანობაში სრული რეალიზაციის შედეგად სალაროს ნაშთი ჩამოცდა 50 000 ლარს (რაც სრულად ექცევა საწარმოს ბრუნვის გონივრულ ფარგლებში), სალაროს არაგონივრული ნაშთი ფაქტობრივად აღარ არსებობს და სალაროს ნაშთზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება განულებას. დამატებით აღნიშნავს, რომ ბანკის სალაროს შემოსავლის ორდერებით დასტურდება, რომ 105 080 ევრო (350 000 ლარი) შეტანილია ბანკში და 100%-ით გამოყენებულია საწარმოს ეკონომიკური საქმიანობისთვის.

 მომჩივანი განმარტავს, რომ არარეზიდენტ უცხოურ კომპანიებთან არსებული დებიტორული დავალიანება წარმოადგენს შპს „-------“ მოთხოვნას მესამე პირების მიმართ, ეს თანხა არ გადასულა დირექტორის პირად საკუთრებაში და ამდენად, მისი დირექტორის ხელფასად მიჩნევა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის დარღვევას. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ ეს თანხა უნდა დაიბეგროს, მაშინ, აღნიშნული უნდა დაიბეგროს როგორც არარეზიდენტზე გაცემული სესხი და არა როგორც ხელფასი, რადგან მომავალში არარეზიდენტის მიერ თანხის დაბრუნების ან საქონლის მოწოდებისთანავე, კომპანიას ექნება უფლება უკან დაიბრუნოს/ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილი მოგების გადასახადი.

 

შემოსავლების სამსახური: მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად:

გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან თანხის გადახურდავების დამადასტურებელი ქვითრები, წარადგინა მხოლოდ საბანკო ანგარიშების ამონაწერი და სალაროს მოძრაობის რეპორტი ბუღალტრული პროგრამიდან. შესაბამისად, არაგონივრული ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წერილობით პოზიციაზე, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერისა და ბუღალტრული ჩანაწერების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ კომპანია ყიდულობს უცხოურ ვალუტას და შეაქვს ბანკში უცხოური ვალუტის ანგარიშზე. სრული შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, როდესაც კომპანია იძენს უცხოურ ვალუტას, იმავე დღეს აღნიშნული თანხა შეაქვს უცხოური ვალუტის საბანკო ანგარიშზე. გადასახადის გადამხდელის ინფორმაციით ინვენტარიზაციის ჩატარების დღეს, 2026 წლის 17 აპრილის მდგომარეობით, 350 000 ლარი განთავსებული იყო სავალუტო ჯიხურში. ინვენტარიზაციის შემდგომ კომპანია 129 744 ლარის უცხოურ ვალუტას ყიდულობს 2026 წლის 23 აპრილს და საბანკო ანგარიშიდან სალაროში გადააქვს 300 000 ლარი, მათ შორის ვალუტის შესყიდვის დღეს 50 000 ლარი. დამატებით, გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი იქნა ახსნაგანმარტება, რომ კონვერტაციის მიზნით, თანხას ათავსებდა შპს „N1“ (ს/ნ „------“) კუთვნილ სავაჭრო ჯიხურში. მოთხოვნილი იქნა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შპს „N1-სგან“, რომელმაც წარმოადგინა შიდა პროგრამული რეპორტი, რითაც დასტურდება შესაბამისი პირების ეკონომიკური თანამშრომლობა მხოლოდ 2026 წლის 7 აგვისტოდან. სავალუტო ჯიხურის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ აღნიშნულ თარიღამდე მომჩივანს მათთან თანხა არც განუთავსებია და არც უცხოური ვალუტა შეუძენია. შესაბამისად ვერ დადასტურდა გადასახადის გადამხდელის მხრიდან საჩივარში აღნიშნული თანხის სავალუტო ჯიხურში განთავსების ფაქტი.

 გადაანგარიშების პროცესში იმ არარეზიდენტ პირებთან არსებულ მოთხოვნებზე, რომლის ნაშთი იყო მოძრავი, გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი იქნა შედარების აქტები („------“, „------“ და „------“-ზე). აღნიშნული პირების მიმართ არსებული დაბეგრილი მოთხოვნები (191 810 ლარი) ჩაითვალა არარეზიდენტ პირებზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი 33 849 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 47 952 ლარით. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების დასკვნით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი მიჩნევს,რომ სალაროს ნაშთზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება განულებას.

მომჩივანი განმარტავს, რომ არარეზიდენტ უცხოურ კომპანიებთან არსებული დებიტორული დავალიანება წარმოადგენს კომპანიის მოთხოვნას მესამე პირების მიმართ და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა წარმოადგენს სსკ-ის 101-ე მუხლის დარღვევას

 

ფაქტობრივი გარემოებები

 გადაანგარიშებისას გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი იქნა საბანკო ანგარიშების ამონაწერი და სალაროს მოძრაობის რეპორტი ბუღალტრული პროგრამიდან. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უნდა წარმოედგინა ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან თანხის გადახურდავების დამადასტურებელი ქვითრები, რომლებიც ვერ იქნა წარდგენილი. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არაგონივრული ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა.

 გადაანგარიშების პროცესში იმ არარეზიდენტ პირებთან არსებულ მოთხოვნებზე, რომლის ნაშთი მოძრავია, გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი იყო შედარების აქტები.აღნიშნული პირების მიმართ არსებული დაბეგრილი მოთხოვნები ჩაითვალა არარეზიდენტ პირებზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი,ხოლო საშემოსავლო გადასახადი შემცირდა.აღნიშნულიდან გამომდინარე,შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა კორექტირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).