ბრძანება N 10772
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10772
15 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ------- (ს/ნ ---------------)
(მის.: ----------------------------)
2026 წლის 27 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) №102013/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 აპრილის №------ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ნაწილობრივ არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ, მისი გაანგარიშებით გადასახადი შეადგენს 4 016 ლარს. განმარტავს, რომ კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო ხარაჩოების გაყიდვა/გაქირავება/ინსპექტირება. აღნიშნულ კომპანიას არ გააჩნია უდოკუმენტო რეალიზაციები. განხორციელებულ რეალიზაციებზე იწერება სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურა. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმების პროცესში წარდგენილია განმარტებითი ბარათი. ასევე, წარდგენილია კომპანიის ანგარიშების ამონაწერი სრულად. ასევე აცხადებს, რომ რიგ შემთვევაში ადგილი აქვს ერთი და იმავე ოპერაციის ორმაგად დაბეგვრას, მათ შორის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დაუკავშირებლობის გამო (ზედნადები არ არის მიბმული ანგარიშფაქტურაზე).
გადასახადის გადამხდელი მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების, კონკრეტული თვეების მიხედვით, ნაწილობრივ შემცირებას, კერძოდ: 2023 ოქტომბერი-ჯამური ღირებულება 25 312 ლარის (დასაბეგრი ბრუნვა 2 451 ლარი, დღგ 3 861 ლარი); 2024 იანვარი-ჯამური ღირებულება 3 412.5 ლარის (დასაბეგრი ბრუნვა 2 892 ლარი, დღგ 520.6 ლარი); 2024 აპრილი- ჯამური ღირებულება 9 814 ლარის (დასაბეგრი ბრუნვა 8 317 ლარი, დღგ - 1 497 ლარი); 2024 აგვისტო- ჯამური ღირებულება 2 765 ლარის (დასაბეგრი ბრუნვა 2 343.20 ლარი, დღგ - 421.8); 2025 აგვისტო- ჯამური ღირებულება 4 424 ლარის (დასაბეგრი ბრუნვა 3 749.2 ლარი, დღგ - 674.85) შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 28 იანვრის №1240 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის ოქტომბრის, 2024 წლის იანვრის, აპრილის, აგვისტოს, 2025 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 6 აპრილის №7849 ბრძანება და ამავე თარიღის №----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 18 773 ლარი, მათ შორის გადასახადი 10 991 ლარი, ჯარიმა 5 277 ლარი და საურავი 2 505 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებულია 2021 წლის 21 ივნისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად (კვალიფიციური) რეგისტრირებულია 2023 წლის 17 თებერვალს. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროა სამშენებლო ხარაჩოების რეალიზაცია, გაქირავება, მონტაჟი.
შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში პირის შესახებ არსებული ინფორმაცია, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, კერძოდ საბანკო ამონაწერები და ახსნა-განმარტება, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ თვეებში უფიქსირდება გაწერილი უფაქტურო ზედნადებები და ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც არ არის ან ზოგ შემთხვევაში ნაწილობრივ არის დაბეგრილი (------), აგრეთვე 2024 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება გაწერილი ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და უფაქტურო ზედნადები, რომელთა შესაბამისი დასაბეგრი ბრუნვა დაბეგრილია სრულად ან ზოგ შემთხვევაში ნაწილობრივ შესაბამის პერიოდში, მაგრამ 2024 წლის აგვისტოს პერიოდის დეკლარაციაზე არ არის ატვირთული (ს/ზ ------). შემოწმების შედეგად, დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით გამოვლენილი სხვაობა დღგ-ით დაბეგვრის ნაწილში, შემოწმების მიერ ექვემდებარება დაბეგვრას შესაბამის საანგარიშო პერიოდებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 160-ე, 163-ე და 164- ე მუხლების გათვალისწინებით, გამოვლენილ სხვაობაზე პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილ არგუმენტებთან 2023 წლის ოქტომბრის, 2024 წლის იანვრის, აპრილის, აგვისტოსა და 2025 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების შემცირებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით:
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზით დადგინდა, რომ 2023 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდში გადამხდელს გაწერილი აქვს ----- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც არ აქვს შესაბამის პერიოდში დაბეგრილი. შემოწმების მიერ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურა დაიბეგრა 2023 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდში, თუმცა აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის ინფორმაცია, რომ ნოემბრის თვეში მოხდა ავანსის განაშთვა და გამნაშთავი ფაქტურა დაიბეგრა (მეორე მხარე შპს „-----“ (ს/ნ -----) უდასტურებს, რომ ავანსის და გამნაშთავი ფაქტურები ტექნიკურად არ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, თუმცა 2023 წლის ნოემბერში გამოწერილი ფაქტურები (----- და ------) ნამდვილად არის ავანსის განაშთვა, არ შეესაბამება რეალობას, რადგან შპს „------“ (ს/ნ -----) ჩათვლილი აქვს როგორც ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ასევე ხსენებული 2023 წლის ნოემბრის საგადასახადო ანგარიშფაქტურებიც (----- და -----).
2024 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში შპს „-----“ (ს/ნ -----) გამოწერილი უფაქტურო ზედნადებების №----- და №----- შესაბამისი დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემოწმების ეტაპზეც იქნა გადამხდელის მიერ ზეპირსიტყვიერად მიწოდებული ინფორმაცია, რომ ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები -----, ----- და აღნიშნული უფაქტურო ზედნადებები არის ერთი ოპერაციის ფარგლებში გამოწერილი დოკუმენტები, თუმცა ანგარიშ-ფაქტურა არ არის ზედნადებთან ტექნიკურად დაკავშირებული. შემოწმების ეტაპზე მოთხოვნილ იქნა ურთიერთშედარების წარმოდგენა შპს „------“ (ს/ნ ------), თუმცა გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია.
2024 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდზე, გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები -----; ------; ------- და ------ არ აქვს გადამხდელს დაბეგრილი, რასაც თავადაც ადასტურებს. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები შემოწმების მიერ იქნა დაბეგრილი. გადამხდელი ითხოვს შესაბამისი პერიოდის 2024 წლის აპრილის თვის დეკლარაციაში დაბეგრილი უდოკუმენტო მიწოდების თანხით დაკორექტირდეს შემოწმების მიერ დაბეგრილი ანგარიშფაქტურების შესაბამისი თანხა, რაც არასწორია. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ კომპანიას არ აქვს დოკუმენტის გარეშე რეალიზაცია არ შეესაბამება რეალობას, რადგან 2023-2025 წლებში, ჯამურად დეკლარირებული თანხა მნიშვნელოვნად აღემატება ამავე წლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და ფაქტურის გარეშე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების შესაბამისი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ჯამურ თანხას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საწარმოს აქვს დოკუმენტის გარეშე რეალიზაციებიც.
2024 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდში გადამხდელს გაწერილი აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: -----, ------, --------, -----, რომლებიც შესაბამის პერიოდში არ აქვს დაბეგრილი, აგრეთვე გამოწერილი აქვს ელექტრონილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: ------ და ------, რომლებიც ნაწილობრივ აქვს დაბეგრილი, ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა დაბეგრა მყიდველის მიერ ანაზღაურებული (საბანკო ანგარიშზე გადარიცხული) თანხის პროპორციულად. ხოლო, საჩივარში მითითებული საგადასახადო ანგარიშფაქტურის (-------) ღირებულება 2 765 ლარი, არის 2024 წლის ივლისის ფაქტურა, რაც შემოწმების მიერ არ დაბეგრილა. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტაციის პასუხად იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან 2024 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში, გაწერილი დოკუმენტების გარდა დაბეგრილი აქვს 2 765 ლარის ღირებულების მიწოდებაც, რაც თანხობრივად ემთხვევა 2024 წლის ივლისის თვეზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის ------- ღირებულებას-2765 ლარს, უნდა ჩაითვალოს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შეცდომით ორჯერ დაიბეგრა ივლისის ფაქტურა ----, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მოწოდებული ინფორმაციით აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან ივლისის ფაქტურა ------ ივლისშია დაბეგრილი და მიბმულია ივლისის დეკლარაციაზე, ხოლო გადასახადის გადამხდელის 2024 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდის დეკლარირებული ბრუნვის ნაწილი 2 765 ლარის ღირებულების შესაბამისი დღგ, წარმოადგენს უდოკუმენტო მიწოდებას.
2025 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2025 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს გაწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: -----, ------, ------, ------, რომლებიც არ აქვს დაბეგრილი, ხოლო სხვა უდოკუმენტო მიწოდების შესაბამისი დეკლარირებული ბრუნვით აღნიშნული დაუბეგრავი ფაქტურების, დასაბეგრი ჯამური ღირებულების შემცირება, იმ არგუმენტით, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს დოკუმენტის გარეშე მიწოდება, არ იქნება მართებული, ვინაიდან შემოწმების დროს გაკეთებული ანალიზით დადგინდა, რომ საწარმოს უფიქსირდება უდოკუმენტო მიწოდებები.
აგრეთვე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოწმების მიერ განხორციელდა დეკლარირებული ბრუნვების შედარება გაწერილ დოკუმენტებთან, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 2024 და 2025 წლებში, ჯამურად გაწერილი ანგარიშ-ფაქტურებითა და უფაქტურო ზედნადებებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 777 104 ლარს, ხოლო გადამხდელის მიერ ამავე წლებში დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 942 320,48 ლარს. შემოწმების ეტაპზე აგრეთვე დადგინდა, რომ გადამხდელი განხორციელებულ რეალიზაციებს ძირითადად ბეგრავს არა მიწოდების მომენტში, არამედ მყიდველის მიერ საფასურის ანაზღაურების თარიღში.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ნაწილობრივ არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროა სამშენებლო ხარაჩოების რეალიზაცია, გაქირავება, მონტაჟი. შეოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ თვეებში უფიქსირდება გაწერილი უფაქტურო ზედნადებები და ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც არ არის ან ზოგ შემთხვევაში ნაწილობრივ არის დაბეგრილი.
შემოწმების შედეგად, დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით გამოვლენილი სხვაობა დღგ-ით დაბეგვრის ნაწილში, შემოწმების მიერ ექვემდებარება დაბეგვრას შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. გამოვლენილ სხვაობაზე პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:158(1);159(1)164(1);