ბრძანება N 5644
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5644
15/03/2018
ი.მ -----
(მის: ქ. --------)
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა 2018 წლის 02 მარტს დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე (ოქმი №23) განიხილა ი.მ ------ ს საჩივარი, 2017 წლის 13 დეკემბრის ბრძანების ,,აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ“ ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, 2017 წლის 13 დეკემბრის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანების და 2017 წლის 25 დეკემბრის Ncb835584 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების მოთხოვნით გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს მძიმე ოჯახურ მდგომარეობაზე და ითხოვს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2016 წლის 29 ივნისის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანების გაუქმებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით ი.მ ------ საგადასახადო დავალიანება 2017 წლის 11 ივლისის მდგომარეობით შეადგენდა 4800 ლარს (სხვა ჯარიმები). ი.მ ------ ს განცხადების საფუძველზე, ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 11 ივლისს გამოცემულ იქნა N040-2017-2620 ბრძანება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, რომლის თანახმადაც ი.მ ------ ს მიმართ 2017 წლის 11 ივლისის მდგომარეობით არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (4800 ლარი) გადახდევინება გადავადდა 2018 წლის 09 ივლისის ჩათვლით. ამასთან, ი.მ ------ სთნ გაფორმდა 11.07.2017 წლის N2017-1557 ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ, რომლის 2.1.1 და 2.1.2 ქვეპუნქტების თანახმად მოვალემ იკისრა ვალდებულება არ დააღვიოს ხელშეკრულების დანართით (გადახდის გრაფიკით) გათვალისწინებული პირობები და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეასრულოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სხვა ჯარიმების პირადი აღრიცხვის ბარათზე გადამხდელის მიმარათ განხორციელდა დამატებით თანხების დარიცხვა (სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე). კერძოდ, 2017 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით სხვა ჯარიმების პირადი აღრიცხვის ბარათზე ი.მ ------ ს ერიცხებოდა 7800 ლარი და აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 5000 ლარი.
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 11.07.2017 წლის N2017-1557 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო (არ იქნა გადახდილი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები), 2017 წლის 13 დეკემბერს გამოიცა ადმინისტრირების დეპარტამენტის N040-2017-5205 ბრძანება, რომლის თანახმადაც გაუქმდა საგადასახადო დავალიანების გადავადების თაობაზე 2017 წლის 11 ივლისის N040-2017-2620 ბრძანება და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 11.07.2017 წლის N2017-1557 ხელშეკრულება. ამავე ბრძანებით ადმინისტრირების დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს დაევალა ი.მ ------ს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება.
,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 64-ე მუხლის თანახმად:
1. გადაწყვეტილება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ უქმდება, თუ:
ა) პირმა დაარღვია საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით ან/და მისი დანართით (გრაფიკით) გათვალისწინებული პირობები;
ბ) პირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე სრულად გადაიხდის საგადასახადო დავალიანების თანხებს და შესაბამის საურავს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობა არის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 13.12.2017 წლის N036-306 ბრძანება.
ამასთან საქმეზე არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2017 წლის 13 დეკემბერს ი.მ ------ ის მიმართ გამოიცა ბრძანება N 036306 ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ”, რომელიც ელექტრონულად ჩაბარდა ი.მ ------ 2017 წლის 14 დეკემბერს. აღნიშნული ბრძანების მე-5 პუნქტის საფუძველზე პირი ვალდებული იყო 5 სამუშაო დღის ვადაში სრულად წარმოედგინა მის საკუთრებაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონება, რაც გადასახადის გადამხდელის მხრიდან დღეის მდგომარეობით არ იქნა შესრულებული, რის გამოც სსკ-ის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პირი დაჯარიმდა და შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N CB835584.
სსკ-ის 279-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა – იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად:
„საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.“
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.“
სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად: „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს“.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით: „საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი“. ასევე, ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება 241-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ სსკ-ის 279-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა გამოწვეული იყო გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით, შესაბამისად შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ი.მ ------ უნდა გათავისუფლდეს ანალიტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 25 დეკემბრის Ncb835584 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ფულადი ჯარიმის - 400 ლარისაგან, ხოლო რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას ანალიტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 13 დეკემბრის ბრძანების ,,აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ“ ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე და 2017 წლის 13 დეკემბრის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანების გაუქმების თაობაზე, დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი.მ ------ ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გათავისუფლდეს გადასახადის გადამხდელი ანალიტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 25 დეკემბრის Ncb835584 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ფულადი ჯარიმის - 400 ლარისაგან.
3. დაევალოს ანალიტიკურ დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ადმინისტრირების დეპარტამენტის ინფორმაციით გადამხდელის განცხადების საფუძველზე, გამოცემულ იქნა ბრძანება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, გადამხდელთან გაფორმდა ხელშეკრულება დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გადამხდელის მიმარათ განხორციელდა დამატებით თანხების დარიცხვა სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო (არ იქნა გადახდილი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები), გამოიცა ბრძანება, რომლის თანახმადაც გაუქმდა საგადასახადო დავალიანების გადავადების თაობაზე ბრძანება და ხელშეკრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ გადამხდელი უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის - 400 ლარისაგან, ხოლო რაც შეეხება გადამხდელის მოთხოვნას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გაუქმების თაობაზე, აღნიშნული ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 241; 269(7); 279
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანება 64 მუხლი