ბრძანება N 221

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.01.2026
№ დოკუმენტი 221
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 221

13 იანვარი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2025 წლის 17 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 დეკემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) №99439/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 ნოემბრის №041-74 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2008-2017 წლებში აკუმულირებული მოგების ჩათვლის გაუქმებას და განმარტავს, რომ 2008 წლიდან 2017 წლამდე მიღებული და დეკლარირებული დასაბეგრი მოგება სულ ჯამში არის 567 250 ლარი. ამასთან, საწარმოს 2006 და 2007 წლის ჯამურმა დეკლარირებულმა მოგება შეადგინა 388 940 ლარი, რომელიც დივიდენდის სახით განაწილებული არის 2012 წლიდან 2017 წლამდე. კერძოდ, ამ პერიოდში დარიცხული დივიდენდი ჯამში შეადგენს 149 339 ლარს. ასევე, წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2008 წლიდან 2018 წლამდე მიღებული მოგებიდან დივიდენდი განაწილებული, დეკლარირებული და ჩათვლილი აქვს 89 787 ლარის მოგების გადასახადი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი საჩივრით გადასახადის გადამხდელი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ოქტომბრის №21986 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 18 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 19 ნოემბრის №25438 ბრძანება და ამავე თარიღის №041-74 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 65 169 ლარი, მათ შორის გადასახადი 30 344 ლარი, ჯარიმა 15 172 ლარი და საურავი 19 653 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის თებერვლიდან სექტემბრის თვის ჩათვლით მოგების გადასახადის დეკლარაციაში ჩათვლილი აქვს 30 344,30 ლარი, როგორც 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან ჩათვლილი გადასახადი. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა მოგების გადასახადის ჩათვლის სისწორე და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის თებერვლის თვის ჩათვლით სრულად აქვს გამოყენებული 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებულ დივიდენდზე ჩასათვლელი მოგების გადასახადის ჩათვლის უფლება და შესაბამისად 2022 წლის თებერვლის თვეში ნაწილობრივ, ხოლო 2022 წლის მარტის თვიდან მიღებული მოგების გადასახადის ჩათვლა სრულად ექვემდებარება გაუქმებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის თებერვლის თვიდან გაცემული დივიდენდი არ წარმოადგენს 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებულ დივიდენდს.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე, 981 და 309-ე მუხლების გათვალისწინებით შემოწმების მიერ აღნიშნულ პერიოდში მიღებული მოგების გადასახადის ჩათვლა გაუქმდა. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო (გარდა ამ მუხლის 142-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.

ამავე მუხლის 93-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილიგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

ამავე მუხლის 43-ე ნაწილის თანახმად, წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, პირს 2022 წლის თებერვლიდან სექტემბრის თვის ჩათვლით მოგების გადასახადის დეკლარაციაში ჩათვლილი აქვს 30 344 ლარი, როგორც 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან ჩათვლილი გადასახადი, თუმცა შემოწმების მიერ დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის თებერვლის თვის ჩათვლით სრულად აქვს გამოყენებული 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებულ დივიდენდზე ჩასათვლელი მოგების გადასახადის ჩათვლის უფლება და შესაბამისად 2022 წლის თებერვლის თვეში ნაწილობრივ, ხოლო 2022 წლის მარტის თვიდან მიღებული მოგების გადასახადის ჩათვლა სრულად ექვემდებარება გაუქმებას.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის თებერვლის თვის ჩათვლით სრულად აქვს გამოყენებული 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებულ დივიდენდზე ჩასათვლელი მოგების გადასახადის ჩათვლის უფლება, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 2022 წლის თებერვლის თვეში ნაწილობრივ, ხოლო 2022 წლის მარტის თვიდან მიღებული მოგების გადასახადის ჩათვლის გაუქმების შედეგად მოგების გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებები შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2008-2017 წლებში აკუმულირებული მოგების ჩათვლის გაუქმებას. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის თებერვლიდან სექტემბრის თვის ჩათვლით მოგების გადასახადის დეკლარაციაში ჩათვლილი აქვს 30 344,30 ლარი, როგორც 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან ჩათვლილი გადასახადი. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის თებერვლის თვის ჩათვლით სრულად აქვს გამოყენებული 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებულ დივიდენდზე ჩასათვლელი მოგების გადასახადის ჩათვლის უფლება და შესაბამისად 2022 წლის თებერვლის თვეში ნაწილობრივ, ხოლო 2022 წლის მარტის თვიდან მიღებული მოგების გადასახადის ჩათვლა სრულად ექვემდებარება გაუქმებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის თებერვლის თვიდან გაცემული დივიდენდი არ წარმოადგენს 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებულ დივიდენდს. შემოწმების მიერ აღნიშნულ პერიოდში მიღებული მოგების გადასახადის ჩათვლა გაუქმდა. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;97;981