გადაწყვეტილება №23657/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.12.2024
№ დოკუმენტი 23657/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 23657/2/2024

30 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ 6.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23657/2/2024).

 

დავის საგანი:

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.06.2024 წლის №136-4 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 24.07.2024 წლის №17336 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 81 556,91 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 42 212

ჯარიმა - 20 982

საურავი - 18 362,91

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობის სფეროა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა, ასევე საინჟინრო საქმიანობა.

აუდიტის დეპარტამენტის 30.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 2021 წლის აპრილის, ივნისის და ივლისის, 2022 წლის თებერვლის და 2023 წლის იანვრის თვეების საანგარიშო პერიოდები. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანია რეგისტრირებულია 2.07.2020 წლიდან, დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 10.08.2020 წელს, შესამოწმებელ პერიოდში გაწეული აქვს მომსახურებები, ასევე მიღებული აქვს ავანსები, რაზეც გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა აღნიშნული ოპერაციები არ არის დაბეგრილი შესაბამის პერიოდში დღგ-ით.

საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 1601 და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.06.2024 წლის №136-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 24.07.2024 წლის №17336 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 158-ე, 159-ე, 160-ე 1601 , 163-ე და 164-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველ ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და აცხადებს, რომ ბრუნვის გაანგარიშება განხორციელდა არასწორი ინტერპრეტაციით. კერძოდ, ადგილი აქვს სს ----------- მიღებული ავანსის თანხების გაორმაგებულად დაბეგვრას. წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2021 წლის სექტემბრის თვეში შპს --------- 2021 წლის ივლისისა და აგვისტოს საოპერაციო პერიოდზე სს ----------- 148 383 ლარის და 80 000 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ოდენობით თანხაზე გამოუწერა ორი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა: ---------- და ----------- №0067354, ხოლო 2021 წლის ნოემბრის თვეში კი სს --------- მოთხოვნით მოხდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში შესრულებული მომსახურების დასახელების გასწორება, რის საფუძველზეც ამავე თვეში (ნოემბრის თვე) იმავე ივლისისა და აგვისტოს საოპერაციო პერიოდებზე გამოიწერა ორი ავანსის ----------- და ----------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დღგ-ის ჩათვლით 148 383 და 80 000 ლარზე, ადგილი აქვს მიღებული 2 ავანსის სანაცვლოდ შეცდომით გამოწერილ 4 დოკუმენტს. გადამხდელმა ტექნიკურად ვერ მოახერხა დადასტურებული და დეკლარაციაზე მიბმული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაუქმება, ამიტომ მიმღებმა აღარ მოახდიდა მეორედ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება. აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დღემდე წარმოადგენენ გადაგზავნილი სტატუსის მქონე დოკუმენტებს, შესაბამისად, მიმღებს არ მოუხდენია დღგის ჩათვლა. ითხოვს დუბლირებით გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირებას.

აგრეთვე, შემოსავლების სამსახური გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ გამოწერილ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს ------------ და --------- აქვს წაშლილის სტატუსი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტში მოცემული თანხები დათვლილია არასწორად, გარდა ამისა, არ არის გათვალისწინებული დარიცხულ თანხებთან დაკავშირებული არსებითი გარემოებები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინება და ადეკვატური ანალიზი მიგვიყვანს იმ დასკვნამდე, რომ აქტით დარიცხული თანხების დიდი ნაწილი დარიცხულია არასწორად, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია შემმოწმებლებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის საკმარისი კომუნიკაციის არ არსებობით.

საკითხი 1 - დუბლირებით გამოწერილი ავანსის ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ით დაბეგვრა

შემმოწმებლების მიერ საწარმოს გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დათვლილ იქნა კომპანიის შემოსავლები, რის შედეგადაც გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაგვერიცხა გადასახადი სანქციის თანხასთან ერთად. შემმოწმებლების მხრიდან საწარმოს დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება განხორციელდა არასწორი ინტერპრეტაციით, კერძოდ, ადგილი აქვს საწარმოს მიერ სს ----------- (ს/ნ -----------) მიღებული ავანსის თანხების გაორმაგებულად დაბეგვრას. საქმე იმაში გახლავთ, რომ 2021 წლის სექტემბრის თვეში შპს ---------, 2021 წლის ივლისისა და აგვისტოს საოპერაციო პერიოდზე სს----------- 148 383 და 80 000 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ოდენობით თანხაზე (დანართი) გამოუწერა ორი ავანსის ანგარიშ-ფაქტურა: ----------- და -------------, 2021 წლის ნოემბრის თვეში კი სს ------------ მოთხოვნით მოხდა ანგარიშ-ფაქტურებში შესრულებული მომსახურების დასახელების გასწორება რის საფუძველზეც ამავე თვეში (ნოემბრის თვე) იმავე ივლისისა და აგვისტოს საოპერაციო პერიოდებზე გამოიწერა ორი ავანსის ანგარიშ-ფაქტურა: ---------- და ----------- (დანართი). სექტემბრის თვეში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მსგავსად, ნოემბრის თვეში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების თანხაც შეადგენს დღგ-ის ჩათვლით 148 383 ლარს და 80 000 ლარს. სინამდვილეში ადგილი გვაქვს არა 4 ერთმანეთისგან განსხვავებულ მიღებული ავანსის თანხის სანაცვლოდ გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებთან, არამედ მიღებული 2 ავანსის სანაცვლოდ შეცდომით გამოწერილ 4 დოკუმენტთან. საწარმომ ტექნიკურად ვერ მოახერხა დადასტურებული და დეკლარაციაზე მიბმული ფაქტურების გაუქმება, ამიტომ მიმღებმა აღარ მოახდიდა მეორედ გამოწერილი ანგარიშფაქტურების დადასტურება, აღნიშნული ფაქტურები დღემდე წარმოადგენენ გადაგზავნილი სტატუსის მქონე დოკუმენტებს, შესაბამისად მიმღებს არ მოუხდენია დღგ-ის ჩათვლა. წარმოგიდგენთ სს --------- მომსახურების გაწევაზე არსებულ ხელშეკრულებას (დანართი), ასევე შეგვიძლია წარმოვადგინოთ შესაბამისი საოპერაციო თვეების უწყვეტი საბანკო ამონაწერები და ბუღალტრული ბაზა იმის მტკიცებულებად, რომ ადგილი არ ჰქონდა პირისგან 4-ჯერ ავანსის მიღებას და რეალურად ჩვენთვის ჩარიცხულია მხოლოდ 2 ავანსის თანხა. ასევე, მარტივად არის შესაძლებელი აღნიშნული ინფორმაციის სს ------------ ბუღალტერთან და ხელმძღვანელებთან გადამოწმება. ასევე, ჩვენი მსჯელობის ლოგიკური დასაბუთებაა ის ფაქტიც, რომ მიმღებმა არ დაადასტურა დოკუმენტები და არ მოახდინა დღგ-ის ჩათვლა. ზემოაღნიშნული ორივე ანგარიშ-ფაქტურა წაშლილია გამომწერის მიერ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და შედეგად შეუმცირდეს არასწორად დარიცხული დღგ-ის და სანქციის თანხები.

საკითხი 2 - ჯარიმები

გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და ჩვენი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას ითხოვს შეუმცირდეს ზემოთ ხსენებული თანხის მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში გაწეული აქვს მომსახურებები, ასევე მიღებული აქვს ავანსები, რაზეც გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა აღნიშნული ოპერაციები არ არის დაბეგრილი შესაბამის პერიოდში დღგ-ით.

შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი მიუთითებდა და შემოსავლების სამსახურის მიერ ყურადღება გამახვილდა მომჩივნის შემდეგ არგუმენტებზე:

2021 წლის სექტემბრის თვეში შპს „--------“ 2021 წლის ივლისისა და აგვისტოს საოპერაციო პერიოდზე სს „------------“ 148 383 და 80 000 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ოდენობით თანხაზე გამოუწერა ორი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა: ---------- და ------------, ხოლო 2021 წლის ნოემბრის თვეში კი სს „----------“ მოთხოვნით მოხდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში შესრულებული მომსახურების დასახელების გასწორება, რის საფუძველზეც ამავე თვეში (ნოემბრის თვე) იმავე ივლისისა და აგვისტოს საოპერაციო პერიოდებზე გამოიწერა ორი ------------- და ----------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დღგ-ის ჩათვლით 148 383 და 80 000 ლარზე, ადგილი აქვს მიღებული 2 ავანსის სანაცვლოდ შეცდომით გამოწერილ 4 დოკუმენტს. გადამხდელმა ტექნიკურად ვერ მოახერხა დადასტურებული და დეკლარაციაზე მიბმული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაუქმება, ამიტომ მიმღებმა აღარ მოახდიდა მეორედ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება. აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დღემდე წარმოადგენენ გადაგზავნილი სტატუსის მქონე დოკუმენტებს, შესაბამისად, მიმღებს არ მოუხდენია დღგ-ის ჩათვლა. ითხოვს დუბლირებით გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირებას.

შემოსავლების სამსახურის 24.07.2024 წლის №17336 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების/წაშლის შესახებ ინფორმაცია). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 24.07.2024 წლის №17336 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

ამასთან, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობის სფეროა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა, ასევე საინჟინრო საქმიანობა.

ომპანია რეგისტრირებულია 2.07.2020 წლიდან, დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 10.08.2020 წელს, შესამოწმებელ პერიოდში გაწეული აქვს მომსახურებები, ასევე მიღებული აქვს ავანსები, რაზეც გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა აღნიშნული ოპერაციები არ არის დაბეგრილი შესაბამის პერიოდში დღგ-ით. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 159(1);160(1);1601;163(1);164(1):275(2):272(1);