გადაწყვეტილება №22950/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22950/2/2024
18 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----ის“ 24.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22950/2/2024).
დავის საგანი:
დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ნოემბრის №006-568 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 თებერვლის №3490 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 32 048 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 20 113
ჯარიმა - 10 057
საურავი - 1 878
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ოქტომბრის №26652 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 9 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის დეკლარაციებში არ აქვს ასახული გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, კერძოდ: ეა---------, ეა--------, ეა-------- და ეა---------. შემოწმებით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ნოემბრის №28209 ბრძანება და №006-568 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 32 048 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 22 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 20 თებერვლის №3490 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 168- ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში არ აქვს ასახული გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები. შემოწმებით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და მომჩივანს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ოქტომბრის №26652 ბრძანების საფუძველზე შპს „-------ის“ საგადასახადო შემოწმება ჩატარებულია ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის თებერვლის, მარტის, აპრილისა და მაისის თვეების საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 იანვრის №921 და 2023 წლის 10 თებერვლის №2492 ბრძანებებით შემოწმებულია 2021 წლის 23 მარტიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. ამასთან, მომჩივანს არც დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გამოიწვევდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხულ თანხებს და აღნიშნავს, რომ საწარმოს მიერ გამოწერილი ყველა ანგარიშ-ფაქტურა დაბეგრილია. ამასთან, შემოწმებით დაბეგრილი ანგარიშ-ფაქტურები მოიცავს შემოწმებულ პერიოდს, ხოლო შემოწმებულ პერიოდზე ხელახალი შემოწმება არის დაუშვებელი.
გადასახადის გადამხდელი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 თებერვლის №3490 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის დეკლარაციებში არ აქვს ასახული გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შემოწმებით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა-საურავი.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმებით დაბეგრილი ანგარიშ-ფაქტურები მოიცავს შემოწმებულ პერიოდს, ხოლო შემოწმებულ პერიოდზე ხელახალი შემოწმება არის დაუშვებელი.
მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ წინა საგადასახადო შემოწმების შესამოწმებელი პერიოდი 2023 წლის 10 თებერვლის ბრძანებით განისაზღვრა 2021 წლის 23 მარტიდან 2023 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2023 წლის 30 ოქტომბრის №26652 ბრძანებით დაინიშნა ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის თებერვლის, მარტის, აპრილის და მაისის თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №26652 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის დეკლარაციებში არ აქვს ასახული გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შემოწმებით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №28209 ბრძანება და №006-568 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 32 048 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №3490 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 168(1);