ბრძანება N 19936
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19936
08 სექტემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ ----- ) (მის.: ----- )
2026 წლის 3 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 2 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N 77) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) 2026 წლის 3 აგვისტოს N 27896/2/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 ივლისის N 006-294 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შპს „-----“ თავდაპირველად რეგისტრირებული იყო სრულიად სხვა სახელწოდებით „-----“ და განკუთვნილი იყო განსხვავებული ბიზნესპროექტისთვის. აღნიშნული პროექტი არ განხორციელდა, რის გამოც კომპანიას ეკონომიკური საქმიანობა ფაქტობრივად არ დაუწყია. 2024 წლის დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, პარტნიორად შესულიყო შპს „-----“ ბიზნესში. არსებული საქმიანობა გადავიდა აღნიშნულ იურიდიულ პირზე, რომელსაც შეეცვალა სახელწოდება და დაიწყო ოპერირება შპს „-----“ სახელით. კომპანიის საქმიანობის დაწყებისას პარტნიორებს შორის არსებობდა პასუხისმგებლობების მკაფიო გამიჯვნა და კომპანიის ყოველდღიურ ფინანსურ, საბუღალტრო და საგადასახადო ადმინისტრირებაში უშუალო მონაწილეობას არ იღებდა. მხოლოდ 2025 წლის პირველი ნოემბრიდან გადაიბარა კომპანიის სრული მართვა და ამ პერიოდიდან მის პასუხისმგებლობაში მოექცა ბუღალტრული აღრიცხვა; საგადასახადო ადმინისტრირება; საოპერაციო მართვა და ფინანსური კონტროლი. კომპანიის სრულად გადაბარების შემდეგ გამოვლინდა, რომ წინა პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვა საჭიროებდა მნიშვნელოვან კორექტირებას. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა წინა პერიოდის ბუღალტრული ინფორმაციის სრულყოფილად მოწესრიგება. სწორედ ამიტომ მიიღეს ბიზნესისთვის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ საქმიანობა გადაეტანა ახალ იურიდიულ პირზე, რათა შემდგომი საქმიანობა წარმართულიყო სრულიად გამჭვირვალედ, მოწესრიგებულად და კანონმდებლობის სრული დაცვით. 2026 წლის პირველი თებერვლიდან აღნიშნულმა კომპანიამ ფაქტობრივად შეწყვიტა რესტორნის ოპერირება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ეთანხმება შემოწმების შედეგად დარიცხულ ძირითად გადასახადს და გამოთქვამს მზაობას დაფაროს ეტაპობრივად, გადახდის გრაფიკის მიხედვით. ხოლო კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 ივნისისა N 13644 და 25 ივნისის N 14031 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2023 წლის 23 თებერვლიდან 2026 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო - სალარო აპარატით, პოსტერმინალითა და საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვისა და მიღებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 2 ივლისის N 14911 ბრძანება და ამავე თარიღის N 006- 294 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 83 554 ლარი, მათ შორის, გადასახადი 51 492 ლარი, ჯარიმა 25 746 ლარი, საურავი 6 316 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საქმიანობის საგანია სარესტორნო და საკვებით მობილური მომსახურებების საქმიანობები. გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2023 წლის 23 თებერვალი. ამავე თარიღიდან რეგისტრირებული იყო დღგ-ის გადამხდელად, თუმცა 2026 წლის 13 მაისს აღნიშნული სტატუსი გაიუქმა. საგადასახადო ვალდებულებების სრულად განსაზღვრის მიზნით შესწავლილია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მეშვეობით მოპოვებული ინფორმაცია, კერძოდ, საკონტროლო - სალარო აპარატისა და პოსტერმინალის ბაზები და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ანგარიშების ამონაწერები. შედეგად, დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულია შემოსავალი 337 615 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნული შემოსავალი დღგ-ის დეკლარაციებში გადასახადის გადამხდელს არ აუსახავს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „-----“ დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოწმების შედეგად დადგინდა საგადასახადო ვალდებულებების დარღვევა, რის გამოც კომპანიას დამატებით გადასახადის, ჯარიმისა და საურავის გადახდა დაეკისრა.
გადაწყვეტილება:
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275; 269(7);.