გადაწყვეტილება №22231/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.05.2024
№ დოკუმენტი 22231/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22231/2/2024

28 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 12.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22231/2/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.04.2023 წლის №18701/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №006-770 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 1 235 560 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 602 573

დღგ - 357 936

მოგების გადასახადი - 9 114

საშემოსავლო გადასახადი - 235 523

ჯარიმა - 302 169

საურავი - 330 818

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.05.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

- შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, შემოწმების პროცესში, საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობისთვის, ორჯერ დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებსა და ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით გაირკვა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს აშენებული აქვს საცხოვრებელი კორპუსი (თბილისი, "-------"), რეალიზებული აქვს საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი ფართები. რეალიზაციით მიღებული შემოსავალი არ ფიქსირდება საბანკო ანგარიშებზე (გარდა 3 საცხოვრებელი ბინის რეალიზაციისა). ფიზიკურ პირებთან გაფორმებულია უძრავი ქონების როგორც ნასყიდობის, ისე ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით (სულ 35 ფართზე) ხელშეკრულებები. ორივე შემთხვევაში, საჯარო რეესტრის მონაცემებით ფართის მესაკუთრედ ფიქსირდება ხელშეკრულებაში მითითებული ფიზიკური პირი. ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ მისი ნოტარიულად დამოწმების მომენტისთვის ფიზიკურ პირს კომპანიისათვის გადახდილი აქვს ნასყიდობის თანხა სრულად.

შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო დღგ-ით დაბეგრილი 8 საცხოვრებელი ფართის რეალიზაცია. შესაბამისად, აღნიშნული ბინების ღირებულებებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. რაც შეეხება გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებებს, ნასყიდობის თანხებით გაიზარდა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ ქონების გამოსყიდვის შემთხვევებში, შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შემოწმების პროცესში ასევე გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც გადასახადის გადამხდელმა არ გამოისყიდა უძრავი ქონება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, შედეგად ფართზე მოიხსნა ვალდებულება და ხელშეკრულებაში მითითებული ფიზიკური პირი გახდა მისი სრულუფლებიანი მფლობელი. აღნიშნულ შემთხვევაში, ოპერაცია დარჩა დაბეგრილი იმ საანგარიშო პერიოდებში, როდესაც მოხდა ფართზე ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებების გაფორმება.

გადასახადის გადამხდელს 2018 წლის ნოემბერში დაბეგრილი აქვს 2 საცხოვრებელი ბინის ("------" და "------") ღირებულება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ბინების ღირებულების ანაზღაურება ფიქსირდება საბანკო ამონაწერებით, ავანსების სახით, ხოლო საჯარო რეესტრის მონაცემებით ფართი ფიზიკურ პირებზე გადაფორმებულია 2019 წლის დეკემბერში და 2020 წლის ივლისში. მოცემული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნულ ბინებზე გათვალისწინებული ბრუნვა შემცირდა 2018 წლის ნოემბერში და დაიბეგრა გადახდილი ავანსებისა და საჯარო რეესტრში გადაფორმების თარიღის შესაბამისად. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით, გაიზარდა გადასახადის გადამხდელის დღგით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე;

- შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ფიზიკურ პირებზე საპროცენტო სარგებლის გადახდას. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირებისგან აღებულ სესხზე დადგენილი საპროცენტო განაკვეთი აღემატება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ წლიურ საპროცენტო განაკვეთს. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ფიზიკური პირებისთვის გადახდილი პროცენტები დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №41734 ბრძანება და №006-1066 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №32991 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, იმ უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციები, რომელთა გამოსყიდვაც შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება, დაბეგვრის მიზნებისთვის განიხილოს სასესხო გარიგებად (ქონების უზრუნველყოფით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №32991 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 7.04.2023 წლის №18701/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ:

- პირველი სადავო საკითხის ნაწილში, გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა ფიზიკურ პირებზე გადაფორმებული 2 საცხოვრებელი ბინის დაბეგვრის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან;

- მე-4 სადავო საკითხის ნაწილში, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ საბჭოს 7.04.2023 წლის №18701/2/2023 გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი დაბრუნებულ სადავო საკითხის ნაწილში და 16.08.2023 წლის №20238 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №32991 ბრძანების, საბჭოს 7.04.2023 წლის №18701/2/2023 გადაწყვეტილების და შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20238 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 95 229 ლარით (მათ შორის: დღგ და საშემოსავლო გადასახადი 62 437 ლარი და ჯარიმა 32 792 ლარი), აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №006-770 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

გადასახადის გადამხდელის 2024 წლის 5 თებერვლის №87460/1/2024 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №006-770 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საბჭოს 7.04.2023 წლის №18701/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში, კუთვნილებისამებრ, გამოიგზავნა დავების დეპარტამენტის 12.02.2024 წლის №"-------" წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა დასკვნით არ გაითვალისწინა 8 საცხოვრებელი ბინის რეალიზაციიდან ამოღების საკითხი, ასევე ფიზიკურ პირებზე გადახდილი სარგებელი (პროცენტები) დაბეგრა გადახდის წყაროსთან, როდესაც აღნიშნული ფიზიკური პირები ეწევიან ეკონომიკურ (მევახშეობას) საქმიანობას და მათ თავისი გადასახადი უნდა დაადეკლარირონ შემოსავლების სამსახურში. ასევე, სალაროში ე.წ. ნაღდი ფულის ნაშთი არ არის რეალურად გაანგარიშებული და არარსებული ნაღდი ფული უნდა ამოღებული იქნეს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხებიდან. აქედან გამომდინარე, მოითხოვს კომპანიის წარმომადგენელთან ერთად მოხდეს დაკმაყოფილებული საკითხების შესწავლა, ვინაიდან დასკვნაში და არც მის დანართებში არ არის გადმოცემული მონაცემები, თუ რომელი ოპერაციის თანხები იქნა შემცირებული.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №32991 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხსენებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 7.04.2023 წლის №18701/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ:

- პირველი სადავო საკითხის ნაწილში, გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა ფიზიკურ პირებზე გადაფორმებული 2 საცხოვრებელი ბინის დაბეგვრის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან;

- მე-4 სადავო საკითხის ნაწილში, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

აღსანიშნავია, რომ საბჭოს 7.04.2023 წლის №18701/2/2023 გადაწყვეტილების საფუძველზე საჩივარი, მე-4 სადავო საკითხის ნაწილში, განიხილა შემოსავლების სამსახურმა და 16.08.2023 წლის №20238 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, წარმოადგენს არგუმენტებს, აღნიშნავს, რომ დასკვნაში და არც მის დანართებში არ არის გადმოცემული მონაცემები, თუ რომელი ოპერაციის თანხები იქნა შემცირებული.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №32991 და 16.08.2023 წლის №20238 ბრძანებების, საბჭოს 7.04.2023 წლის №18701/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე, შემცირდა შემოწმებით დარიცხული თანხები დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, ასევე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დაკისრებული ჯარიმა 32 792 ლარის ოდენობით, მაგრამ, არ ირკვევა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ფიზიკურ პირებზე გადაფორმებული 2 საცხოვრებელი ბინის დაბეგვრის ნაწილში, რა ხვედრითი წილი უკავია, ჯარიმის შემცირებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმება განხორციელებულია სხვა აუდიტორის მიერ, შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების/აღსრულების ეტაპზე მოხდა ტექნიკური შეცდომა და რომ დავების განხილვის საბჭოს 7.04.2023 წლის №18701/2/2023 გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლების ნაწილში არ არის აღსრულებული.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საბჭოს 7.04.2023 წლის №18701/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საბჭოს 7.04.2023 წლის №18701/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და ითხოვს კომპანიის წარმომადგენელთან ერთად მოხდეს დაკმაყოფილებული საკითხების შესწავლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ გადამხდელის მიერ არ იყო დღგ-ით დაბეგრილი 8 საცხოვრებელი ფართის რეალიზაცია. შესაბამისად, აღნიშნული ბინების ღირებულებებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. რაც შეეხება გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებებს, ნასყიდობის თანხებით გაიზარდა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ამასთან, გადამხდელის მიერ ქონების გამოსყიდვის შემთხვევებში, შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შემოწმების პროცესში ასევე გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც გადამხდელმა არ გამოისყიდა უძრავი ქონება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, შედეგად ფართზე მოიხსნა ვალდებულება და ხელშეკრულებაში მითითებული ფიზიკური პირი გახდა მისი სრულუფლებიანი მფლობელი. აღნიშნულ შემთხვევაში, ოპერაცია დარჩა დაბეგრილი იმ საანგარიშო პერიოდებში, როდესაც მოხდა ფართზე ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებების გაფორმება.

გადამხდელს 2018 წლის ნოემბერში დაბეგრილი აქვს 2 საცხოვრებელი ბინის ღირებულება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ბინების ღირებულების ანაზღაურება ფიქსირდება საბანკო ამონაწერებით, ავანსების სახით, ხოლო საჯარო რეესტრის მონაცემებით ფართი ფიზიკურ პირებზე გადაფორმებულია 2019 წლის დეკემბერში და 2020 წლის ივლისში. მოცემული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნულ ბინებზე გათვალისწინებული ბრუნვა შემცირდა 2018 წლის ნოემბერში და დაიბეგრა გადახდილი ავანსებისა და საჯარო რეესტრში გადაფორმების თარიღის შესაბამისად. გაიზარდა გადამხდელის დღგით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

შემოწმების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ფიზიკური პირებისგან აღებულ სესხზე დადგენილი საპროცენტო განაკვეთი აღემატება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ წლიურ საპროცენტო განაკვეთს. ფიზიკური პირებისთვის გადახდილი პროცენტები დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმება განხორციელებულია სხვა აუდიტორის მიერ, შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების/აღსრულების ეტაპზე მოხდა ტექნიკური შეცდომა და რომ დავების განხილვის საბჭოს 7.04.2023 წლის №18701/2/2023 გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლების ნაწილში არ არის აღსრულებული.

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საბჭოს 7.04.2023 წლის №18701/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

269(7).