ბრძანება N 7289
📄 სრული ტექსტი
31 მარტი 2026
N 7289
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2026 წლის 11 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 მარტის სხდომაზე (ოქმი №25) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) №101260/1/2026 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 2 მარტის №004954 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ კომპანია საქმიანობას ახორციელებს კეთილსინდისიერად და ცდილობს სრულად შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. შემოწმების პროცესში შესაძლო შეუსაბამობის დაფიქსირებისთანავე კომპანიამ დაუყოვნებლივ მიიღო ყველა საჭირო ზომა და იმავე დღეს უზრუნველყო სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გაფორმება ყველა სადგურზე. აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ კომპანიამ მყისიერად აღმოფხვრა შესაძლო დარღვევა და სრულად უზრუნველყო კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება. ამასთან, მათ აქამდე მსგავსი ტიპის სამართალდარღვევა არ ჰქონიათ. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა (8000 ლარი) ისეთი პატარა კომპანიისთვის როგორიც მათი კომპანიაა წარმოადგენს მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთს და არაპროპორციულია იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ შემოწმების დღეს უკვე დაზღვეული იყო გაზ-გასამართი სადგურები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ამავე დეპარტამენტის 2026 წლის 16 თებერვლის №3301 ბრძანების საფუძველზე, 2026 წლის 19 თებერვალს სამართალდარღვევათა გამოვლენის მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირები გამოცხადდნენ მისამართზე --- მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „---“-ის (ს/ნ ---) მიმართ დათვალიერების ჩატარების მიზნით. დათვალიერების ჩატარების მიზანს წარმოადგენდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) მხრიდან ,,მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების გადამოწმება. 2026 წლის 19 თებერვალს განხორციელდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) ტერიტორიის დათვალიერება, ამასთან, მოთხოვნილი იქნა, მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ, მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისები.
შპს „---“-ის (ს/ნ ----) წარმომადგენლის, ---ის (პ/ნ ---) წერილობითი ახსნა-განმარტებითა და ჩატარებული დათვალიერების შედეგად დადგინდა, კომპანიის მხრიდან 2023 წლიდან მოცემულ მომენტამდე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი. ასევე დადგინდა, რომ კომპანია ახორციელებს თხევადი აირის მიწოდებას მსუბუქ ავტომობილებზე. ამ ეტაპზე აღნიშნულ საქმიანობას ეწევა ქ.---ის მასშტაბით 8 სხვადასხვა მისამართზე. გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა შესაბამის პერიოდზე მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისი. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია ,,მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, ამავე დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელის მიერ დაზღვევის სავალდებულო უზრუნველყოფის პრინციპი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ადგილი აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა N004954 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც (8 სხვადასხვა მისამართზე მესამე პირების მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობისათვის) შპს „---“ (ს/ნ ---) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17714 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაჯარიმდა 8 000 ლარის ოდენობით (თითოეულ გაზგასამართ სადგურზე 1000 ლარის ოდენობით).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურმა საკითხის განხილვისას მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა საგანგებო სიტუაციის შედეგად მოსახლეობის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის შემცირების მიზნით სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებიდან განსაზღვრავს მასობრივი თავშეყრის ობიექტებს და ადგენს მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესს. „მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად: 1. მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ამ წესით დადგენილი პირობებით;
2. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულოა მასობრივი თავშეყრის ობიექტის ფუნქციონირების სრული პერიოდის განმავლობაში. ამავე დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სავალდებულო დაზღვევის პოლისის წლიური სადაზღვევო ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში, მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელი ვალდებულია, დააზღვიოს სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზღვევის პერიოდის უწყვეტობის პრინციპის დაცვით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17714 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა:
გ) ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგურის მფლობელის მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგურის მფლობელის დაჯარიმებას თითოეული დაუზღვეველი ობიექტის (სადგურის) რაოდენობის 1 000 ლარზე ნამრავლის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;
ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;
გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;
დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილია მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისი №CPL/S-000134/26, რომლის თანახმად დაზღვევის პერიოდად განსაზღვრულია 2026 წლის 19 თებერვლიდან - 2027 წლის 19 თებერვლის ჩათვლით პერიოდი. თუმცა როგორც საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, კომპანია ფუნქციონირებს 2023 წლიდან ---ის მასშტაბით 8 გაზგასამართ ობიექტზე. აღნიშნული დაზღვევის პოლისი შედგენილია დათვალიერების ჩატარების შემდგომ, რომელიც შეეხება შემდგომ პერიოდს, ხოლო მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისი წინა პერიოდზე წარმოდგენილი არ იქნა.
ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან შპს „---“ (ს/ნ ---) ეკონომიკურ საქმიანობას 2023 წლიდან - 2026 წლის 19 თებერვლამდე ახორციელებდა მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე, შესაბამისად დარღვეულია ,,მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „ ---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საწარმო ეკონომიკურ საქმიანობას 2023 წლიდან - 2026 წლის 19 თებერვლამდე ახორციელებდა მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე, შესაბამისად დარღვეულია ,,მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც (8 სხვადასხვა მისამართზე მესამე პირების მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობისათვის) საწარმოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17714 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაჯარიმდა 8 000 ლარის ოდენობით (თითოეულ გაზგასამართ სადგურზე 1000 ლარის ოდენობით).
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლებს.