ბრძანება N 14596
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 14596
26.06.2023
შპს „---------“ (ს/ნ ----------)
( მის.: --------------)
2023 წლის 6 იანვრის და 21 თებერვლის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 ივნისის სხდომაზე (ოქმი №62) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ---------) 2023 წლის 5 იანვრის №CA00412300101719 (რეგ. №625/01) და 21 თებერვლის №461318 (რეგ. №31687/21) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №006-587 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №16677 და 25 ივლისის №19777 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 14 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 21 დეკემბრის №32171 ბრძანება და ამავე თარიღის №006-587 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 487 934 ლარი, მათ შორის, გადასახადი 279 458 ლარი, ჯარიმა 139 729 ლარი, საურავი 68 747 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „-----------“ 01.01.2019 დან 01.06.2022 საანგარიშო პერიოდში არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, 2021 წლის 30 ივლისს პარტნიორთა კრების საფუძველზე შპს „----------“ ერთპიროვნულმა მფლობელმა და დირექტორმა ფ/პ---------- გაასხვისა შპს „----------“ კუთვნილი წილი 51% შპს „------------“ 25 000 ლარად, ურთიერთდამოკიდებულ პირზე, ფ/პ ----------. აღნიშნული ოპერაციის ანალიზის შედეგად და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ლიცენზირებული აუდიტორის, სერტიფიკატი №---------, წილის შეფასების ანგარიშით გამოირკვა წილის ურთიერთდამოკიდებულ პირზე გასხვისების დროისათვის ღირებულება შეადგენდა 1 608 600 ლარს, რაც გასხვისების ღირებულებაზე 1 583 600 ლარით ნაკლებია. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე აღნიშნული ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის თანახმად წარმოადგენს მოგებით დასაბეგრ ოპერაციას. შესაბამისად, დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შპს ,,-----------“ ფ/პ ----------- მიმართ გააჩნდა კრედიტორული დავალიანება 2 261 506.13 ლარი, რაც დასტურდება მათ მიერ დადებული შეთანხმებით. ვალის გარკვეული ნაწილის დასაფარავად შპს „-----------“ მოახდინა შპს ,,-----------“ არსებული 51%-იანი წილის ფ/პ ----------- გადაცემა, რაც დასტურდება მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით. ხელშეკრულების თანახმად, ფ/პ ------------ მოახდინა შპს „----------“ საგადასახადო დავალიანების დაფარვა, დაახლოებით 25 000 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოადგენდა არა ნასყიდობის საგნის ფასს, არამედ მისი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული საგადასახადო დავალიანების დაფარვა იყო. შესაბამისად ალოგიკურია გასხვისების ღირებულებათა სხვაობაზე საუბარი, როდესაც რეალურად ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ვალი გაიქვითა, რაც თავის თავში, რა თქმა უნდა, მოგების არსებობის ფაქტს გამორიცხავს. მომჩივნის განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის არც ერთი ნორმა არ ითვალისწინებს საკრედიტო დავალიანების დაბეგვრის შესაძლებლობას. საქართველოს საგადასახადო კოდექსი ამომწურავად მოიცავს დასაბეგრ ობიექტთა წრეს, რომელთა ჩამონათვალიც საკმაოდ მკაფიო და კონკრეტული ხასიათის მატარებელია, რაც წარმოადგენს მთავარ არგუმენტს, მომჩივნის პოზიციის დასადასტურებლად.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ მტკიცებულებები ვალთან დაკავშირებით. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------“ (ს/ნ ------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ მტკიცებულებები ვალთან დაკავშირებით;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფ/პ-თვის წილის გადაცემის საფუძველზე განსაზღვრულ მოგების გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანის პარტნიორთა კრების საფუძველზე, ერთპიროვნულმა მფლობელმა და დირექტორმა გაასხვისა კუთვნილი წილი 51% სხვა შპს-ში ურთიერთდამოკიდებულ ფ/პ-ზე. ურთიერთდამოკიდებულ პირზე გასხვისების დროისათვის ღირებულება შეადგენდა თანხის ოდენობას რაც გასხვისების ღირებულებაზე ნაკლები აღმოჩნდა.
შესაბამისად, დაერიცხა მოგების გადასახადი და განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ მტკიცებულებები ვალთან დაკავშირებით. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
19;2(ა);97(1ა);981(4ა.ა);