გადაწყვეტილება №26398/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.02.2026
№ დოკუმენტი 26398/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№26398/2/2025

23 თებერვალი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 27.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26398/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20768 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.10.2025 წლის №002-146 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 17.12.2025 წლის №27728 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 118 352,75 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 92 714,75

საშემოსავლო გადასახადი - 51 275,5

ქონების გადასახადი - 41 439,25

ჯარიმა - 25 638

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2024 წლიდან 1.04.2025 წლამდე, ხოლო დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის მიზნებისთვის 2022, 2023, 2024 წლების საანგარიშო პერიოდები. შემოწმების აქტიდან დგინდება, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის (ორისი) ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს ქონების გადასახადის დეკლარაციაში ქონების საშუალო წლიური ღირებულება აღებული აქვს თვითღირებულებით. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ შეფასებულ იქნა აღნიშნული ქონება, წარმოდგენილია დასკვნა, სადაც ქონების ჯამური ღირებულება შეადგენს 2 651 331 ლარს, ხოლო გადამხდელს საშუალო წლიური ღირებულება აღებული აქვს 2023-2024 წელს 819 380 ლარი, ხოლო 2022 წელს 456 364,51 ლარი.

ბუღალტრული პროგრამაში 1480 ანგარიშზე უცხოურ მომწოდებელზე საწყის ნაშთად ასახულია ავანსად გადახდილი თანხა 205 102 ლარი, გადამხდელის წარმომადგენლის განმარტებით, ეს თანხა გადახდილია 2021 წელს ავანსად და ჯერ საქონელი მიღებული არაა, არც ფიქსირდება თანხის დაბრუნება. შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანების №11 დანართის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ მომწოდებლისთვის გადახდილი ავანსი, რომლის შესაბამისი საქონლის/მომსახურების მიღების ფაქტიც არ არის დადასტურებული საგადასახადო შემოწმების დანიშვნის მომენტისთვის, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების და საშემოსავლო გადასახადები და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის №№002-96 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20768 ბრძანებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ 2022-2023 წლებში ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე;

- განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის (ქონების შეფასების) დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20768 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 20.10.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს ქონების გადასახადი შეუმცირდა 8 028 ლარით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 22.10.2025 წლის №002-146 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.12.2025 წლის №27728 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსვლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის №002-96 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში კი შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების პროცესში მოხდა საწარმოს უძრავი ქონებების (კომერციული ფართები და მიწისქვეშა ავტოსადგომები) საბაზრო ფასით შეფასება და ბუღალტრულ ბაზაში თვითღირებულებით აღრიცხულ ქონების საბალანსო ღირებულებასა და შეფასებულ საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის თანხაზე კომპანიას დაერიცხა 2022, 2023 და 2024 წლების ქონების გადასახადი.

როგორც საშემფასებლო დასკვნიდან ირკვევა, ქონების შეფასების დასკვნა მომზადებულია 12.06.2025 წელს, ხოლო უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულება კი შეფასებულია 31.12.2024 წლის მდგომარეობით. გარდა ამისა, როგორც დასკვნიდან ირკვევა, უძრავი ქონების ფასები მოიცავს მიწის ნაკვეთის ღირებულებას. შესაბამისად, ჩვენი აზრით, არარელევანტურია 2022, 2023 წლების ქონების გადასახადის დარიცხვა 31.12.2024 წლის მდგომარეობით განსაზღვრულ აქტივების საბაზრო ღირებულებაზე, ვინაიდან აღნიშნულ წლებში (2022-2024 წწ.) ფიქსირდებოდა უძრავი ქონებების ფასების ზრდის ტენდენცია, ამასვე მოწმობს უძრავი ქონების შეფასების დასკვნა (იხ. ფრაგმენტი საშემფასებლო დასკვნიდან) სადაც შემფასებელი აღნიშნავს, რომ 31.12.2024 წლიდან 2025 წლის ივნისამდე (დასკვნის მომზადების მომენტი) უძრავ ქონებებზე სამომხმარებლო ფასების ზრდამ შეადგინა 2.51 %, შესაბამისად, გამოდის, რომ 6 თვიან პერიოდში ქონებების ფასები გაზრდილია 2.51%-ით და ამ პირობებში მითუმეტეს არასწორია 2022 და 2023 წლების ქონების გადასახადის დარიცხვა 31.12.2024 წლის მდგომარეობით არსებულ საბაზრო ღირებულებაზე, ვინაიდან აღნიშნული მონაკვეთი მოიცავს 2 წელს. დაუშვებელია საბაზრო ფასის გამოყენება წინა წლების ქონების გადასახადით დასაბეგრ საბაზრო ქონებასთან მიმართებით, ვინაიდან კანონმდებელი გადასახადის გადამხდელს ავალდებულებს საბაზრო ფასი გამოიყენოს მომდევნო 3 წლის განმავლობაში.

კომპანია წარსულში წარმოადგენდა დეველოპერულ საწარმოს, შესაბამისად იგი ახორციელებდა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას შემდგომი რეალიზაციის მიზნით, შესაბამისად კომპანიისთვის მიწისქვეშა ავტოსადგომების ნაწილი წარმოადგენს სარეალიზაციოდ განკუთვნილ აქტივებს და არა ძირითად საშუალებებს, ვინაიდან კომპანია ახდენდა მობინადრეებზე როგორც საცხოვრებელი ფართების ასევე მიწისქვეშა პარკინგების მიწოდებას.

შესაბამისად, პარკინგების ნაწილი გაქირავებულია კომერციული ფართებით მოსარგებლე კომპანიაზე, ხოლო ნაწილი არ გამოიყენება იჯარით გაცემის მიზნით და კომპანიისთვის წარმოადგენს საქონელს, რომელიც კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვაში აღრიცხულია როგორც სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი. შემმოწმებლებმა მოახდინეს კომპანიის მიერ 4.11.2020 წლის უნაღდო (საბანკო გადარიცხვა) ანგარიშსწორების გზით არარეზიდენტი კომპანიისთვის საქონლის სანაცვლოდ გადახდილი ავანსის თანხების 2025 წლის მარტის თვეში საშემოსავლო გადასახადით, როგორც დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაბეგვრა. თანხა გადახდილია ბანკის საშუალებით და თანაც საგადასახადო შემოწმებით მოუცველ პერიოდში (2020 წელი) რომელზეც სსკ-ის მე-4 მუხლის მიხედვით ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა. ამასთანავე, აუდიტორების მიერ მოყვანილი მეთოდური მითითების მაგალითის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილია არარეზიდენტისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით არა საბანკო გადარიცხვის მეშვეობით გადახდილი ავანსის თანხები. ვინაიდან ეჭვქვეშ ვერ დადგება ავანსის გადახდის ფაქტი, ვინაიდან თანხა გადახდილია ბანკის მეშვეობით, აღნიშნული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება არღვევს 73-ე მუხლით განსაზღვრულ პრინციპებს, ვინაიდან აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის მიხედვით, გადასახადებით დაბეგვრისას უპირატესობა ენიჭება ოპერაციის შინაარსს. გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას, ამასთან, კომპანიას დაფუძნების დღიდან არ უფიქსირდება არცერთი სამართალდარღვევის ოქმი. მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს სანქციებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20768 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ 2022-2023 წლებში ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის (ქონების შეფასების) დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20768 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 20.10.2025 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც განსაზღვრულია ქონების საბაზრო ღირებულება 2022-2023 წლებში. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20768 ბრძანება. ამასთან, დავის წარმოების ეტაპზე არ აქვს წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20768 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მომჩივანი ასევე ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20768 ბრძანების აღსრულების შედეგები - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20768 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №20768 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც განსაზღვრულია ქონების საბაზრო ღირებულება 2022-2023 წლებში. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის №20768 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 1,გ.