ბრძანება N 2159
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2159
06 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ---)
(მის.: ---) 2024 წლის 24 იანვრის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №10) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №87114/1/2024 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთან გასაუბრებისას უარის მიზეზად დასახელდა ის, რომ კომპანიის საქმიანობისას გაყიდვები ძირითადად ხორციელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც კვეთენ საზღვარს და სარგებლობენ TAX FREE-ით. მისივე განცხადებით, არაკვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი უზღუდავს საქართველოში რეგისტრირებულ დღგ-ს გადამხდელ კომპანიებთან ურთიერთობას, რადგან შეზღუდული აქვს ფაქტურის გამოწერის, დადასტურების უფლება. მაღაზია რომლიდანაც ხორციელდება მობილური ტელეფონების რეალიზაცია, მდებარეობს ----ში, ---ის მიმდებარედ. შესაბამისად, მისი მდებარეობა ხელსაყრელია იმ პირებისთვის, რომლებიც კვეთენ საქართველოს საზღვარს. მომჩივანს მიაჩნია, რომ მონიტორინგის სამსახურის უარი კვალიფიციური დღგის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე მას უზღუდავს საქმიანობას. მომჩივნის განმარტებით, უკვე რეალიზებული აქვს საქონელი შპს „---“ (ს/ნ ----) რომელიც სთხოვს ანგარიშ-ფაქტურას. ასევე გეგმავს სხვა დღგ-ს გადამხდელებთან ურთიერთობას, არაკვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი კი უშლის ხელს. ყოველივე აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, შპს „---მ“ (ს/ნ ---) 2023 წლის 8 დეკემბერს N--- განცხადებით მიმართა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭების თაობაზე. შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ შპს „---“ ახორცილებს მობილური ტელეფონის იმპორტსა და რეალიზაციას ---ში.
გადასახადების აღრიცხვის საინფორმაციო სისტემაში გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 8 დეკემბერს უფიქსირდება მობილურების იმპორტი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, იმპორტირებული ყველა მობილური გაყიდული ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რაზეც გამოწერილია შესაბამისი ზედნადებები (ტრანსპორტირების გარეშე). ვინაიდან არ არსებობდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთი და ასევე, მეწარმეს არ სჭირდებოდა არც ელ. ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება და არც ელ. ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა, უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის მინიჭებაზე.
2023 წლის 28 დეკემბერს შპს „---მ“ განმეორებით მიმართა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს N--- განცხადებით კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭების თაობაზე. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 21 დეკემბერს ჰქონდა განხორციელებული მობილურების იმპორტი, რაც გაყიდული ჰქონდა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე შესაბამისი ზედნადებებით (ტრანსპორტირების გარეშე), ასევე მობილურების ნაწილი მიჰყიდა შპს ---ს (ს/ნ ----), რომელიც, გადამხდელის განმარტებით, ითხოვდა დღგ-ს ანგარიშფაქტურის გამოწერას. შპს „---ს“ (ს/ნ ---) დირექტორმა --- (ს/ნ---) განმარტა, რომ მობილურების ნაშთი ჰქონდა ადგილზე მაღაზიაში მდებარე ---ს რაიონი, სოფელ ---, სადაც განხორციელდა ადგილზე გასვლა, რათა მომხდარიყო არსებული ნაშთის დათვალიერება. წინასწარი შეთანხმების გარეშე, ობიექტის დათვალიერება ვერც ერთხელ ვერ შეძლეს, ვინაიდან გადამხდელის მიერ მითითებულ მისამართზე ობიექტი არ ფუნქციონირებდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის N3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციიის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქცით(შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ს“ (ს/ნ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა განმეორებით მიმართა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს განცხადებით კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭების თაობაზე. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ მითითებულ მისამართზე ობიექტი არ ფუნქციონირებდა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304.