გადაწყვეტილება №20125/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 01.02.2024
№ დოკუმენტი 20125/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20125/2/2023

01 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 1.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20125/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 11.07.2022 წლის №17984 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2023 წლის №002-39 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.06.2023 წლის №13624 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 300 539 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 059 606

დღგ - 439 722

მოგების გადასახადი - 31 806

საშემოსავლო გადასახადი - 588 078

ჯარიმა - 529 784

საურავი - 711 149

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სარესტორნო მომსახურების გაწევა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.09.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 17 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის მიერ შემმოწმებელს წარედგინა რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა შესაბამისი სარეალიზაციო ფასებით, პროდუქციის კალკულაციები და ჩამოწერილი ნედლეული. შესამოწმებელ პერიოდში, შემოწმებით დადგენილი, გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის მონაცემები განსხვავდება, აღნიშნულ პერიოდებზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარირებული მონაცემებისგან.

შემოწმების პროცესში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი კალკულაციების (შესაბამისი რეალიზაციებით და ჩამოწერებით) ანალიზის შედეგად გაანგარიშდა თითოეული წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრულად ჩამოწერილია იმაზე მეტი თვითღირებულების ნედლეული, რაც საჭირო იყო რეალიზებული პროდუქციის საწარმოებლად. რეალიზებული პროდუქციის შემოწმებით დადგენილ თვითღირებულებასა და გადასახადის გადამხდელის მიერ ჩამოწერილ თვითღირებულებას შორის სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად პერიოდების მიხედვით დადგენილი ფასნამატით. შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, გაანგარიშებული თანხიდან, გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე, განხორციელდა კაპიტალის შემცირება, ხოლო დარჩენილი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის №40644 ბრძანება და №002-433 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.07.2022 წლის №17984 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის საჩივრებზე თანდართული მტკიცებულებების შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, პირველ სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, იმ თანხის ოდენობის განსაზღვრა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 11.07.2022 წლის №17984 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 3.11.2022 წლის №17201/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 ივლისის №17984 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №002-39 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 16.06.2023 წლის №13624 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით ყველზე დანაკარგის ოდენობა განისაზღვრა 4%-ით, ხოლო საქონლის ხორცზე 31.13%-ით. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, კალკულაცია მოცემული აქვს „ნეტო“ წონებით, თუმცა შემოწმების მიერ შერჩეულ პროდუქციაზე, კალკულაციების შესახებ მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით დადგინდა, რომ მოწოდებული კალკულაციების მიხედვით პროდუქციის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის „ბრუტო“ წონები ნაკლებია ან ტოლია გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებულ „ნეტო“ წონებზე. შესაბამისად, დანაკარგის ოდენობა უკვე შეყვანილია კალკულაციაში და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). ამასთან, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის მონაცემები განსხვავდება აღნიშნულ პერიოდებზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარირებული მონაცემებისგან. შემოწმების მიერ დადგენილ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებასა და გადასახადის გადამხდელის მიერ ჩამოწერილ თვითღირებულებას შორის სხვაობა რეალიზებულ იქნა პერიოდების მიხედვით დადგენილი ფასნამატით, აღნიშნული სხვაობიანად, გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე, მოხდა კაპიტალის შემცირება, ხოლო დარჩენილი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, არ ეთანხმება აუდიტორის შეფასებას, ვინაიდან სრულად არ იქნა გათვალისწინებული წარდგენილი დოკუმენტაცია/არგუმენტაცია, კერძოდ არ იქნა გათვალისწინებული პროდუქციის დანაკარგის ოდენობა. შესაბამისად, აღნიშნული სხვაობა შემოწმების მიერ ჩათვლილი იქნა რეალიზებულად და მისაღები თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

ასევე მიუთითებს დღგ-ის ნაწილში შემოწმებით განხორციელებულ დარიცხვის ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ დამუშავდა ერთიანი ელექტრონული ბაზები, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი კალკულაციები შესაბამისი რეალიზაციებით და ჩამოწერებით, რის შედეგადაც გაანგარიშებულ იქნა თითოეული წარმოებულ პროდუქციის თვითღირებულება. შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრულად ჩამოწერილია იმაზე მეტი თვითღირებულების ნედლეული, რაც საჭირო იყო რეალიზებული პროდუქციის საწარმოებლად. შემოწმების მიერ დადგენილ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებასა და გადასახადის გადამხდელის მიერ ჩამოწერილ თვითღირებულებას შორის სხვაობა რეალიზებულ იქნა, პერიოდების მიხედვით, დადგენილი ფასნამატით. შემოწმების მიერ დაკორექტირდა და გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

დანაკარგების ოდენობის დადგენის მიზნით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და მოთხოვნილ იქნა შემდეგი დასახელების პროდუქციის დანაკარგების ოდენობა:

1. ძროხის ხორცის პირველადი დამუშავების დროს სხვადასხვა ნიშნით დახარისხებისას, დამუშავების პერიოდში მიღებული დანაკარგები;

2. ბოსტნეულის პირველადი გადამუშავების შედეგად მიღებული დანაკარგების ოდენობა, მათ შორის შენახვის პერიოდში არსებული დანაკარგები:

3. ყველის შენახვის პერიოდში მიღებული დანაკარგების ოდენობა.

ამასთან, მათი მოთხოვნა იყო, გარდა აღნიშნული საქონლის დასახელების პროდუქციისა, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, სხვა მსგავსი გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის შედეგის ანალიზის შედეგად დანაკარგების ოდენობების დადგენა.

ამასთან, თუ არ მოიპოვებოდა შესაბამის დეპარტამენტში კონკრეტულ სახეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია, გამოყენებულ ყოფილიყო თითოეული პროდუქციის ჯგუფში (მაგალითად: ხორცი, ბოსტნეული, თევზი) შემავალი დასახელებაზე არსებული დანაკარგის ოდენობა მთლიან ჯგუფზე.

აგრეთვე, იმ ფაქტის გათვალისწინებას, რომ სარესტორნო პროგრამაში მითითებულ მენიუში, მზა ნაწარმზე გახარჯული ნედლეულის ოდენობის ზუსტად განსაზღვრა, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში არასწორად არის გათვლილი. მაგალითად, ჩვეულებრივ შემთხვევაში, თუ ხდება 0.5 კგ მწვადის მიწოდება, აღნიშნულზე შეიძლება დაიხარჯოს 0.8 კგ ხორცი, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ გათვალისწინებული არ არის. ასევე, ის ფაქტიც, რომ თუ დადგინდებოდა სხვაობა, აღნიშნული სხვაობა არ ჩათვლილიყო როგორც მზა პროდუქციად რეალიზებული. სხვაობის რეალიზაცია, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, მომხდარიყო თვითღირებულებით, რასთან დაკავშირებითაც შემოსავლების სამსახურში არსებობს შესაბამისი პრაქტიკა.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა ყველის და საქონლის ხორცის დანაკარგების შესახებ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 18 მაისის №---------- დასკვნა, რომლის მიხედვითაც ყველზე დანაკარგის ოდენობა განისაზღვრა 4%- ით, ხოლო საქონლის ხორცზე 31.13%-ით. არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, ვინაიდან არ იქნა გათვალისწინებული მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია.

მომჩივანი ითხოვს საკითხის ხელახლა გავლის შესაძლებლობის მიცემას აუდიტის დეპარტამენტთან და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული გადასახადის შემცირებას.

აღნიშნავს, რომ კომპანიას შემოწმების შედეგად დაკისრებული აქვს სანქციები. ითხოვს დავების განხილვის საბჭომ გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება და გაათავისუფლოს დაკისრებული ჯარიმა-საურავებისგან, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი.

განსახილველ შემთხვევაში დარიცხვა გამოწვეულია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება თავისთავში გულისხმობს, რომ ზუსტი შედეგის და ზუსტი ციფრების გამოყვანა შემმოწმებლისგან შეუძლებელია. მიმდინარე პანდემიის პერიოდი მძიმე აღმოჩნდა მსგავსი საქმიანობის ბიზნესისთვის. შესაბამისად, ითხოვს მათი მდგომარეობის გათვალისწინებას და დაკისრებული ჯარიმა/საურავების მოხსნას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 11.07.2022 წლის №17984 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის საჩივრებზე თანდართული მტკიცებულებების შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, პირველ სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, იმ თანხის ოდენობის განსაზღვრა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის დასკვნის მიხევით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აღნიშნული დასკვნიდან ირკვევა რომ:

გადასახადის გადამხდელმა წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 18 მაისის №---------- დასკვნა ყველის და საქონლის ხორცის დანაკარგების შესახებ, რომლის მიხედვით, ყველზე დანაკარგის ოდენობა განისაზღვრა 4%-ით, ხოლო საქონლის ხორცზე 31.13%-ით. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით კალკულაცია მოცემული აქვს „ნეტო“ წონებით, თუმცა შემოწმების მიერ, მესამე პირებისგან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია შერჩეულ პროდუქციაზე კალკულაციების შესახებ, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მიწოდებული კალკულაციების მიხედვით, პროდუქციის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის „ბრუტო“ წონები ნაკლებია ან ტოლია გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებულ „ნეტო“ წონებზე. შესაბამისად, დანაკარგის ოდენობა უკვე შეყვანილია კალკულაციაში და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტებისგან განსხვავებული არგუმენტები და პოზიციები. ამასთან კვლავაც აღნიშნა, რომ არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას შემოწმებით დარიცხული თანხების არ გადაანგარიშებაზე, ვინაიდან არ იქნა გათვალისწინებული მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. შემოსავლების სამსახურმა გადაწყვეტილბით დაავალა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, წარადგინა ყველის და საქონლის ხორცის დანაკარგების დადგენის შესახებ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვითაც ყველზე დანაკარგის ოდენობა განსაზღვრულია 4%-ით, ხოლო საქონლის ხორცზე 31.13%-ით. საქონლის სახეობების სიმრავლიდან გამომდინარე, ყველა დასახელებაზე დასკვნის წარდგენა შეუძლებელი იყო, არ ეთანხმება აუდიტორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ დანაკარგის ოდენობა უკვე შეყვანილია კალკულაციაში. როცა საუბარია პროდუქციის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის წონაზე, მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი რომელი მესამე პირებისგან (რესტორნიდან) იქნა გამოთხოვილი აუდიტორის მიერ ინფორმაცია შერჩეული საქონლის კალკულაციების შესახებ.

საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი განხილული იქნა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებული იქნა მომჩივნის პოზიციების/არგუმენტების მოსმენის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.

საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 16.06.2023 წლის №13624 ბრძანება;

3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელხლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 11.07.2022 წლის №17984 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 11.07.2022 წლის №17984 ბრძანებით გადამხდელის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტებისგან განსხვავებული არგუმენტები და პოზიციები. ამასთან კვლავაც აღნიშნა, რომ არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას შემოწმებით დარიცხული თანხების არ გადაანგარიშებაზე, ვინაიდან არ იქნა გათვალისწინებული მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. შემოსავლების სამსახურმა გადაწყვეტილბით დაავალა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, წარადგინა ყველის და საქონლის ხორცის დანაკარგების დადგენის შესახებ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვითაც ყველზე დანაკარგის ოდენობა განსაზღვრულია 4%-ით, ხოლო საქონლის ხორცზე 31.13%-ით. საქონლის სახეობების სიმრავლიდან გამომდინარე, ყველა დასახელებაზე დასკვნის წარდგენა შეუძლებელი იყო, არ ეთანხმება აუდიტორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ დანაკარგის ოდენობა უკვე შეყვანილია კალკულაციაში. როცა საუბარია პროდუქციის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის წონაზე, მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი რომელი მესამე პირებისგან (რესტორნიდან) იქნა გამოთხოვილი აუდიტორის მიერ ინფორმაცია შერჩეული საქონლის კალკულაციების შესახებ.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).