ბრძანება N 15065
📄 სრული ტექსტი
N 15065
04 ივლისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----ის“ (ს/ნ ------;) (მის. --------)
2025 წლის 13 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 ივნისის სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა შპს „------ის“ (ს/ნ ------) №96221/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივნისის №SQ1766697 საჯარიმო ქვითარს (სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების იმპორტისას დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი).
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ დაჯარიმება გამოწვეულია იმპორტირებულ პროდუქციაში GMO-ს შემცველი პროდუქტის გამორჩენით, რაც მოხდა კომპანიის მხრიდან უნებლიედ და არ ისახავდა მიზნად, ტვირთის ეტიკეტირების გარეშე შემოტანის განზრახვას. სამართალდარღვევა გამოწვეულია ტექნიკური შეცდომით.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას ან შემსუბუქებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 26 აპრილს შპს „-----ის“ მიერ №----/--- საბაჟო დეკლარაციით საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ იქნა საკვები დანამატები ცხოველებისათვის (საერთო წონით-5128 კგ, საერთო საბაჟო ღირებულება-20030,20 ლარი). აღნიშნული საქონელი საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა 2025 წლის 29 აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტი „-----ის“ გავლით, სადაც საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას, მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ დეკლარაციისათვის განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“. შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოწერილ იქნა აღრიცხვის მოწმობა (D-----) და საქონელი და სატრანსპორტო საშუალება (სახ. ნომ ------) გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ დანიშნულებით.
აღნიშნული საქონლით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ კონტროლის ზონაში გამოცხადდა 2025 წლის 30 აპრილს, რის შემდგომაც გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება. ამასთან სანიტარული, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ კონტროლის განხორციელების მიზნით საბაჟო დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“. საქონლის ფიზიკური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული საქონელი წარმოადგენდა გენმოდიფიცირებულ პროდუქტს. რაზეც შემდგომ შპს „-----ის“ (ს/ნ ------) მიერ წარმოდეგნილი იქნა სათანადო დოკუმენტაცია.
შესაბამისად, შპს „-----ის“ (ს/ნ -----) მიერ №-----/--- საბაჟო დეკლარაციით შემოტანილ საქონელზე (გენმოდიფიცირებული საკვები დანამატები ცხოველებისთვის) დარღვეული იყო ეტიკეტირების წესები.
სამართალდაღვევის აღნიშნულ ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ 2025 წლის 3 ივნისს შედგენილ იქნა №SQ176697 საჯარიმო ქვითარი, რომლითაც შპს „-------ის“ (ს/ნ -------) დაეკისრა პასუხისმგებლობა ,,სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდაღვევისათვის და სანქციის სახედ შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
შპს „-------ის“ მიერ აღნიშნული შეუსაბამობა გამოსწორებული იქნა, რის შემდგომ დასრულებულ იქნა №----/---- საბაჟო დეკლარაცია და საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი მიუთითებს, რომ ეს კანონი აწესრიგებს სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას და იმპორტისას მათ ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ამავე კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, იმპორტი არის სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად გამოყენებული საბაჟო პროცედურა. ხოლო ტიკეტირება კი არის სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან და გენმოდიფიცირებულ პროდუქტთან დაკავშირებული ინფორმაციის შეფუთვაზე განთავსება ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი იმპორტისას ეტიკეტირებული უნდა იყოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი ეტიკეტირებული უნდა იქნეს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, თუ მათ შემადგენლობაში არსებული გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები საერთო მასის 0,9%-ზე მეტია
ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში, წრიულ ფორმაში განთავსებული უნდა იყოს წარწერა „გმო“, ხოლო გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში, წრიულ ფორმაში – წარწერა „გმ“. აღნიშნული წარწერები იმდენად თვალსაჩინო, ადვილად აღქმადი და მკვეთრად გამოსახული უნდა იყოს, რომ მომხმარებელმა ადვილად შეძლოს მათი იდენტიფიცირება.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი დადგენილია, რომ სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესებთან შესაბამისობა დგინდება სახელმწიფო კონტროლისა და საბაჟო კონტროლის დროს.
აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის თანახმად, ბიზნესოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი იმპორტისას ეტიკეტირებული იყოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ბიზნესოპერატორი ვალდებულია ასევე სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას ჰქონდეს თანმხლები დოკუმენტი.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას ახორციელებს საბაჟო კონტროლს მათ ეტიკეტირებაზე, მათ შორის, ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში.
დასახელებული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენომოდიფიცირებული პროდუქტის ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი ეტიკეტირების წესების დარღვევა, მათ შორის, ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში დადგენილი წესების დარღვევა, მათი ბაზარზე განთავსებისას და იმპორტისას, აგრეთვე თანმხლები დოკუმენტის არქონა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესების დარღვევას. აღნიშნული წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას (გადაცდომა) - მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად იქნეს დატოვებული 2025 წლის 3 ივნისის N SQ1766697 საჯარიმო ქვითარი და დაკისრებული სახდელი;
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას ან შემსუბუქებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო დეკლარაციით საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ იქნა საკვები დანამატები ცხოველებისათვის. საქონლის ფიზიკური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული საქონელი წარმოადგენდა გენმოდიფიცირებულ პროდუქტს.შემოტანილ საქონელზე (გენმოდიფიცირებული საკვები დანამატები ცხოველებისთვის) დარღვეული იყო ეტიკეტირების წესები. რაზედაც შედგენილ იქნა საჯარიმო ქვითარი, რომლითაც კომპანიას დაეკისრა პასუხისმგებლობა ,,სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდაღვევისათვის და სანქციის სახედ შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტს;
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე და 278-ე მუხლები