გადაწყვეტილება №27403/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27403/2/2026
18 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --- ის 22.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27403/2/2026).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.04.2026 წლის №CB1893649 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი
2. შემოსავლების სამსახურის 4.05.2026 წლის №9689 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 5 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
2.04.2026 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, (მისამართზე: ---) გადამოწმდა ავტომანქანა (სახ. ---), რა დროსაც დადგინდა, რომ მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 1 500 ლარის ღირებულების „შერეული საქონლის“ ტრანსპორტირება ხდებოდა სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც მომჩივანს, 2.04.2026 წლის №CB1893649 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.05.2026 წლის №9689 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 286-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და განმარტავს, რომ ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს (განმეორებით), შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
2.04.2026 წელს --- ბაზრობაზე მისი მცირე სამეწარმეო საქმიანობისათვის შეიძინა სხვადასხვა შერეული საქონელი, რომლის რეალიზაციასაც ახდენს კარდაკარ ტარებით, სოფელ-სოფელ კვირაში ორი ან სამი დღე. ---ს ზოგი გამყიდველი ზედნადებს არ აძლევს, ზოგი ატყუებს გამოწერასთან დაკავშირებით და არ უგზავნის. როდესაც მოხდა გადამოწმება, აღმოჩნდა, რომ ზედნადების გარეშე ახდენდა ტრანსპორტირებას. იმ მომენტში ძალიან დაიბნა და ვერ აუხსნა, რომ არსებული საქონელში ოჯახისთვის შეძენილი საქონელიც ჰქონდა. აღნიშნული ჯარიმა მისი მცირე ბიზნესისთვის ძალიან დიდი თანხაა. სულ სამეწარმეო საქმიანობისთვის ბრუნვა 5 000 ლარია, რითაც ოჯახს ძლივს არჩენს. არის პენსიონერი, ჰყავს ავადმყოფი მეუღლე. შეძენილი საქონელიც ათას ლარამდე იყო სულ. ითხოვს ჯარიმის შემსუბუქებას, რადგან მის გადასახდელად დასჭირდება წლები, მოუწევს სამეწარმეო საქმიანობის შეჩერება და არსებობისთვის სხვა საქმის დაწყება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში. საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.06.2026 წლის №49363-21- 12 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ 2.04.2026 წელს გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა (სახ. №---), რა დროსაც დადგინდა, რომ მომჩივანი ახდენდა საკუთარი სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (1 500 ლარის ღირებულების საქონელი) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულის საფუძველზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1893649 და სამართალდამრღვევს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
მომჩივანის გაცხადებით, 2.04.2026 წელს ---ს ბაზრობაზე მისი მცირე სამეწარმეო საქმიანობისათვის შეიძინა სხვადასხვა შერეული საქონელი, რომლის რეალიზაციასაც ახდენს კარდაკარ ტარებით, სოფელ-სოფელ კვირაში ორი ან სამი დღე. ---ს ზოგი გამყიდველი ზედნადებს არ აძლევს, ზოგი ატყუებს გამოწერასთან დაკავშირებით და არ უგზავნის. როდესაც მოხდა გადამოწმება, აღმოჩნდა, რომ ზედნადების გარეშე ახდენდა ტრანსპორტირებას. იმ მომენტში ძალიან დაიბნა და ვერ აუხსნა, რომ არსებული საქონელში ოჯახისთვის შეძენილი საქონელიც ჰქონდა. ითხოვს ჯარიმის შემსუბუქებას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.04.2026 წლის №CB1893649 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მართებულად. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 4.05.2026 წლის №9689 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გადამოწმდა ავტომანქანა, რა დროსაც დადგინდა, რომ მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 1 500 ლარის ღირებულების „შერეული საქონლის“ ტრანსპორტირება ხდებოდა სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც მომჩივანს, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (2).