გადაწყვეტილება №92582/1/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.01.2025
№ დოკუმენტი 92582/1/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№92582/1/2024

27 იანვარი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 29.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №92582/1/2024).

 

დავის საგანი:

დავების განხილვის საბჭოს 26.07.2024 წლის №23098/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ოქტომბრის №002-191 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 205 263,48 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 106 858

მოგების გადასახადი - 3 701

საშემოსავლო გადასახადი - 103 157

ჯარიმა - 53 428

საურავი - 44 977,48

 

ფაქტების აღწერა/პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 4.09.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 4.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა 10.08.2023 წლის №19750 ბრძანება და №002-190 საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სავაჭრო, კვების და სხვა ობიექტებში გადახდილი თანხები, რომლის გამოყენება ეკონომიკურ საქმიანობაში არ დასტურდება. ასევე, ფიქსირდება ისეთი გადარიცხვები, რომელზეც გადამხდელს არ გააჩნია საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად შედგენილი დოკუმენტაცია. შემოწმების შედეგად, ზემოაღნიშნული გადახდები დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების მიხედვით, ირკვევა, რომ საწარმოს მიერ დაქირავებული ფიზიკური პირები 2021 წლის ბოლოდან რეგისტრირებულნი არიან მცირე მეწარმეებად. აღნიშნული პირების მიერ წარმოდგენილი მცირე მეწარმის დეკლარაციით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ზუსტად შეადგენს კომპანიისაგან მიღებულ თანხას. ე.ი. აღნიშნულ მცირე მეწარმეებს არ უფიქსირდებათ სხვა სახის შემოსავლები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საბანკო ამონაწერებში ამ პირებისთვის გადარიცხულ თანხებს დამატებით დანიშნულებაში ხშირ შემთხვევაში უწერია ხელფასი. შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ზემოხსენებულ პირებზე გადახდილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით და გადამხდელი დაჯარიმდა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25869 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 2024 წლის 9 თებერვლის №21213/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 2 მაისის №10936 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 26.07.2024 წლის №23098/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველი დავის საგნის ნაწილში, მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში დასახელებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-2 დავის საგნის ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- აუდიტის დეპარტამენტს ასევე დაევალა ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე4 პუნქტების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.10.2024 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წაუდგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც გათვალისწინებულია გადაანგარიშებისას. შედეგად აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას, კერძოდ, შემცირდა სულ 2 737 ლარი.

ზემოაღნიშნულზე გამოიცა 11.10.2024 წლის №002-191 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტის საკითხი №1-ით მიჩნეული 30,009 ლარის ოდენობის გადარიცხვებიდან 24,932 ლარი პირდაპირ მიეკუთვნება კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას. დარჩენილ 14,842 ლარზე გადარიცხვის დანიშნულებებით იკითხება, რომ გაწეული ხარჯები პირდაპირ მიეკუთვნება კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას (მაგ: ქვის ავანსი, ქვის საბოლოო გადახდა, ტოპოგრაფიული მომსახურება, აზომვითი და საკადასტრო მომსახურება, ქვიშა, ხის მასალა, პერფერატორის ქირავნობა, სანოტარო ხარჯი და ა.შ.).

არაერთი მცდელობის მიუხედავად მომწოდებლებისგან ვერ მოხერხდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიღება.

მომჩივანი ითხოვს აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებას და №2-ში (დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი) გადახდებიდან 14,842 ლარი გადარიცხვის დანიშნულებებიდან და თანხის მიმღები პირების საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე მიეკუთვნოს კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას (თუ სრულად არა, მისი 75% მაინც ზემოთხსენებული მეთოდური მითითების საფუძველზე).

2. ი/მ ---------- მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი 2022 წლის თებერვლიდან. ი/მ ---------- მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი 2021 წლის დეკემბრიდან, ი/მ ---------- მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი 2021 წლის აგვისტოდან. სამივე მათგანი შპს „----------“ ურთიერთობისას სრულად აკმაყოფილებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ, ისინი არ ახორციელებდნენ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით განსაზღვრულ აკრძალულ საქმიანობებს და შპს „----------“ მიღებული შემოსავალი არ განეკუთვნებოდა ამავე დადგენილებით განსაზღვრულ ისეთი შემოსავლის სახეებს, რომლებზეც არ ვრცელდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი. შპს „----------“ სამივე მეწარმე ფიზიკური პირი უწევდნენ შემდეგი ტიპის მომსახურებას: ბეტონის ჩასხმა, არმატურის დაწვნა, სახურავის აწყობა, გრუნტის მომზადება კედლების აშენება, ლესვა და ღებვა, იატაკის სამუშაოები, ჭერის და ფასადის სამუშაოები, სკვერების და სტადიონების მოწყობა და ა.შ. შესრულებულ სამუშაოებზე ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები (თვალსაჩინოებისთვის, დანართად ელექტრონული ფორმით საჩივარს თან ერთვის მეწარმე ფიზიკურ პირებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების ნაწილი. ფაილის დიდი ზომიდან გამომდინარე მიღება-ჩაბარებების სრული დოკუმენტაცია წარმოდგენილი იქნება დავის განხილვის დღეს), რის საფუძველზეც შპს „----------“ აღნიშნულ მეწარმე ფიზიკურ პირებთან ახდენდა ანგარიშსწორებას. როგორც „ფაქტობრივი გარემოების“ ნაწილშია აღნიშნული, ხსენებულ მეწარმე ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორება ხორციელდებოდა თვეში რამოდენიმეჯერ შესრულებული სამუშაოების მიხედვით. თვის ჭრილში შპს „----------“ მიღებული შემოსავლები იყო ცვალებადი და არც ერთ თვეში არ იყო იდენტური. ეს ცალსახად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული პირები შპს „----------“ უწევდნენ მომსახურებას და არანაირად მათ შორის ურთიერთობა არ იყო შრომითი. ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია შპს „----------“ აღნიშნული მეწარმე ფიზიკურ პირებზე ანგარიშსწორებებისთვის ხელფასის კვალიფიკაციის მინიჭება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ სამიდან ორი მეწარმე ფიზიკური პირისთვის (ი/მ ---------- და ი/მ ----------) შპს „----------“ ჩარიცხული თანხები არის მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო (კანონმდებლობა არ ზღუდავს ამას), ხოლო რამდენიმე შემთხვევაში გადარიცხვის დანიშნულებაში წერია ხელფასი (ეს იყო გადარიცხვის შემსრულებლის მიერ დაშვებული ტექნიკური შეცდომა). როგორც წესი, ხელფასი გადაიხდება თვეში ერთხელ თანაბარი თანხებით და დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არ ფორმდება შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები. ი/მ ---------- შპს „----------“ ანაზღაურება მიიღო 2021 წლის დეკემბერში, 2022 წლის იანვარ-აპრილში და სექტემბერ-დეკემბერში (2022 წლის მაისიაგვისტოში არ მიუღია ანაზღაურება) და 2023 წლის იანვარ-თებერვალში. ი/მ ---------- შპს „----------“ ანაზღაურება მიიღო 2022 წლის თებერვალ-ნოემბერში. 2022 წლის იანვარში და დეკემბერში და ასევე 2023 წელს არ მიუღია ანაზღაურება. ი/მ ---------- შპს „----------“ ანაზღაურება მიიღო 2021 წლის სექტემბერ-დეკემბერში, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში. 2022 წლის დეკემბერში და 2023 წელს არ მიუღია ანაზღაურება. ზემოთხსენებული გარემოებებითაც ცალსახად დასტურდება, რომ შპს „----------“ ხსენებული მეწარმე ფიზიკური პირებისგან იძენდა მომსახურებას და ეს არ იყო სახელფასო ანაზღაურება. უფრო მეტიც, შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე www.rs.ge განთავსებულია ე.წ. კითხვარი „დაქირავებით მუშაობა თუ მომსახურების გაწევა“. თავად ეს კითხვარიც შპს „----------“ და ზემოთხსენებული მეწარმე ფიზიკურ პირებს შორის ურთიერთობას ანიჭებს მომსახურების და არა დაქირავებით მუშაობის კვალიფიკაციას. ეს ხდება იმ შემთხვევაშიც, როცა ვიძლევით დადებით პასუხს კითხვაზე: „სამუშაოს შემსრულებელი ფიზიკური პირის საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალში სამუშაოს შემკვეთისგან ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს თუ არა ამ ფიზიკური პირის წლიური შემოსავლის 85 % ან მეტს?“, რაზეც აპელირებას აკეთებს აუდიტის დეპარტამენტი.

საკითხი 1-დან მოგების გადასახადში დარიცხული ძირითადი თანხიდან (5,296 ლარი) აუდიტის დეპარტამენტმა შეამცირა მხოლოდ 1824 ლარით ძირითადი თანხა და 913 ლარით ჯარიმა. ჩვენი მოთხოვნაა მოგების გადასახადის ძირითადი თანხა შემცირდეს 896 ლარამდე და დარიცხული სანქცია შემცირდეს შესაბამისად. სრულად გაუქმდეს საკითხი #3-ით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ძირითადი თანხა 103,157 ლარი და შესაბამისი სანქცია 51,579 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:

ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;

ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

1. დავების განხილვის საბჭოს 26.07.2024 წლის №23098/2/2024 გადაწყვეტილებით პირველი სადავო საკითხის ნაწილში (საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხული თანხების ნაწილის დოკუმენტურად დაუდასტურებელ, ხოლო ნაწილის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად ჩათვლა) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.10.2024 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წაუდგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც გათვალისწინებულია გადაანგარიშებისას. შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას, კერძოდ, შემცირდა სულ 2 737 ლარი.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ დარიცხული თანხიდან (5 296 ლარი) აუდიტის დეპარტამენტმა შეამცირა 1 824 ლარით (გადასახადი) და ჯარიმა 913 ლარით. ითხოვს, თანხა შემცირდეს 896 ლარამდე და შეფარდებული სანქცია შესაბამისად.

საბჭოში წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი უთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაზე (დანართი 10) „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ 26-ე მუხლზე, რომლის თანახმად: „იმ ხარჯების გათვალისწინებისთვის (აღიარებისთვის), რომელზეც პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია, აუდიტორის მიერ გამოიყენება „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითება და მისი პრინციპები (მიდგომები) და დამატებით განმარტავს, რომ ხარჯი რომელიც არ დასტურდება დოკუმენტურად, მაგრამ მისი გაწევის ნამდვილობა და ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი ეჭვგარეშეა, ჩაითვლება გაწეულად მისი 75 პროცენტის ოდენობით. დაჩენილი 25 პროცენტი კი დაიბეგრება კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, აღნიშნული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

2. საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებზე ანაზღაურებული მომსახურების ღირებულების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 412 000 ლარია ჯამურად მცირე მეწარმეებზე გადარიცხული. ამასთან, სხვა კომპანიიდან ან ფიზიკური პირებიდან მიღებული შემოსავლები მათ არ უფიქსირდებათ. თუ კი რაიმეა დეკლარირებული მცირე ბიზნესის ნაწილში, სრულად შპს „----------“ გადარიცხული შემოსავალია. ამასთან, მცირე მეწარმედ რეგისტრაციამდე პერიოდში აღნიშნული პირები შპს „----------“ იღებდნენ ხელფასს და მივლინებაშიც მიდიოდნენ ამ კომპანიის სახელით. მცირე მეწარმეობის ფარგლებში, ფიზიკური პირების მიერ დეკლარირებული შემოსავალი ედრება კომპანიიდან ჩარიცხულ თანხებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ გაწეული მომსახურებებისთვის გადახდილი თანხების ხელფასად დაკვალიფიცირება შემოწმებით განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა აღნიშნულ ნაწილში შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სადავო საკითხის (საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხული თანხების ნაწილის დოკუმენტურად დაუდასტურებელ, ხოლო ნაწილის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად ჩათვლა) შესწავლა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დავების განხილვის საბჭოს 26.07.2024 წლის №23098/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. დავების განხილვის საბჭოს 26.07.2024 წლის №23098/2/2024 გადაწყვეტილებით პირველი სადავო საკითხის ნაწილში (საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხული თანხების ნაწილის დოკუმენტურად დაუდასტურებელ, ხოლო ნაწილის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად ჩათვლა) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.10.2024 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წაუდგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც გათვალისწინებულია გადაანგარიშებისას. შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას, კერძოდ, შემცირდა სულ 2 737 ლარი. მომჩივანი აღნიშნავს, რომ დარიცხული თანხიდან (5 296 ლარი) აუდიტის დეპარტამენტმა შეამცირა 1 824 ლარით (გადასახადი) და ჯარიმა 913 ლარით. ითხოვს, თანხა შემცირდეს 896 ლარამდე და შეფარდებული სანქცია შესაბამისად.საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში 5 გაწეული ხარჯის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, აღნიშნული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

2. საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებზე ანაზღაურებული მომსახურების ღირებულების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 412 000 ლარია ჯამურად მცირე მეწარმეებზე გადარიცხული. ამასთან, სხვა კომპანიიდან ან ფიზიკური პირებიდან მიღებული შემოსავლები მათ არ უფიქსირდებათ. თუ კი რაიმეა დეკლარირებული მცირე ბიზნესის ნაწილში, სრულად მომჩივნიაგნ გადარიცხული შემოსავალია. ამასთან, მცირე მეწარმედ რეგისტრაციამდე პერიოდში აღნიშნული პირები მომჩივანისგან იღებდნენ ხელფასს და მივლინებაშიც მიდიოდნენ ამ კომპანიის სახელით. მცირე მეწარმეობის ფარგლებში, ფიზიკური პირების მიერ დეკლარირებული შემოსავალი ედრება კომპანიიდან ჩარიცხულ თანხებს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ გაწეული მომსახურებებისთვის გადახდილი თანხების ხელფასად დაკვალიფიცირება შემოწმებით განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა აღნიშნულ ნაწილში შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3 „ზ“); 101(1); 154(1„ა“); 275.