გადაწყვეტილება №20937/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20937/2/2023
15 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 27.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20937/2/2023).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის №005-125 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.09.2023 წლის №22136 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 27 764.98 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 17 843
ჯარიმა - 9 022
საურავი - 899.98
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გადაზიდვის მომსახურება.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების, 2022 წლის ნოემბრის თვისა და 2023 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდების დღგის დეკლარაციებში ასახვის სისწორის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 01.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომელშიც მითითებულია შემდეგი:
მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირებულია 28.10.2022 წლიდან. შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებში (თვეებში) გადამხდელს განხორციელებული აქვს მომსახურების/საქონლის მიწოდება და შესაბამისად გამოწერილია ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები/სასაქონლო ზედნადებები, რაც სრულად არ არის ასახული შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში (ავ----------; ეა----------). შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაციების შესწავლით დადგინდა, რომ მიღებული ავანსის თანხაზე გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა (ავ----------) გაინაშთა იმავე საანგარიშო პერიოდში გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებით (ეა----------), რაც დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით და მიღება-ჩაბარების აქტით, ხოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა----------) არ არის დაბეგრილი შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციით. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, შესაბამის საანგარიშო პერიოდში (2023 წლის მარტის თვეში) გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული ოპერაცია დაექვემდებარა დაბეგვრას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მის მიერ გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც არ არის დაბეგვრის მიზნით წარდგენილი ან/და მიბმული შესაბამისი პერიოდების დეკლარაციაზე. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის თანახმად და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის №19273 ბრძანება და ამავე თარიღის №005-125 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 7.09.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.09.2023 წლის №22136 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველის ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებზე, 291-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და 275- ე მუხლის მე-5 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში მოხდა ჯარიმის შეფარდება არამართლზომიერად და მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმო განიცდის ფინანსურ კრიზისს, იხდის დამატებით გადასახადებს და ამავდროულად, შედგენილი აქვს შესაბამისი გრაფიკი დღგ-ის გადახდაზე და აღნიშნულის დამადასტურებლად წარმოადგენს აღიარებული საგასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენთან 22.09.2023 წელს გაფორმებულ №2023-8515 ხელშეკრულებას და აღნიშნულზე გამოცემულ ამავე დეპარტამენტის №005-2023-16298 ბრძანებას. ამ ეტაპისათვის, საწარმოს არ აქვს საშუალება გადაიხადოს დამატებით დაკისრებული ჯარიმები და საურავები. იმის გათვალისწინებით, რომ საწარმო ვერ გადაიხდის დამატებით დაკისრებულ ჯარიმას, არსებობს საშიშროება იმისა, რომ გამოცხადდეს გადახდისუუნაროდ და შეწყვიტოს საქმიანობა.
მომჩივანი ითხოვს დაკისრებული ჯარიმის (9 022 ლარის) შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირებულია 28.10.2022 წლიდან. შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებში (თვეებში) გადამხდელს განხორციელებული აქვს მომსახურების/საქონლის მიწოდება და შესაბამისად გამოწერილია ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები/სასაქონლო ზედნადებები, რაც სრულად არ არის ასახული შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში. შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაციების შესწავლით დადგინდა, რომ მიღებული ავანსის თანხაზე გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა გაინაშთა იმავე საანგარიშო პერიოდში გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებით, რაც დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით და მიღება-ჩაბარების აქტით, ხოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ არის დაბეგრილი შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციით. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, შესაბამის საანგარიშო პერიოდში (2023 წლის მარტის თვეში) გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული ოპერაცია დაექვემდებარა დაბეგვრას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მის მიერ გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც არ არის დაბეგვრის მიზნით წარდგენილი ან/და მიბმული შესაბამისი პერიოდების დეკლარაციაზე. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის თანახმად და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის №19273 ბრძანება და ამავე თარიღის №005-125 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 7.09.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.09.2023 წლის №22136 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7).