ბრძანება N 3234

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.02.2026
№ დოკუმენტი 3234
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3234

13 თებერვალი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“-ის (ს/ნ -----) (მის.: ----- )

2026 წლის 18 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 4 თებერვლის სხდომაზე (ოქმი N 10) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) 2026 წლის 18 იანვრის N 100062/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის N 041-100 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მის მიერ შეცდომით იქნა ჩათვლილი 2017 წლამდე დაგროვილ გაუნაწილებელ მოგებაზე დარიცხული მოგების გადასახადი, რაც გამოწვეული იყო საბუღალტრო პროგრამის და დოკუმენტაციის ხანძრის შედეგად განადგურებით, რასთან დაკავშირებითაც საჩივარზე წარმოადგენს ცნობას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და ქ. თბილისის, ----- სამმართველოს პოლიციიდან. ამასთან, აღნიშნავს, რომ შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადი 54 000 ლარი გადახდილია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს დაკისრებული ჯარიმა/საურავის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ოქტომბრის N 21976 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 26 დეკემბრის N 28683 ბრძანება და ამავე თარიღის N 041-100 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 114 129 ლარი, მათ შორის, გადასახადი 56 235 ლარი, ჯარიმა 28 117 ლარი, საურავი 29 777 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „-----“ დაფუძნებულია 2010 წლის 10 აგვისტოს. შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან შესამოწმებელ პერიოდში განაწილებული დივიდენდი შეადგენს ჯამში 550 000 ლარს, ხოლო მიღებული ჩათვლა 97 059 ლარს. მოგების ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით, შემოწმების პროცესში ჩატარდა 2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების ანალიზი, რისთვისაც გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში ელექტრონულად წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებები. წინა პერიოდების ანალიზის შედეგად დაგინდა, რომ გადასახდის გადამხდელს 2017 წლის საწყისი პერიოდის გაუნაწილებელი მოგების ნაშთია 1 196 335 ლარი, 2017 წლამდე დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადი შეადგენს 215 962 ლარს. 2017 წლიდან 2022 წლამდე გადასახადის გადამხდელს 2017 წლამდე მიღებული მოგებიდან განაწილებული აქვს 965 000 ლარი, შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შეეძლო 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ნაშთიდან გაენაწილებინა მხოლოდ დარჩენილი 231 335 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 მუხლების, ასევე 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის შესაბამისად, გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტზე, რომლითაც დგინდება, რომ მის მიერ შეცდომით იქნა ჩათვლილი 2017 წლამდე დაგროვილ გაუნაწილებელ მოგებაზე დარიცხული მოგების გადასახადი, რაც გამოწვეული იყო საბუღალტრო პროგრამის და დოკუმენტაციის ხანძრის შედეგად განადგურებით და შესაბამისად, მისი მიზანი არ ყოფილა გადასახადებისგან თავის არიდება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს, შესაბამისად, შპს „-----“ (ს/ნ -----), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის N 041-100 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შპს „-----“ (ს/ნ -----), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის N 041-100 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი ითხოვს დაკისრებული ჯარიმა/საურავის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია რომ ჩატარდა კომპანიის კამერალური საგადასახადო შემოწმება, დივიდენდის განაწილებისა და მოგების გადასახადის ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგად შედგა აქტი, გამოიცა შესაბამისი ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით კომპანიას დამატებით დაეკისრა გადასახადის, ჯარიმისა და საურავის გადახდა.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 275(2); 269(1)(7);.