გადაწყვეტილება № 25507/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.10.2025
№ დოკუმენტი 25507/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 25507/2/2025

02 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------23.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25507/2/2025).

დავის საგანი:

1. შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სისწორე;

2. სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 მაისის №001-82 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.07.2025 წლის №15791 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 131 475,87 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 76 102,03

ჯარიმა - 41 995,50

საურავი - 13 378,34

 

პროცედურული გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა დიზაინერული ტანსაცმლის წარმოება და რეალიზაცია. აქვს მაღაზიები ქალაქ ----. წარმოებისთვის საჭირო მასალის შეძენებს ახდენს ადგილობრივად.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 22 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა 2025 წლის 29 მაისის №10981 ბრძანება და ამავე თარიღის №001-82 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.07.2025 წლის №15791 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სისწორე

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული პროგრამა, იყენებდა ------- ბანკის, ----- ბანკის და ----- ბანკის ტერმინალებს. შემოსავალი უფიქსირდება ძირითადად საკონტროლოსალარო აპარატით, ტერმინალით და საბანკო ჩარიცხვებით. შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვაა 470 596 ლარი, სალაროში მიღებული შემოსავალი 272 594 ლარი, ხოლო ტერმინალით მიღებული შემოსავალი 660 729 ლარი.

საბანკო ამონაწერების მიხედვით ტერმინალის შემოსავალი იყო სულ 806 073 ლარი. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა 49 467 ლარის უკან დაბრუნებული ქვითრები. საკონტროლო-სალარო აპარატის, საბანკო ამონაწერის და ტერმინალის მიხედვით დაჯამდა შემოსავალი და გათვალისწინებულ იქნა უკან დაბრუნებული ქვითრები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 893 412 ლარი, რომელიც გადანაწილდა პერიოდების შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას, ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში ტერმინალით მიღებული შემოსავალი (ამონაგები) შეადგენს - 660 728,84 ლარს, სალაროს აპარატში დაფიქსირებული შემოსავალი (ამონაგები) შეადგენს - 272 309,24 ლარს, (საჩივარს თან ერთვის სალარო აპარატის დეტალური დანართი) ასევე გამოწერილია ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები, მიღებულია შემოსავალი (ამონაგები) - 25 025,8 ლარი, უკან დაბრუნებული თანხა შეადგენს - 49 467,0 ლარს (აღნიშნული თანხა შემოწმებას აქტშიც აქვს დაფიქსირებული) აღნიშნულის გათვალისწინებით სულ ამონაგები შეადგენს - 908 596,88 ლარს, აქედან გამომდინარე შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს (908596,88/1,18) =769 997,35 ლარს, საწარმოს მიერ დეკლარირებული ბრუნვა განსაზღვრულია - 470 596,0 ლარით, ე.ი. შემცირებული დასაბეგრი ბრუნვა უნდა განსაზღვრულიყო - (769997,35 – 470596) = 299 401,35 ლარით, ნაცვლად შემოწმების აქტში დაფიქსირებული - 425 237 ლარისა, ასევე შემოწმების აქტში დამატებით დარიცხული დღგ-ის თანხა უნდა განსაზღვრულიყო (299 401,35X18%) = 53 892,24 ლარით, ნაცვლად 76 543,0 ლარისა, აქედან გამომდინარე გადასაანგარიშებელია შემოწმების აქტით დარიცხული დღგ-ს თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა დიზაინერული ტანსაცმლის წარმოება და რეალიზაცია. შემოსავალს აფიქსირებდა ძირითადად საკონტროლო-სალარო აპარატით, პოსტერმინალით და საბანკო ჩარიცხვებით. შემოწმების პროცესში დაჯამდა საკონტროლოსალარო აპარატის, საბანკო ამონაწერების და ტერმინალის მიხედვით მიღებული შემოსავლები და გათვალისწინებულ იქნა უკან დაბრუნებული ქვითრები.

მომჩივანმა საჩივრის ზეპირ განხილვაზე განაცხადა, რომ არ ასაჩივრებს დარიცხვას, ამასთან ითხოვა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციისგან გათავისუფლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად და არ არსებობს მისი ამ ნაწილში გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 მაისის №001-82 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა - 41 995,50 ლარის ოდენობით და დაეკისრა საურავი - 13 378,34 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცი

კომპანიის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების განსაზღვრა ხდებოდა სალარო აპარატში ამორტყმული ჩეკების და პოსტერმინალში დაფიქსირებული თანხების მიხედვით, მაგრამ ტერმინალით მიღებული თანხების გაანგარიშება ხდებოდა პოსტერმინალში ასახული თანხებით, მაგრამ აღება ხდებოდა RS.GE პორტალზე არსებული მონაცემებით, ხოლო ტერმინალის მონაცემები RS.GE პორტალზე არასრულად აღირიცხებოდა, კომპანიის ბუღალტერი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას ხელმძღვანელობდა RS.GE პორტალზე ტერმინალის მონაცემებით (RS.GE პორტალზე ტერმინალის მონაცემები თან ერთვის საჩივარს). აქედან გამომდინარე ბუღალტრის არაკვალიფიციურობის გამო გამოწვეული იქნა ის შეცდომები რაზეც აუდიტის დეპარტამენტმა მოახდინა დამატებით გადასახადების დარიცხვა, აქედან გამომდინარე დღგ-ის გაანგარიშებისას დაშვებული დარღვევები არ ყოფილა წინასწარ განზრახვით ჩადენილი, არამედ ეს იყო არაკვალიფიციურობის გამო დაშვებული შეცდომა, რის გამოც დავების საბჭოს თხოვს, რომ გამოიყენოს თავისი უფლება და სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გაუუქმდეს დამატებით დარიცხული ჯარიმის თანხა.

 

დავების განხილვის სამსახურის რეკომენდაცია

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საჩივარში აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვების განსაზღვრა ხდებოდა სალარო აპარატში ამორტყმული ჩეკების და პოსტერმინალში დაფიქსირებული თანხების მიხედვით, ტერმინალით მიღებული თანხების გაანგარიშება ხდებოდა პოსტერმინალში ასახული თანხებით, მაგრამ აღება ხდებოდა RS.GE პორტალზე არსებული მონაცემებით, ხოლო ტერმინალის მონაცემები RS.GE პორტალზე არასრულად აღირიცხებოდა, კომპანიის ბუღალტერი დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას ხელმძღვანელობდა RS.GE პორტალზე ტერმინალის მონაცემებით (RS.GE პორტალზე ტერმინალის მონაცემები თან ერთვის საჩივარს), აქედან გამომდინარე ბუღალტრის არაკვალიფიციურობის გამო გამოწვეული იქნა ის შეცდომები რაზეც აუდიტის დეპარტამენტმა მოახდინა დამატებით გადასახადების დარიცხვა, აქედან გამომდინარე დღგ-ს გაანგარიშებისას დაშვებული დარღვევები არ ყოფილა წინასწარ განზრახვით ჩადენილი, არამედ ეს იყო არაკვალიფიციურობის გამო დაშვებული შეცდომა.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა, საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირ განხილვაზე დაადასტურა, რომ ბუღალტერი ადეკლარირებდა ტერმინალიდან RS.GE პორტალზე დაფიქსირებულ მონაცემებს.

საბჭო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მომჩივანს დეკლარირებული ჰქონდა ზუსტად ის მონაცემი, რა მონაცემებიც ფიქსირდებოდა RS.GE პორტალზე, აღნიშნულის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით და შესაბამისად, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით დაკისრებული ჯარიმისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 29.05.2025 წლის №001-82 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სისწორე;

2. სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა დიზაინერული ტანსაცმლის წარმოება და რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელს ჰქონდა მაღაზიები. წარმოებისთვის საჭირო მასალის შეძენებს ახდენდა ადგილობრივად. გადამხდელს არ ჰქონდა ბუღალტრული პროგრამა, ჰქონდა სხვადასხვა ბანკის ტერმინალები. შემოსავალს აფიქსირებდა ძირითადად საკონტროლოსალარო აპარატით, პოსტერმინალით და საბანკო ჩარიცხვებით. შემოწმების მიერ დაჯამდა საკონტროლო-სალარო აპარატის, საბანკო ამონაწერის მიხედვით ტერმინალის შემოსავალი და გათვალისწინებულ იქნა უკან დაბრუნებული ქვითრები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერიოდების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

პირველ სადაო საკითხთან დაკავშირებით, საბჭომ მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

მეორე საკითხთნ დაკაცშირებით, საბჭო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მომჩივანს დეკლარირებული ჰქონდა ზუსტად ის მონაცემი, რა მონაცემებიც ფიქსირდებოდა RS.GE პორტალზე, აღნიშნულის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით და შესაბამისად, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით დაკისრებული ჯარიმისგან.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;158(1);159(1);275;269(7)