გადაწყვეტილება №25921/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.11.2025
№ დოკუმენტი 25921/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებიგადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესიდღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებიდაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასდასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასსაგადასახადო ანგარიშ-ფაქტურახელფასის სახით მიღებული შემოსავლებიგადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესიდღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებიდაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასდასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასსაგადასახადო ანგარიშ-ფაქტურასაგადასახადო სამართალდარღვევა და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები

📄 სრული ტექსტი

№25921/2/2025

26 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 29.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25921/2/2025).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვისა და განაცემების ოდენობის სხვაობა შემოწმების შედეგად დადგენილ ბრუნვასა და განაცემების ოდენობასთან;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №002-93 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.09.2025 წლის №19926 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 45 150.23 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 27 981.57

დღგ- 18 856.57

საშემოსავლო გადასახადი - 9 125

ჯარიმა - 13 961.70

საურავი - 3 206.96

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა სხვადასხვა საქონლით (შაქარი, ფქვილი, ჩირი/ქიშმიში, მარილი, ზეთი), უპირატესად შაქრით ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2025 წლის №19096-21-05 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 10.05.2022-1.04.2025 წლების საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა 1.07.2025 წლის №14441 ბრძანება და ამავე თარიღის №002-93 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.09.2025 წლის №19926 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვისა და განაცემების ოდენობის სხვაობა შემოწმების შედეგად დადგენილ ბრუნვასა და განაცემების ოდენობასთან

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საქონლის შეძენა/რეალიზაცია სრულად ხორციელდება ადგილობრივ ბაზარზე. რეალიზებული პროდუქციის 99%-ს შეადგენს შაქარი. რეალიზაციის 80% არის დოკუმენტური, ხოლო 20% წარმოადგენს საცალოდ გაყიდულ პროდუქცია. რეალიზებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას, დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 3%-ს. შემოწმებით შესწავლილი იქნა საწარმოს პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაცია (ელ. ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, საბანკო ამონაწერები, სალარო აპარატის ამონაწერი), რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს მიერ მიწოდებული საქონლის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა მეტია, ვიდრე შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში არის დაფიქსირებული. ბრუნვებს შორის სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით.

სააღრიცხვო ინფორმაციის/საბანკო ამონაწერების ანალიზით დადგენილი განაცემების ოდენობა განსხვავდება გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილისგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილებით, 168-ე მუხლის პირველი ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მიხედვითაც იყო მცირედი სხვაობები რაზეც შემდგომ შემმოწმებელმა მოახდინა დღგ-ის დარიცხვა, ზემოაღნიშნული სხვაობა გამოწვეულია მექანიკურად, შეცდომით გატარებული მონაცემებით ბუღალტრულ აღრიცხვაში, რომელიც საერთო ჯამში 0,006%-ია ჯამური ბრუნვის.

შემმოწმებელმა შეისწავლა ხელფასად გაცემული თანხები და მისცა შენიშვნა რომ საკმაოდ დაბალი თანხებია გაცემული, რაზეც განუმარტა, რომ დამფუძნებელს აქვს შეტანილი საბრუნავი თანხები, შესაბამისად ხელფასის განაცემი ტარდებოდა როგორც დამფუძნებელზე უკან თანხის დაბრუნება და მცირდებოდა ვალდებულება დამფუძნებლის წინაშე თუმცა, ბუღალტრულად განახორციელა ცვლილებები და მიაწოდა ინფორმაცია შემმოწმებელს, რამაც გამოიწვია თანხის დარიცხვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 7.11.2025 წლის №---21-14 წერილი, სადაც მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით მითითებულია შემდეგი:

ა) შემოწმების შედეგად შესწავლილი იქნა საწარმოს პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაცია (ელ. ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, საბანკო ამონაწერები, სალარო აპარატის ამონაწერი), რის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიერ მიწოდებული საქონლის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა მეტია, ვიდრე შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში არის დაფიქსირებული. კერძოდ, კომპანიას გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადებები, რომელიც ასახული არ არის შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციაში;

ბ) გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კომპანიიდან ფულადი სახსრების გაცემა ხორციელდებოდა დამფუძნებელზე, საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით და აღნიშნული თანხა გაიცემოდა ფიზიკურ პირებზე ხელფასის სახით, რომელიც არ იყო დაბეგვრაზე წარდგენილი, შესაბამის საანგარიშო პერიოდში. გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული შემთხვევა ჩაასწორა ბუღალტრულ პროგრამაში, შესაბამისად, გაიზარდა საწესდებო კაპიტალი და დაფიქსირდა ფიზიკურ პირებზე სახელფასო განაცემი, რომელიც შემოწმების შედეგად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. ამასთან, 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში, გადასახადის გადამხდელს, პერიოდის ცვლილებაზე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან, მომჩივანს დაეკისრა საურავი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებდა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადის გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციებისაგან გათავისუფლების საფუძველს. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვისა და განაცემების ოდენობის სხვაობა შემოწმების შედეგად დადგენილ ბრუნვასა და განაცემების ოდენობასთან.

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №19096-21-05 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 10.05.2022-1.04.2025 წლების საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა №14441 ბრძანება და №002-93 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №19926 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთან,არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 168(1); 269(7);