გადაწყვეტილება №22220/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.04.2024
№ დოკუმენტი 22220/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№22220/2/2024

23 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 12.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22220/2/2024).

 

დავის საგანი:

ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №042-46 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 იანვრის №1214 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

16 822 ლარი.

მათ შორის: ქონების გადასახადი - 11 215

ჯარიმა - 5 607

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 დეკემბრის №30031 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარდგენილი ქონების გადასახადის 2023 წლის დეკლარაცია. შემოწმებით დადგინდა, რომ მომჩივანს 2022 წელს უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საკუთრებაში აქვს უძრავი ქონებები, ხოლო ავტომობილი არ უფიქსირდება საკუთრებაში. ამასთან, შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ----ის მეუღლეს 2022 წელს საკუთრებაში არ უფიქსირდება არც უძრავი ქონება და არც ავტომობილი. გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა მომჩივნის მიერ უძრავი ქონების შეძენის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ღირებულებების მიხედვით და საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე განსაზღვრული მსგავსი ან/და იდენტური უძრავი ქონებების სარეალიზაციო ფასების მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №33743 ბრძანება და №042-46 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 16 822 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 17 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 26 იანვრის №1214 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 201-ე, 202-ე, მე-8-ე, 205-ე, მე18, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და განმარტავს, რომ ვინაიდან ფიზიკურ პირს საგადასახადო წლის განმავლობაში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, გადამხდელი ვალდებული იყო წარედგინა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაცია და გადაეხადა გადასახადი.

ამასთან, დასაბეგრი ქონების ღირებულებად საბაზრო ფასის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. გარდა ამისა, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურში არ მიეცა დავის განხილვაზე დასწრების და არგუმენტაციის/მტკიცებულებების წარდგენის საშუალება. ასევე, არ ყოფილა ჩართული შემოწმების პროცესში. აუდიტორს ქონების ღირებულებები განსაზღვრული აქვს პირადი შეხედულებით, მიუხედავად იმისა რომ საჯარო რეესტრიდან ამოღებული ჰქონდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კერძოდ, ----- გაზრდილი აქვს ქონების ღირებულება. ---- ქონებაზე ღირებულება გაზრდილი აქვს თითქმის 500 000 ლარით და მეტით. გაურკვეველია რის საფუძველზე გაზარდა აუდიტორმა ქონებების ღირებულება.

ქონებები შეძენილია 2021-2022 წლებში. გაურკვეველია რატომ გადაწყვიტა აუდიტორმა ფასების ცვლილება. არც შემოწმების აქტში აქვს რაიმე ახსნა-განმარტება ცვლილებებთან დაკავშირებით. მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები და გადაანგარიშდეს აქტი ქონების შეძენის რეალური ღირებულებებით. შესაბამისად, გაუქმდეს ზედმეტად დარიცხული გადასახადი და დაკისრებული ჯარიმა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგნებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში არ მიეცა დავის განხილვაზე დასწრების და არგუმენტაციის/მტკიცებულებების წარდგენის საშუალება. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი. საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 იანვრის №1214 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №33743 ბრძანება და №042-46 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 16 822 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 17 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 26 იანვრის №1214 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 1 ( ბ ).