ბრძანება N 23348
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23348
22 ოქტომბერი 2025
ბრძანება
ი/მ "--------" (ს/ნ "--------")
(მის.: "--------")
2025 წლის 29 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №85) განიხილა ი/მ "--------"-ის (ს/ნ "--------") 2025 წლის 29 სექტემბრის №98179/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 სექტემბრის №056-63 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ყველა საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუმცა შემოწმებამ არ გაითვალისწინა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტური ფასნამატის დასაბუთება და არ შეამცირა დარიცხული თანხები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ი/მ "--------"-ის (ს/ნ "--------") საჩივრები შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 თებერვლის №3035 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ "--------"-ის (ს/ნ "--------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 თებერვლის №3035 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 12 სექტემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს არ შეუმცირდა დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 16 სექტემბრის №056-63 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარმოადგინა ექსელის ცხრილი, რომლის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ არ არსებობდა საგადასახადო ვალდებულების კორექტირების სათანადო საფუძველი, კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებების ცხრილი, რომელშიც დაფიქსირებული საქონლის კოდი დაკავშირებულია საბაჟო დეკლარაციებთან (სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული საქონლის კოდი და ინვოისში დაფიქსირებული საქონლის კოდი არ ემთხვევა ერთმანეთს, გადამხდელმა უბრალოდ ყველა საბაჟო დეკლარაციას დაურთო ხელით დაწერილი ფურცელი, რომელშიც მითითებულია, რომ ინვოისში დაფიქსირებული საქონლის კოდი არის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული კოდი). შემოწმების პროცესშიც ზემოაღნიშნულის გამო განხორციელდა მსგავსი პროდუქციით მოვაჭრე პირის ფასნამატის გავრცელება. გადასახადის გადამხდელს აქვს ლავირების საშუალება, კერძოდ, შეუძლია რეალიზაციის დოკუმენტში დაფიქსირებულ საქონელზე ჩამოწეროს ყველაზე დიდი თვითღირებულების მქონე საქონელი (თითქმის ყველა შემთხვევაში არსებობს შეძენაში მსგავსი საქონელი უფრო დაბალი თვითღირებულებით), რაც იწვევს ფასნამატის ხელოვნურად შემცირებას (თუ ავიღებთ შეძენილი საქონლის ერთი სახეობის საშუალო ფასს, ფასნამატი გამოდის 35%, ხოლო თუ რეალიზაციას შევაფარდებთ შესაძლებელ ყველაზე დაბალ შეძენის თვითღირებულებასთან ფასნამატი გამოდის 55%-ზე მეტი).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც არ დაკორექტირდა (არ შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებების ექსელის ცხრილი, რომელშიც დაფიქსირებული საქონლის კოდი დაკავშირებულია საბაჟო დეკლარაციებთან. აღნიშნული ცხრილის შესწავლით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს აქვს ლავირების საშუალება, კერძოდ, შეუძლია რეალიზაციის დოკუმენტში დაფიქსირებულ საქონელზე ჩამოწეროს ყველაზე დიდი თვითღირებულების მქონე საქონელი (თითქმის ყველა შემთხვევაში არსებობს შეძენაში მსგავსი საქონელი უფრო დაბალი თვითღირებულებით), რაც იწვევს ფასნამატის ხელოვნურად შემცირებას (მაგალითად, თუ ავიღებთ შეძენილი საქონლის ერთი სახეობის საშუალო ფასს, ფასნამატი გამოდის 35%, ხოლო თუ რეალიზაციას შევაფარდებთ შესაძლებელ ყველაზე დაბალ შეძენის თვითღირებულებასთან ფასნამატი გამოდის 55%-ზე მეტი).
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი ჩაითვლება გაშიფრულად და დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება ჩამოიწერება გადამხდელის მიერ მითითებული 8%-იანი ფასნამატით, დარჩენილი რეალიზებული საქონლის 60% ჩაითვლება საცალოდ რეალიზებულად, ხოლო თუ გავრცელდება მსგავსი საქონლით მოვაჭრე პირის საცალო ფასნამატი, საშუალო შეწონილი ფასნამატი იქნება შემოწმებით გავრცელებულ ფასნამატზე, კერძოდ, 30%-ზე მეტი და შესაბამისად, დარიცხული თანხების გადაანგარიშება მოცემულ შემთხვევაშიც არ განხორციელდება.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "--------"-ის (ს/ნ "--------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარმოადგინა ექსელის ცხრილი, რომლის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ არ არსებობდა საგადასახადო ვალდებულების კორექტირების სათანადო საფუძველი, კერძოდ, გადამხდელმა წარმოადგინა რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებების ცხრილი, რომელშიც დაფიქსირებული საქონლის კოდი დაკავშირებულია საბაჟო დეკლარაციებთან.შემოწმების პროცესშიც ზემოაღნიშნულის გამო განხორციელდა მსგავსი პროდუქციით მოვაჭრე პირის ფასნამატის გავრცელება. გადასახადის გადამხდელს აქვს ლავირების საშუალება, კერძოდ, შეუძლია რეალიზაციის დოკუმენტში დაფიქსირებულ საქონელზე ჩამოწეროს ყველაზე დიდი თვითღირებულების მქონე საქონელი,რაც იწვევს ფასნამატის ხელოვნურად შემცირებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).