გადაწვეტილება №22868/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.07.2024
№ დოკუმენტი 22868/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 22868/2/2024

17 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------ 15.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22868/2/2024).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.02.2024 წლის №046-1 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6247 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 50 308,2 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 36 814

ჯარიმა - 9203

საურავი - 4291,2

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა საკანცელარიო ნივთებით და სასკოლო წიგნებით (რეალიზაციის ძირითადი ნაწილი გათავისუფლებული დღგ-სგან) ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 9.06.2021 წლის №18246 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორე (გამოვლენილი დანაკლისის თანხის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადისა ან/და მოგების/საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციებში ასახვა). შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 9.06.2021 წლის №18246 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 92 034 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც მომჩივანს, 17.06.2022 წლის №CB179713 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია, დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით (9 203 ლარი). შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნას გადამხდელის საშემოსავლო გადასახადის 2022 წლის დეკლარაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ გადამხდელს არ მოუხდენია ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის ერთობლივ შემოსავალში ასახვა, ხოლო აღნიშნული დანაკლისის თანხით შემცირებული აქვს 2021 წლის საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი (რაც დადასტურდა გადასახადის გადამხდელის განმარტებითაც).

აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის და 101-ე მუხლის საფუძველზე 92 034 ლარით გაიზარდა 2022 წლის ერთობლივი შემოსავალი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია, შემცირებული გადასახადის 50%-ის ოდენობით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.02.2024 წლის №046-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6247 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ეთანხმება, რომ 2021 წლის წლიურ დეკლარაციაში უნდა აეღო შემოსავალში ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი, მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე არ ჰყავს ბუღალტერი, თვითონ აწარმოებს ეგრეთ წოდებულ ბუღალტერიას და ვერ გათვალა ის ფაქტი, რომ ეს შემოსავალში იყო ასაღები. იმყოფებოდა დინამო სტადიონის ტერიტორიაზე მეპატრონე მოითხოვს ტერიტორიის დაცლას და ამის გამო წლებია გათიშული აქვს ელექტრო ენერგიაც ყოველდღიურად არის და იყო იმის საშიშროების ქვეშ, რომ დააცლევინებს მაღაზიას და მოუწევს ამდენი საქონლის სახლში წაღება.

საგრძნობლად არის გაუარესებული ვაჭრობა, უჭირს კლიენტის მოძიება, რომ შეძლოს ბანკის ვალის გადახდა და სახლში საჭმელი მიტანა, არის პენსიონერი, არ ჰყავს ბუღალტერი და ვერ ერკვევა საგადასახადო კანონმდებლობაში. ითხოვს გულისხმიერების გამოჩენას და ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებას. ავტომატურად დაერიცხა კვარტალური გადასახადი, რომელმაც საგრძნობლად გაზარდა გადასახდელი თანხის ოდენობა ასევე ყველაფერთან ერთად ზეგავლენა მოახდინა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციამ თითქმის წელიწადზე მეტია გადათხრილია და საერთოდ ვერ მოძრაობს ხალხი რამაც მომჩივნის შემოსავალი საერთოდ გაანადგურა დაკარგა ბევრი ერთგული მომხმარებელი.

მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან, რადგან სანქცია გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის არცოდნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული №2901 ბრძანება, №046–1 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის №6247 ბრძანება. დაევალოს აუდიტის

დეპარტამენტს სრულად შეისწავლოს კომპანიის დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები, რათა მოხდეს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

თანახმაა გადაიხადოს 2021 წლის წლიური დეკლარაციის მიხედვით თანხა 18 407 ლარი (36 814 ლარი არის ძირი სადაც დარიცხულია სავარაუდო გადასახადები (კვარტალური)).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება და საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისაგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა საკანცელარიო ნივთებით და სასკოლო წიგნებით (რეალიზაციის ძირითადი ნაწილი გათავისუფლებული დღგ-სგან) ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ გადამხდელს არ მოუხდენია ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის ერთობლივ შემოსავალში ასახვა, ხოლო აღნიშნული დანაკლისის თანხით შემცირებული აქვს 2021 წლის საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად გაიზარდა 2022 წლის ერთობლივი შემოსავალი.გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისაგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 275;272'269(7)