გადაწყვეტილება №26609/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.02.2026
№ დოკუმენტი 26609/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26609/2/2026

20 თებერვალი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ ----- )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 19.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“ 11.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 26609/2/2026).

 

დავის საგანი:

დაკისრებული საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ნოემბრის N 006-459 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 იანვრის N 753 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 68 192.66 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 39 756.36 ლარი;

ჯარიმა - 19 878.40 ლარი;

საურავი - 8 557.90 ლარი;.

 

ფაქტების აღწერა:

კომპანიის საქმიანობაა ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერების დამუშავება. საწარმო საქმიანობას ახორციელებს ----- რაიონში, სოფ. -----. მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2013 წლის 5 მაისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2013 წლის 14 მაისს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ოქტომბრის N 21988 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 24 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემების შესაბამისად შეადგენს 420 166 ლარს. ამავე პერიოდში (2015 და 2016 წელი) განაწილებული დივიდენდის თანხის ოდენობა შეადგენს 168 086 ლარს. 2017 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 მაისამდე გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად არის განაწილებული 2017 წლამდე დაგროვილი წმინდა მოგებიდან დივიდენდი 252 080 ლარის ოდენობით, განაცემი ასახულია მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში, დარიცხულია კუთვნილი მოგების გადასახადი და ამავე დროს, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის მაისში საწარმოს ამოწურული აქვს 2017 წლამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხის ოდენობა. შემოწმებით დგინდება, რომ 2022-2025 წლების საანგარიშო პერიოდების მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში ასახული ჩასათვლელი თანხით კომპანიას არასწორად აქვს შემცირებული კუთვნილი მოგების გადასახადი, 39 757 ლარის ოდენობით. შემოწმებით 225 291 ლარი მიჩნეულ იქნა საგადასახადო კოდექსის 981 მუხლით დასაბეგრ თანხად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ნოემბრის N 25932 ბრძანება და N 006-459 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 68 192.66 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 25 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 23 იანვრის N 753 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ნოემბრის N 006-459 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 იანვრის N 753 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტზე, რომ მის მიერ შეცდომით, 2017 წლამდე დაგროვილ გაუნაწილებელ მოგებაზე, ზედმეტად მოხდა დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა, ვინაიდან გადამხდელი მიიჩნევდა, რომ მოგების გადასახადის ჩათვლის გაანგარიშებისას მოგების დეკლარაციის შესაბამის ნაწილში შეტანილი ციფრები ავტომატურად პროგრამულად დაიანგარიშებდა რა ოდენობის ჩათვლა ეკუთვნოდათ და აღარ მიეცემოდათ მოგების ყოველთვიური დეკლარაციით ზედმეტად ჩათვლის მიღების საშუალება. აცხადებს, რომ კომპანია ახორციელებს საგადასახადო ვალდებულებების სწორად, დროულად დეკლარირებას და სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების დროულად გადახდას. ამასთან, მიუთითებს, რომ საწარმოს შეგნებულად ზიანი არ მიუყენებია სახელმწიფო ბიუჯეტისთვის და საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული მოგების გადასახადი გადახდილი აქვთ (საჩივარზე დართულია შესაბამისი საგადახდო დავალება).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ნოემბრის N 006-459 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

ეხლა გაარკვია, რომ თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს განაწილებული მოგების მიხედვით გადასახდელი თანხისა. ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების დივიდენდის სახით განაცემი.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით შესწავლილი უნდა ყოფილიყო საგადასახადო ორგანოში ორგანიზაციის შესახებ არსებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დაადგენდნენ, რომ ახორციელებდა საგადასახადო ვალდებულებების სწორად, დროულად დეკლარირებას და გადასახადების სახელმწიფო ბიუჯეტში დროულად გადახდას. ასევე აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ აქვს ჩადენილი.

საწარმოში დამკვიდრებული პრაქტიკა არის შემდეგი: ყოველთვიურად საანგარიშო თვის 15 რიცხვამდე მზადდება ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციები, რასაც ბუღალტერი ამზადებს, რადგანაც მის ფუნქციაში შედის საბუღალტრო ოპერაციების ასახვა საბუღალტრო რეგისტრებში და საგადასახადო დეკლარაციების მომზადება. როდესაც კომპანიის ბუღალტერი აცნობებს, რომ დეკლარაციები მოამზადა და მზად აქვს გადასაგზავნად და მიუთითებს რა ოდებით თანხა აქვს კონკრეტული გადასახადის სახეების მიხედვით ბიუჯეტში გადასახდელი, ამის შემდგომ აძლევს დავალებას, რომ გადააგზავნოს დეკლარაციები და გადაიხადოს ბიუჯეტის წინაშე არსებული ვალდებულება, რასაც ბუღალტერი პირნათლად ასრულებს. რაც შეეხება მოგების გადასახადში განხორციელებული ჩათვლის საკითხს, ნამდვილად არ იცოდა თუ მისი გაანგარიშება ასეთი რთული ფორმულის გამოყენებით ხორციელდებოდა. ამასთან, როდესაც კომპანიამ დაიწყო დივიდენდის განაწილება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, თავის დროზე ბუღალტერმა განუცხადა, რომ გაიარა შესაბამისი კონსულტაციები და ეკუთვნის მოგების გადასახადში შესაბამისი ჩათვლის მიღების უფლება, რაზეც მისცა დავალება, რომ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით სწორად დაეანგარიშებინა მოგების გადასახადი, მათ შორის, ჩასათვლელი მოგების გადასახადის თანხის მოცულობაც და დეკლარაციაში აესახა სწორად შესაბამისი მონაცემები.

ეგონა, რომ მოგების გადასახადის ჩათვლის გაანგარიშებისას მოგების დეკლარაციაში შეტანილი ციფრები მოგების დეკლარაციის შესაბამის ნაწილში ავტომატურად პროგრამულად დაიანგარიშებდა რა ოდენობის ჩათვლა ეკუთვნოდა 2017 წლამდე დაგროვილი წმინდა მოგების მიმდინარე პერიოდში განაწილებისას წინა პერიოდებში წარდგენილი დეკლარაციის მონაცემების გათვალისწინებიდან გამომდინარე და აღარ მისცემდა საშუალებას ფიზიკურად მოგების ყოველთვიური დეკლარაციით ზედმეტად ჩათვლის მიღების უფლების. რაც სამწუხაროდ ასე არ აღმოჩნდა. ბუღალტერი ანალოგიას აკეთებდა დღგ-ის დეკლარაციით ჩათვლის მიღების პროცედურასთან, კერძოდ, დღგ-ის დეკლარაციის მე5 დანართიდან ჩასათვლელი თანხა თუნდაც ერთი ლარის ზედმეტობით რომ ჩაწერილიყო ამავე დეკლარაციის მე-3 დანართში, სადაც აისახება ჩასათვლელი თანხების სრული ოდენობა, დეკლარაციის ფიზიკურად გადაგზავნა შეუძლებელია, რადგანაც მისი გაგზავნის მცდელობისას დგინდება ხარვეზი და პროგრამულად წითლდება დეკლარაციის მე-3 დანართის შესაბამისი ჩასათვლელი თანხის ამსახველი უჯრა. შესაბამისად, მისი გასწორების შემდგომ დეკლარაცია იგზავნება. ეგონა რომ მოგების დეკლარაციაც ანალოგიურად დააზღვევდა გაუთვითცნობიერებელი შეცდომისგან.

დამატებით აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში, 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო ვალდებულების სახით გადახდილი აქვს 478 139,97 ლარი. ყოველთვის ცდილობდა, რომ საგადასახადო ვალდებულებები სრულად და დროულად გადაეხადა, რიგ შემთხვევებში მეტობითაც იხდიდა, ოღონდაც ბიუჯეტის წინაშე პირნათელი ყოფილიყო. ამ ბიზნესიდან გამომდინარე რა დიდი ეკონომიკური შედეგი უნდა მოეტანა გათვითცნობიერებულად რომ შეემცირებინა მოგების გადასახადი 39 757 ლარის ოდენობით - იხ. დანართი: საგადახდო დავალება. ფაქტია, რომ არ იცოდა მოგების გადასახადში ჩათვლის განხორციელების წესი და შეუგნებლად დაუშვა შეცდომა.

ვინაიდან არ იცოდა საანგარიშო პერიოდებში დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლა სწორად როგორ განეხორციელებინა და დაუშვა შეცდომა, ამიტომ სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხებიდან გადაიხადა მოგების გადასახადის ძირითადი ვალდებულება 39 756, 36 ლარის ოდენობით. იხ. დანართი -„საგადახდო დავალება“. ამდენად, ცალსახაა, რომ გამოვლენილი საგადასახადო დარიცხვა გამოწვეულია კომპანიის ხელმძღვანელის არცოდნით და მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, ვინაიდან აღნიშნული ნორმა გადასახადის გადამხდელის სანქციისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იმის დასკვნის საფუძველს იძლევა, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ საწარმოს ქმედებას შეგნებულად ზიანი არ მიუყენებია სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, არასწორად ჩათვლილი მოგების გადასახადი გადახდილი აქვს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ კომპანია აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნებს და მოუხსნა დაკისრებული ჯარიმა და საურავი დაუტოვა გადასახდელად. შესაბამისად, საურავის ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53–ე, 96–ე მუხლების გათვალისწინებით. შემოსავლების სამსახურმა თავისი ბრძანებით დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს და ამის საფუძველზე გაანთავისუფლა დაკისრებული ჯარიმისგან. სამწუხაროდ, შემოსავლების სამსახურმა არ დაასაბუთა რატომ არ გაანთავისუფლა დაკისრებული საურავის ნაწილში.

ვინაიდან შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს, ამიტომაც საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ეკუთვნის სადავო საგადასახადო მოთხოვნით შეფარდებული საურავისგან განთავისუფლება.

მომჩივანი ითხოვს ნაწილობრივ გაუქმდეს/ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული საურავი.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადაუხდელობისთვის მომჩივანს შეეფარდა სანქცია საურავის სახით.

გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი გაათავისუფლა დაკისრებული ჯარიმისგან. მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული საურავისგან.

საბჭო განმარტავს, რომ საურავი არის სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის, რომელიც შინაარსით წარმოადგენს ბიუჯეტში გადასახადის დაგვიანებით გადახდის შედეგად წარმოშობილი ფინანსური დანაკლისის ანაზღაურებას, რაც მას განასხვავებს ფულადი ჯარიმის შინაარსისგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაკისრებული საურავისგან მომჩივნის გათავისუფლება, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

დაკისრებული საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული კამერალური საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ წინა წლებში მიღებული წმინდა მოგება სრულად იყო განაწილებული დივიდენდად და შესაბამისი ჩათვლის რესურსი ამოწურული იყო. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით წარდგენილ დეკლარაციებში კომპანიამ კვლავ გამოიყენა ჩასათვლელი თანხა და შეამცირა კუთვნილი მოგების გადასახადი, რაც საგადასახადო ორგანომ არასწორად მიიჩნია.

შედეგად, კომპანიას დაერიცხა დამატებითი მოგების გადასახადი და ჯარიმა. საჩივრის საფუძველზე ჯარიმა გაუქმდა, თუმცა ძირითადი საგადასახადო დავალიანება ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება შემდგომ გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 275; 269(7)