ბრძანება N 20388
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20388
17 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------ის“ (ს/ნ ---------)
(მის.:---------)
2025 წლის 13 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №74) განიხილა შპს „------“ (ს/ნ ------) 2025 წლის 13 აგვისტოს №97521/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი აგვისტოს №006-302 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია მექანიკური შეცდომით, კერძოდ, მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში დასაბეგრი თანხები სწორად არის დაფიქსირებული, თუმცა მექანიკური შეცდომის გამო გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში განაწილებული დივიდენდი არ აისახა. აცხადებს, მის კეთილსინდისიერებაზე ისიც მეტყველებს, რომ კომპანიას სრულად აქვს გადახდილი როგორც მოგების, ასევე საშემოსავლო გადასახადები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივლისის №14961 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში ასახული განაწილებული მოგებიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 28 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 31 ივლისის №17283 ბრძანება და პირველი აგვისტოს №006-302 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 7 686 ლარი, მათ შორის, გადასახადი 5 100 ლარი, ჯარიმა 2 550 ლარი, საურავი 36 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს ,,--------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2013 წლის 4 დეკემბერს. საქმიანობის სახეს წარმოადგენს ფარმაცევტული საქონლით საბითუმო ვაჭრობა. შემოწმებით გამოვლინდა რომ საწარმოს 2024 წლის აპრილის თვეში განაწილებული დივიდენდის დეკლარირებული ოდენობა, შესაბამისი მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციით შეადგენს 102 000 ლარს, თუმცა აღნიშნული განაცემი არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული განაცემი დაექვემდებარა დამატებით გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
დადგენილი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციებით უფიქსირდება დივიდენდის სახით განაწილებული მოგება, რომელიც არ აქვს ასახული გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში, რის საფუძველზეც კომპანიის მიერ დივიდენდის სახით გაცემული თანხები შემოწმებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის მიხედვით, მას ბიუჯეტში დროულად აქვს გადახდილი კუთვნილი გადასახადები, მათ შორის, შემოწმებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი, რაც დასტურდება აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებითაც.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, შპს „-------“ (ს/ნ -------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი აგვისტოს №006-302 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“ (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს „------“ (ს/ნ ------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი აგვისტოს №006- 302 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისაგან;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შპს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2013 წლის 4 დეკემბერს. საქმიანობის სახეს წარმოადგენს ფარმაცევტული საქონლით საბითუმო ვაჭრობა. შემოწმებით გამოვლინდა რომ საწარმოს 2024 წლის აპრილის თვეში განაწილებული დივიდენდის დეკლარირებული ოდენობა, შესაბამისი მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციით შეადგენს 102 000 ლარს, თუმცა აღნიშნული განაცემი არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შემოწმებით, აღნიშნული განაცემი დაექვემდებარა დამატებით გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, შპს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი აგვისტოს №006-302 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისაგან.
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:269(7)