გადაწყვეტილება №21488/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21488/2/2023
05 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „----------“ 4.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (№21488/2/2023).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.09.2023 წლის №CB1507407 სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27862 ბრძანება.
შეფარდებული სანქცია:
ჯარიმა - 5 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა
შემოსვლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.09.2023 წლის №CB1507407 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმიდან ირკვევა, რომ „----------“ (პ.ნ. ----------) ახორციელებდა „----------“ (ს/ნ ----------) სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 3 075 ლარის ღირებულების, 4,1 მ3 (1 მ3 – 600 ლარი) დახერხილი ხის მასალის ტრანსპორტირებას ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 1² ნაწილის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.
აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.11.2023 წლის №27862 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შესაბამისი სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამდენად, მომჩივანს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ 8.07.2023 წელს მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით ---------- ახდენდა საკუთარი სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის - წიფლის ფიცრის ტრანსპორტირებას და შესაბამისად ატვირთული ჰქონდა ხე-ტის სასაქონლო ზედნადებები №---------- რა დროსაც გააჩერეს და გადაიყვანეს საჯარიმოზე, ხოლო მისი საქმე შესწავლის მიზნით გადასცეს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს.
22.09.2023 წელს ჩაბარდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1507407 რომლის თანახმადაც სსკ-ს 286-ე მუხლის 12 ნაწილით გადასახდელად დაერიცხა 5000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა. აღნიშნულს არ ეთანხმება შემდეგი გარემოებების გამო: მის მიერ არ დარღვეულა სსკ-ს 286-ე მუხლი, ვინაიდან ატვირთული ჰქონდა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ხე-ტყით ვაჭრობა, ყიდულობს ადგილობრივ ბაზარზე ფიცარს ან მორს, შემდგომ ამუშავებს და გააქვს ექსპორტზე. შეძენილი და რეალიზებული აქვს 600 კუბზე მეტი ფიცარი და არ ახდენდა იდენტიფიცირებას სიმშრალის მიხედვით. როდესაც ზედნადების ატვირთვა უნდა ურეკავს ბუღალტერს და ეუბნება მხოლოდ რაოდენობას და არა იმას, სველია თუ მშრალია და 2 მეტრიანი თუ სამმეტრიანი ფიცარი, რადგან ზედნადების შევსების წესი ამას არ მოითხოვს. აქედან გამომდინარე თუ სველი ფიცარი იყო, ახალი დახერხილი და მას მშრალი, ძველი დახერხილი ფიცრის საბუთი ჰქონდა მითითებული სხვა დროს პირიქით ექნებოდა ატვირთული ანუ ახალი დახერხილი ფიცრის საბუთი ექნებოდა ატვირთული და ფაქტიურად ძველ დახერხილს გადაიტანდა. აქედან გამომდინარე არ მიიჩნევს სამართლიანად მის დაჯარიმებას.
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27862 ბრძანება და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.09.2023 წელს შედგენილი №CB1507407 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და დამიბრუნოთ ჩამორთმეული საქონელი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას - მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს), სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სანქცია გამოიყენება, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული ან არასწორად არის მითითებული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რომელმაც არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე), მრგვალი ხეტყის (მორის) ან ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
2. სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის:
ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება;
ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 252 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამის პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება მრგვალი ხე-ტყის (მორი), საშეშე მერქნის, ხე-მცენარის ან/და მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ: ხე-მცენარის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ან/და დადგენილი წესით გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის №---------- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ 8.07.2023 წელს ატვირთულ ხე-ტყის ზედნადებში მომჩივანს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტად ატვირთული ჰქონდა 2021 წელს სახერხი საამქროდან ელექტრონულად მინიჭებული საქონლის გატანის ნომრები. მომჩივნის საქმიანობის ადგილზე 2022-2023 წლების განმავლობაში ორჯერ განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, გადასახადის გადამხდელის ფაქტიური ნაშთის აღწერის მომენტში არცერთი ინვენტარიზაციის დროს არ დაფიქსირებულა მსგავსი მონაცემების (სიგრძე, სიგანე, სისქე) საქონელი, რაც გათვალისწინებული იქნა სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ 8.07.2023 წელს ატვირთულ ხე-ტყის ზედნადებში მომჩივანს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტად ატვირთული ჰქონდა 2021 წელს სახერხი საამქროდან ელექტრონულად მინიჭებული საქონლის გატანის ნომრები. მომჩივნის საქმიანობის ადგილზე 2022-2023 წლების განმავლობაში ორჯერ განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, გადასახადის გადამხდელის ფაქტიური ნაშთის აღწერის მომენტში არცერთი ინვენტარიზაციის დროს არ დაფიქსირებულა მსგავსი მონაცემების (სიგრძე, სიგანე, სისქე) საქონელი, რაც გათვალისწინებული იქნა სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(12);