ბრძანება N 20654
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20654
22 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------”-ის (ს/ნ-----------------)
(მის.:-----------------------------------)
2025 წლის 5 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №77) განიხილა შპს „--------”-ის (ს/ნ-----------------) 2025 წლის 5 სექტემბრის №------/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 აგვისტოს №085-21 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი აღიარებს შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და მზად არის გადაიხადოს გადასახადი და საურავი. ჯარიმასთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ არ შეეფარდა სამართლიანად და ითხოვს მის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივლისის №14967 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------”-ის (ს/ნ-----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2024 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 29 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 6 აგვისტოს №17670 ბრძანება და ამავე თარიღის №085-21 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 6 722 ლარი, მათ შორის, გადასახადი 4 058 ლარი, ჯარიმა 2 129 ლარი, საურავი 535 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „------“ რეგისტრირებულია 2024 წლის 12 თებერვალს. დღგ-ის გადამხდელად კი 2024 წლის 24 აპრილს. შემოწმება ჩატარებულია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა კომპიუტერებითა და ელექტრონული ტექნიკით. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, 2024 წლის ოქტომბერში, რეალიზებული აქვს შპს „-------“-ზე 140 ცალი ელექტრონული აპარატურის სენსორული ეკრანი, ჯამური თანხით 26 600 ლარის ოდენობით დღგ-ის ჩათვლით, მათ შორის დღგ-ის თანხაა 4 058 ლარი, სასაქონლო ზედნადები №------ (ა/ფ "---- N------"). მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მათ შორის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები 2024 წლის ოქტომბრის თვეში არ უფიქსირდება. გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ 18%-იანი განაკვეთით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 22 542 ლარს. შპს „-----“-ის მიერ 2024 წლის 15 ოქტომბერს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა "ეა------", რომელიც დღემდე არ არის ასახული (მიბმული) დღგ-ის დეკლარაციის დანართში „დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები“.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 156-ე, 158-ე, 159-ე, 160-ე, 161-ე, 174-ე, 175-ე და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლების შესაბამისად, 2024 წლის ოქტომბერში პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291- ე მუხლების მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის მიხედვით, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის ადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, არასრულად ჰქონდა ასახული დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში დასაბეგრი ბრუნვა და განმარტავს, რომ შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე ჯარიმის შეფარდება განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------”-ის (ს/ნ-----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №14967 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2024 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №17670 ბრძანება და №085-21 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 6 722 ლარი, მათ შორის, გადასახადი 4 058 ლარი, ჯარიმა 2 129 ლარი, საურავი 535 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმება ჩატარებულია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, 2024 წლის ოქტომბერში, რეალიზებული აქვს საქონელი ჯამური თანხით 26 600 ლარის ოდენობით დღგ-ის ჩათვლით, მათ შორის დღგ-ის თანხაა 4 058 ლარი. მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მათ შორის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები 2024 წლის ოქტომბრის თვეში არ უფიქსირდება. გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ 18%-იანი განაკვეთით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 22 542 ლარს. მომჩივანის მიერ 2024 წლის 15 ოქტომბერს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა რომელიც დღემდე არ არის ასახული (მიბმული) დღგ-ის დეკლარაციის დანართში „დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები“.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 156-ე, 158-ე, 159-ე, 160-ე, 161-ე, 174-ე, 175-ე და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლების შესაბამისად, 2024 წლის ოქტომბერში პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291- ე მუხლების მიხედვით.
გადაწყვეტილება
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(1. 7); 291;